
თბილისი. თემქა. 1993 წლის 15 მარტი. 11 წლის დავით ხასიას გაკვეთილები უცდება და სათამაშოდ ახლომდებარე სკვერში მიდის... მას მერე ის აღარავის უნახავს.
დედ-მამა დაკარგულ შვილს 14 წელი უშედეგოდ ეძებდა. პოლიციაც ჩართეს, თუმცა საქმე მალევე დაიხურა და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილად გამოცხადდა. შვილის დაკარგვის დღეს გიული ვერულაშვილს გული ცუდს უგრძნობდა, ისევე, როგორც მთელი 14 წლის მანძილზე სჯეროდა, რომ დათო ცოცხალი იყო. იმედი ჰქონდა, რომ ბავშვი მშობლებს თვითონ დაუბრუნდებოდა...
თუმცა ერთმა დღემ ყველაფერი შეცვალა. დედამ შვილი თანამშრომლის მიერ მიცემულ ჟურნალში იპოვა. ამბობს, რომ პირდაპირ იმ გვერდზე გადაშალა, სადაც მისი შვილი ბერ პაისთან ერთად ფოტოზეა გამოსახული...
გიული ვერულაშვილი: "მაშინვე ვიცანი, როგორ შეიძლება, არ მეცნო, ის ხომ ჩემი შვილია. ეჭვი ერთი წამითაც არ შემპარვია... ფოტო გიორგი ანდრიაძეს ვაჩვენე, მან მითხრა, რომ ეს ძველი ფოტო იყო, ასე 92-93 წლების, იმ პერიოდის, როცა დათო დავკარგე. ამ დღიდან მოსვენება არ მაქვს, ყველა უწყება შევძარი, პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრიარქო. გავარკვიე, რომ ფოტო ათონის წმინდა მთაზეა გადაღებული. ჩემი ნათესავი იყო იქ ჩასული და გაიგო, რომ ამ წლებში ბერებს ობოლი ბავშვი შეუფარებიათ, ჩემი შვილი... მაგრამ ბერძნებმა არ გვითხრეს, რომ ბავშვი ქართველი იყო... იცით, ამ ფოტოზე ზუსტად ის პერანგი აცვია, რომელიც დაკარგვის დღეს ეცვა".
გიული ვერულაშვილმა საპატრიარქოსაც მიმართა, თუმცა, როგორც ამბობს, არ დაუჯერეს... შემდეგ საქმის ხელახლა აღძვრა მოითხოვა... ფოტოების ურთიერთშედარებით დაიდო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ფოტოიდენტურობას ადასტურებს. სამართალდამცავებს დავით ხასიას კვალზე გასასვლელად თითქმის ორი წელი დასჭირდათ. თუმცა ძებნა უშედეგო არ ყოფილა.
დღეს უკვე ცნობილია, რომ დავით ხასია აშშ-ში, არიზონას შტატში, ორთოდოქსულ ეკლესიაში, ბერძენი ბერი სტეფანისის სახელით მსახურობს. კიდევ ერთი დეტალი: როგორც გიული ვერულაშვილი ამბობს, ფოტოს შესწავლის დროს მასზე აღბეჭდილი ბავშვის სახეზე სილურჯეები დაფიქსირდა, შვილდაკარგული დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი მოიტაცეს და ეს სილურჯეებიც ძალადობის კვალია. ფოტო კი, რომელმაც ხასიების ოჯახის მომავალი შეცვალა, შესაძლოა, ბავშვის დაკარგვიდან ახლო პერიოდში იყოს გადაღებული. გიული ვერულაშვილს აქ შვილი ცოტა შემცბარიც ეჩვენება.
"ახლა მთავარია, რომ მე უკვე ვიცი, სად არის ჩემი შვილი. ინტერპოლმა იპოვა არიზონას შტატში. ის ახლა ბერი სტეფანისია. ექსპერტიზის დასკვნაც და ყველა საჭირო დოკუმენტი გადაცემულია ამერიკაში. იმისთვის, რომ დადასტურდეს, დეენემის ანალიზია საჭირო, მაგრამ ამისთვის მასთან უნდა მივიდე, ამას კი ვერ მივაღწიე. ამერიკის საელჩოსთვისაც მინდოდა მიმემართა... ცოტა დაწყნარდეს ქვეყანა და მერე პარლამენტის საგარეო კომიტეტშიც მივალ".
როგორც ჩვენთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, საქმეში ჩართულია ამერიკის მხარე და გამოძიება ამ დროისთვის პასუხს ელოდება.
თენგიზ ხარებავა, ზედამხედველი პროკურორი: "პასუხს ველოდებით, გამოძიებას სჭირდება საერთაშორისო დახმარება და გვეხმარება სხვა სახელმწიფო. საქმე წინასწარ ძიებაშია და სხვას ვერაფერს გეტყვით".
პასუხს უკვე რამდენიმე თვეა, ელოდება ქალბატონი გიულიც, თუმცა ამბობს, რომ იმდენი წელი ელოდა, მაგარამ ახლა, ამ ახალი დეტალების გამოჩენის გამო, ეს მოლოდინი უფრო იმედიანია. ერთადერთი, რისიც ძალიან ეშინია, ის არის, რომ შესაძლოა, მისმა შვილმა მშობლების ნახვა არ მოინდომოს, რადგან ის უკვე ბერია.
გიული ვერულაშვილი: "არ მინდა, დავიჯერო, რომ არ ვახსოვართ, ეს შეუძლებელია. აქამდე რომ არ გამომეხმაურა, ვფიქრობ, რომ ნაწყენია, შეიძლება ჰგონია, რომ არ ვეძებდი... მან ხომ არ იცის, რომ მე ერთი წამითაც არ შემიწყვეტია მისი ძებნა. ვიცი, რომ არ დამიბრუნდება, ის უკვე სხვა სამყაროშია, მაგრამ მინდა იცოდეს, რომ დედას ის ყოველდღე ახსოვდა და ყოველდღე ეძებდა... ჩემი შვილი მინდა ვნახო კიდევ ერთხელ და თუნდაც უკანასკნელად"...
http://primetimenews.ge/?page=17&news_id=27283&c=1