მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს
თამთა კაკაურიძე 06 მარტი 2014 18:29:35
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიმართავს.
"გურია ნიუსი" მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, საქართველოში შექმნილია არაერთგვაროვანი პოლიტიკური სიტუაცია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველმა კოალიციამ უმეტესწილად ვერ გაამართლა ამომრჩეველთა მოლოდინები და აქამდე ვერ მოახერხა წინა ხელისუფლების მიერ დანატოვარი პოლიტიკური და სისტემური კრიზისის დაძლევა. ასევე ვერ ან არ მოხერხდა წინასაარჩევნოდ უხვად გაცემული დაპირებების შესრულება – სამართლიანობის აღდგენის, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის კუთხით. ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც უწინდებური უტიფრობით და აგრესიით აგრძელებს ქმედებას არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციის და ძალაუფლების დაბრუნებისათვის. სამწუხაროდ, სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩარევას და მათზე გავლენის მოხდენას, რაც ერთის მხრივ სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, ხოლო მეორეს მხრივ ვერც მათ მოახერხეს, ამომრჩეველთა თვალში გამარგინალებული პოლიტიკური ძალების იმიჯის რეაბილიტირება. საზოგადოებაში აშკარაა ახალი პოლიტიკური ერთობის გამოჩენის მოლოდინი და ამ ერთობის რიგებში ახალი სახეების გამოჩენა, რომელთაც ძველი "პოლიტიკური ცოდვებით" დამძიმებული ბიოგრაფია არ აქვთ. მომავალი თვითმმართველობის არჩევნები თავისი სირთულის, პოლიტიკური დაძაბულობის და ინტერესთა კონფლიქტის გამო უპრეცედენტო იქნება საქართველოს ისტორიაში. ქართულმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოახერხოს თვითორგანიზება და თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ერთობა, რომლის წევრებსაც ექნებათ ერთნაირი ხედვა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ, ასევე ექნებათ ერთიანი, ჩამოყალიბებული იდეოლოგიური და პროგრამული ფასეულობები, მხოლოდ მაშინ შესაძლებელი იქნება არსებული პოლიტიკური სიტუაცია თვისობრივად შეიცვალოს და ქვეყნის მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა თავისი არჩევანი გააკეთოს არა კონკრეტული პიროვნებების მხარდასაჭერად ან წინააღმდეგ, არამედ ჩამოყალიბებული პოლიტიკურ ხედვის და პასუხიმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალებს შორის.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" წარმოგიდგენთ იმ პრინციპების და ამოცანების ძირითად ნაწილს, რომელთაც ჩვენ სამოქალაქო თანხმობის საფუძვლად ვთვლით და რომელთა გარშემოც გაერთიანებასაც ვთავაზობთ თანამოაზრეებს:
1. საქართველო არის ერთიანი და სეკულარული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციური შეთანხმებით განმტკიცებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და, იმავდროულად გარანტირებულია სხვა ტრადიციული აღმსარებლობების თავისუფლება.
2. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საკუთარი ეროვნების, აღმსარებლობითი, კულტურული და ფსიქოლოგიურ-ღირებულებრივი ორიენტაციის საჯაროდ განსაზღვრა ადამიანის კონსტიტუციურად დაცული უფლებაა.
3. საქართველოს მთელი ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს.
4. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენით
5. საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის მხოლოდ აფხაზი ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი კი არის დიასპორა, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს – ინტეგრაცია ძალდატანებითი ასიმილაციის გარეშე.
6. საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დემოკრატიული დასავლეთის სისტემაში ინტეგრირებაზე, საქართველოს ინტერესების სრული დაცვით.
7. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და შეიმუშაოს სპეციალური დოქტრინა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის; უნდა მოახდინოს საბანკო სისტემის გონივრული რეგულაცია, ბიუჯეტში აკუმილირებული თანხების სამართლიანი განაწილება და მოსახლეობის გამდიდრების სტიმულირება.
8. უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო, ხოლო განათლების ბიუჯეტი მუდმივად მზარდი.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართვას გამოეხმაურება ყველა ის საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჯგუფი თუ პიროვნება, რომლებიც აღჭურვილნი არიან ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ჯეროვანი შეგნებით და რომელთა აქტიურობაც შესაძლებელს გახდის ისეთი პოლიტიკური ერთობის შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში და მოახერხებს, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისთვის და გამოვთქვამთ მზადმყოფნას ვაწარმოოთ დიალოგი, ნებისმიერ საკითხზე, დაინტერესებულ მხარეებთან", _ აღნიშნულია მიმართვაში.
http://www.gurianews.com/2013-08-23-05-57-...
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...