სიგუას დროინდელი კანონია

შეტანილია ცვლილება
მინისტრთა კაბინეტის
08/05/94 N 520
დადგენილებით
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტი
დადგენილება N 107
1992 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის
(უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლაპატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.
2. პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა.
ისტორიისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახლებში არსებული ბინის საკუთრებაში გადაცემა დაიშვება ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების თანხმობით. მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში.
ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმებული იყოს სანოტარო წესით.
ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემათ ყველა დამქირავებლის თანხმობით.
3. პრივატიზაციას არ ექვემდებარება:
__ სამსახურებრივი დანიშნულების ბინა;
__ ბინა საერთო საცხოვრებელში.
4. საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).
5. საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
მოქალაქენი, რომელთაც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციებს, საწარმოო- დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზე ირიცხება საცხოვრებელი (ბინა).
6. ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.
7. საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქისათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
8. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებაში გადაცემისას მოქალაქემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ბაჟი განისაზღვრება საცხოვრებელი სახლის (ბინის) ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახადის ორი წლის ოდენობით 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
9. სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან თავისუფლდებიან 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის, 1991-1992 წლების პერიოდში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულ პირთა ოჯახები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ამ ომში დაღუპულ პირთა ოჯახის წევრები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები.
10. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება, ითვლება ბინის მესაკუთრედ, რის შესახებაც იდება ხელშეკრულება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიესა და გამგეობას შორის, რაც დასტურდება სანოტარო წესით და გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი 50 მანეთის ოდენობით. ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ამ დადგენილების მე-9 პუნქტში აღნიშნული პირები.
11. საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული დავა განიხილება სასამართლო წესით.
12. საცხოვრებელი სახლის (ბინის) ექსპლუატაცია ხდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
13. შეძენილი ბინის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება ხორციელდება მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის ანალოგიურად.
14. საცხოვრებელი სახლის (სექციის, ბინის) ტექნიკურ მომსახურებას ეწევიან ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციები მოქალაქეებთან დადებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე.
15. ბინის მესაკუთრენი დაკავებული ფართობის შესაბამისად მონაწილეობენ მთელი სახლის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან, მათ შორის კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებულ საერთო ხარჯებში.
16. სახლების გათბობის, ელექტროენერგიით, გაზით, წყალმომარაგებითა და კანალიზაციით უზრუნველყოფის ხარჯებს ანაზღაურებენ ბინის მესაკუთრენი სახელმწიფო საბინაო ფონდისათვის დაწესებული ტარიფების მიხედვით.
17. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელ სახლში ბინის მესაკუთრენი სარგებლობენ საქართველოს რესპუბლიკაში საცხოვრებელი სადგომების სარგებლობის, საცხოვრებელი სახლისა და სახლისპირა ტერიტორიის მოვლაპატრონობის წესების მიხედვით.
18. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სამინისტროს ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებანი პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის წესის შესახებ. 19. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1990 წლის 25 იანვრის N 35 დადგენილება "მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სახლებისა და ბინების პირად საკუთრებაში მიყიდვის და მათი მოვლა-შენახვისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურების შესახებ".
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ . სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე