პოლიტიკა
"არა მგონია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიაღწიოთ" (ექსკლუზივი)
"არა მგონია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიაღწიოთ" (ექსკლუზივი)
10-03-2014
ამონარიდი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან:
- როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს უკრაინის მოვლენები საქართველოზე? სულ რამდენიმე თვეში ჩვენც მოგვიწევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. რა საფრთხეს უნდა ველოდოთ რუსეთისაგან?
იუჯინ კოგანი:
- მე ვფიქრობ, ყირიმის ეპიზოდი საქართველოსთვის საგანგაშო უნდა იყოს. შეიძლება პარალელების გავლება ყირიმის მოვლენებსა და 2008 წლის ომს შორის, იმ სამწუხარო განსხვავებით, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში რუსები კიდევ უფრო დაოსტატდნენ მინიმალური დანაკარგით მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ის, რაც ახლა ყირიმში ხდება, რუსეთის სიგნალია საქართველოსა და მოლდავეთისათვის - თუ უკრაინის გზას დაადგებით და ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის იდეას თავიდან არ ამოიგდებთ, თქვენც იგივე მოგელით. ასე რომ, გაფრთხილდით და კარგად დაფიქრდით, რის მიღწევას ლამობთ. ასჯერ გაზომეთ, მზად ხართ თუ არა, ბოლომდე გაუძლოთ და ის შედეგებიც იტვირთოთ, რაც რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისკენ სწრაფვას მოჰყვება. მე ხაზგასმით ვამბობ; სწრაფვას და არა - ხელმოწერას, რადგან არა მგონია, ამ შემთხვევაში ხელის მოწერამდე მიაღწიოთ. ჩემი მოსაზრებების გასამყარებლად იმ საფრენ აპარატებს შეგახსენებთ, რომელთაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს გადაუფრინეს. ეს მხოლოდ დასაწყისია... იმედია, ნერვები არ გიმტყუნებთ და რუსეთის პროვოკაციებს არ აჰყვებით, თუმცა გამომგონებლობის უნარი არც რუსებს აკლიათ...
- მოლდავეთის შემთხვევაში, რუსეთის პოტენციური მანევრი თითქოს აშკარაა - ისინი შეეცდებიან, ყირიმის სცენარი დნესტრისპირეთშიც გაითამაშონ, მაგრამ საქართველოში აღარ დაგვრჩა რეგიონი, სადაც რუსეთის მოქალაქეების "აგრესიისგან დაცვა" შეიძლება გახდეს საჭირო...
- თუ ფიქრობთ, რომ კრემლში დასხდებიან და გასამართლებელ საბუთებს დაუწყებენ ძებნას, ძალიან ცდებით. კრემლისთვის უფრო ბუნებრივი იქნება, ჯერ საქართველო დაიპყროს, ოფიციალურ საბაბსა და "ჯასტიფიკაციას" (აგრესიის გამართლებას) კი მერეც მოევლება. საქართველოს ანექსიის შემდეგ მათ საკმაო დრო ექნებათ "კაზუს ბელის" (ფორმალური საბაბი) მოსაფიქრებლად.
- აპოკალიფსურ სურათს ხომ არ ხატავთ, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ სწორედ ანექსიას უნდა ველოდოთ?..
- ნუ გეწყინებათ, მე მხოლოდ ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ, რომ უკეთ გაფრთხილდეთ. პირველ რიგში იმიტომ უნდა ელოდოთ, რომ პუტინს სურს, დაეუფლოს რეგიონში ყველა სატრანზიტო პუნქტს, საიდანაც ევროპასა და თურქეთს ნავთობი და გაზი მიეწოდება.
ამ ბერკეტების ხელში ჩაგდებით რუსეთი უპირობო კონტროლს მოიპოვებს შავ ზღვაზეც, რადგან ერთადერთ ღირსეულ კონკურენტთან, თურქეთთან, გაუჩნდება საერთო საზღვარიც და მასზე ზემოქმედების მძლავრი ეკონომიკური ბერკეტიც - ეს, რომ არაფერი ვთქვათ იმ უზარმაზარ ფინანსურ მოგებაზე, რასაც ის ამ სატრანზიტო პუნქტებზე ნიხრის დაწესებით ნახავს. თუ, მაგალითად, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, 5-პროცენტიან ნიხრს ითხოვს, უკონტროლოდ დარჩენილ კრემლს შეეძლება, ეს ნიხრი 45 პროცენტამდე ან უფრო მეტადაც გაზარდოს, აზერბაიჯანს კი, საიდანაც გაზი საქართველოზე გადის, მოუწევს, ან სომხებს შეურიგდეს, რაც ძნელი წარმოსადგენია, ან - კრემლის ღორმუცელობას. მეორე მიზეზი, რატომაც ანექსიას უნდა ელოდოთ, გახლავთ ის, რომ პუტინისთვის ცხადი გახდა - მას შეუძლია ეს გააკეთოს და პასუხს ვერავინ მოსთხოვს. დასავლეთის ქვეყნები, რომელთაც ის "დედიკოს ბიჭებად" თვლის, მასზე არიან დამოკიდებულნი, ობამას ამერიკას კი, უბრალოდ, არ სურს ახალი ცივი ომის წამოწყება. და მესამე: სამხრეთ კავკასიის დაპატრონება მას შეუქმნის საუკეთესო ბუფერულ ზონას ზემოთ ხსენებულ თურქეთთან და მსოფლიო პოლიტიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან - ირანთან.
- რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ, რომ ეს თქვენი ვარაუდი არ გამართლდეს, თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერთ, შეიძლება რუსეთმა ჩვენი ანექსია, უბრალოდ, გადადოს?
- კარგი იქნებოდა, ასე იოლად რომ იყოს საქმე. თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერთ, მაშინ ევრაზიულ კავშირში გაწევრება მოგიწევთ, რის შედეგადაც ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც რუსეთზე დამოკიდებული გახდებით და თქვენთვის ეგზომ ღირებული დამოუკიდებლობა ფასადად იქცევა. თუმცა, თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა, ასეთი წინადადება შემოგთავაზონ - შეუერთდეთ ევრაზიულ კავშირს თქვენი პირობებით. მაგრამ ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია.
- თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე, უკრაინის მსგავსად, დახმარებას გარედან არც ჩვენ უნდა ველოდოთ...
- თუ დასავლეთი უკრაინის ფიასკოს შეეგუა, საქართველოსაც ჩაყლაპავს. რა თქმა უნდა, იქნება აღშფოთება, გამკაცრდება დიპლომატიური ენა, შესაძლოა, ჰუმანიტარული დახმარებაც მიიღოთ, მაგრამ სერიოზულს ნურაფერს ელით.
- როგორ ფიქრობთ, თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც თქვენ აღწერთ, რა ელის საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას?
- ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ მათ ნაწილს, ალბათ, საკუთარ ადგილებზე დატოვებენ, უბრალოდ, ამ პოზიციებს სახელებს შეუცვლიან. მაგალითად, ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტად ისევ გიორგი მარგველაშვილს დატოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი ფუნქცია და პოლიტიკური წონა არ ექნება, რუსეთს შეეძლება, მისკენ სიამაყით გაიშვიროს თითი და თქვას, აი, ჩვენ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არ შეგვიცვლიაო.
- პრორუსული ორიენტაციის ექსპერტები ხშირად განიხილავენ შემდეგ სცენარს: რუსეთი აფხაზეთსა და ოსეთთან ერთად ფედერალური ერთეულის შექმნას გვთავაზობს, ჩვენ კი რუსეთის კალთაში ვბრუნდებით... რას ფიქრობთ ამაზე?
- ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ თუ რუსეთს შესაძლებლობა ექნება, დივიდე ეტ იმპერას პოლიტიკას არ გადაუხვევს და რეგიონს რამდენადაც შეძლებს, იმდენად დაქსაქსავს. თუ მაინც მოუწია ასეთი მსხვერპლის გაღებამ, ყველა ზომას მიიღებს, რომ აფხაზეთის, ოსეთისა და საქართველოს ტრიუმვირატში გადაწყვეტილებები უმრავლესობის მიხედვით იქნას მიღებული, ეს კი თავადაც ხვდებით, რასაც ნიშნავს...
- ასეთი რიტორიკის გამო ბევრმა, შესაძლოა, რუსეთის აგენტად მიგიჩნიოთ...
- რატომ, სიმართლეს რომ გეუბნებით და რეალურ სურათს გიხატავთ? ნუთუ ისინი, ვინც შეშფოთებას გამოხატავენ და გეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყუილია, უფრო დიდ სიკეთეს გიკეთებენ? რუსეთის აგენტი, ჩემი აზრით, თავად პუტინსა და მის ამბიციებს უფრო ნათელ ფერებში დაგიხატავდათ, გეტყოდათ, რომ ძია ვოვას დიდებული, მძლავრი იმპერიის აღდგენა სურს და კარგი იქნება, თუ თქვენც ძმურად დაეხმარებით და უკეთესად იცხოვრებთ...
- რაც უნდა იყოს, ისტორია გვასწავლის, რომ საბოლოოდ ყველა იმპერია იშლება და დამონებული ტომები თუ სახელმწიფოები ნანატრ თავისუფლებას მოიპოვებენ... თანაც, ერთია, ააშენო იმპერია და მეორე - შეინარჩუნო იგი. ალექსანდრე მაკედონელმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, მაგრამ მისი გვამი გაცივებულიც არ იყო, რომ მისი იმპერია დაიშალა. იგივე ბედი ხომ არ ელის პუტინსაც?
- შესაძლებელია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენს ადგილზე იმის იმედი არ მექნებოდა, რომ ეს მალე მოხდება. ჩემი აზრით, რუსეთის დასუსტება-ჩამოშლაზე ლაპარაკი მინიმუმ ოცი წელიწადი მაინც წყლის ნაყვაა. რაც შეეხება პუტინს, პუტინი ახლა საკუთარი ძალაუფლების ზენიტშია და ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს, ღირსეული მემკვიდრე იპოვოს...
http://www.kvirispalitra.ge/politic/20922-...eqskluzivi.htmlსხვა გზა გვაქ რო?