ზურაბ ქარუმიძე – “სოსო ჯაჭვლიანი უზრდელია, ტექსტიდან ნაგლეჯის ამოღება და ამაზე ბოდვა დაუშვებელია”
"ალბათ, არ მოეწონათ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება ბრიტანეთში საქართველოს ელჩად, თორემ ეს წიგნი 3 წლის წინ გამოვიდა და ახლა ნახეს რა ეწერა იქ?!"
"ჯაჭვლიანმა საერთოდ არ იცის, რომ ეს რიტუალი არსებობდა და არც ის, ამაზე ივანე ჯავახიშვილი თუ წერდა"
"ჩემ წინააღმდეგ კამპანია გაგრძელდება"
მწერალ ზურაბ ქარუმიძეს, რომლის კანდიდატურაც ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე განიხილება, რამდენიმე დღის წინ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის რისხვა დაატყდა თავს. ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ ქარუმიძის ნაწარმოები "მელია ტულეფია" სვანებს და ამ კუთხის ტრადიციებს შეურაცხყოფას აყენებს: "ქარუმიძეს ყოველ მეორე სიტყვაზე "ფალოსი" აკერია პირზე, ეტყობა, თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს შეიძლება, რამეზე ვეკამათო?!" – განაცხადა ჯაჭვლიანმა.
ამ თემაზე კომენტარი ზურაბ ქარუმიძეს ვთხოვეთ:
- ჯაჭვლიანის განცხადებაზე ძალიან მარტივი კომენტარის გაკეთება შემიძლია - ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის უზრდელი და ამავე დროს, არ აქვს წაკითხული ის წიგნი, რაზეც კომენტარს აკეთებს. მას რომ წაკითხული ჰქონდეს "მელია ტულეფია", ნახავდა, რომ ეს წიგნი გაჯერებულია სვანეთისა და სვანების სიყვარულით. სოსო ჯაჭვლიანი ვერ მასწავლის, როგორც მწერალს, როგორ გავხსნა პერსონაჟის ფსიქოლოგია და როგორ ვაჩვენო მისი სამყარო. აბსოლუტურად იდენტური რიტუალი აქვს აღწერილი ივანე ჯავახიშვილს და ეს სწორედ მისგან ავიღე. ვფიქრობ, ჯაჭვლიანმა საერთოდ არ იცის, რომ ეს რიტუალი არსებობდა და არც ის, ამაზე ივანე ჯავახიშვილი თუ წერდა.
- ჯაჭვლიანმა აცხადებს, რომ თუკი ვინმე ბრიტანეთში საქართველოს ელჩად თქვენს კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ყველას ფალოსად მოიხსენიებს…
- ჯაჭვლიანის პრობლემა კანონმდებლობის ცუდ ცოდნაშიცაა, რადგან ელჩების კანდიდატურა პარლამენტს განსახილველად აღარ წარედგინება. მას საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას. მთავრობა განიხილავს პრემიერთან ერთად და შემდეგ უგზავნის პრეზიდენტს ხელმოსაწერად. რაც შეეხება იმას, თუ ვის უწოდებს სოსო ჯაჭვლიანი ფალოსს, ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა სანამ ვინმეს რამეს დაარქმევს, აჯობებს საქმეს კარგად გაეცნოს. როდესაც რაღაცაში არ ხარ გარკვეული და მაინც ლაპარაკობ, ძალიან საზიანოა. ეს არაადეკვატური ქმედებაა…
- როგორ ფიქრობთ, რატომ წამოიწია ამ თემამ წინა პლანზე?
- ალბათ, არ მოეწონათ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება ბრიტანეთში საქართველოს ელჩად, თორემ ეს წიგნი 3 წლის წინ გამოვიდა და ახლა ნახეს რა ეწერა იქ?! "საბას" ფინალშიც გავიდა და საერთოდ, ამ წიგნზე ძალიან ბევრი კრიტიკა და რეცენზია დაიწერა მანამ, სანამ წიგნად გამოიცემოდა. როგორც ჩანს, ჩემს წარსულში სხვა ვერაფერი ნახეს და ამ თემით მანიპულირება გადაწყვიტეს. ტექსტიდან რაღაც ნაგლეჯის ამოღება და ამაზე სისულელეების აწყობა და ბოდვა, დაუშვებელია.
- გიორგი ხასაიას პერფორმანსი რამდენად მისაღები იყო თქვენთვის (ხელოვანი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეიპარა და სანამ დეპუტატები "გონს მოეგებოდნენ" ამ რომანიდან სკაბრეზული, უცენზური სიტყვებით გაჯერებული ციტატა წაიკითხა).
- მე ხელოვანი კაცი ვარ და პერფორმანსებისადმი კარგი დამოკიდებულება მაქვს, მით უმეტეს, თუ ჩემი ტექსტია წარმოდგენილი და თანაც ჩემს მხარდასაჭერად. გიორგი ხასაიას ამ გადაწყვეტილებაზე ცუდ ვერაფერს ვერ ვიტყვი…
- რაც გააკეთა, თქვენთვის მისაღები იყო?
- როგორ მწერლისთვის - კი!
- და როგორც ელჩობის კანდიდატისთვის?
- არა!
- როგორ ფიქრობთ, თქვენს წინააღმდეგ ისევ გაგრძელდება ეს კამპანია?
- დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება. აი, მოვა ორშაბათი და ნახავთ…
http://www.kvirispalitra.ge/politic/21111-...ushvebelia.html