2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ცვლილების პროექტი.
ამ კანონპროექტის მომზადებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობს. კანონპროექტის სხვადასხვა ვერსიები რამდენჯერმე გადაეგზავნა საკომენტაროდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს, გამოითქვა რამოდენიმე ათეული შენიშვნა, ბევრი მათგანი გათვალისწინებულიც იქნა. კერძოდ, კანონპროექტით ფართოვდება მომხმარებლის უფლებები და საჩივრის წარდგენის შესაძლებლობები, უფრო გამჭვირვალე ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა.
მაგრამ რაც მთავარია, კანონის ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს სურსათის მეტი უვნებლობა! არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბოლოს განხილული კანონპროექტის ვერსიით კანონში შედიოდა არსებითი ცვილება, რომელიც სურსათის უვნებლობას საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა _ კერძოდ, მკაცრდებოდა და ფართოვდებოდა სურსათის უვნებლობის კონტროლი. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლს მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც, რომელიც რიგ სფეროებში საქართველოს ბაზრის ძირითადი მომმარაგებელია (მაგალითად "იმერული" ყველი და "სოფლის" მაწონი მთლიანად კუსტარულად იწარმოება, ისევე როგორც კრემიანი ნამცხვრების დიდი ნაწილი). როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში ეს მიდგომა შეცვლილია და კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე!
ეს გადავადება იმას ნიშნავს, რომ 2020 წლამდე კუსტარულ მეწარმეებს ელემენტარული ჰიგიენისა და სანიტარული მოთხოვნების დაცვასაც კი არავინ მოსხოვს: ანუ იმას, რომ სათავსოს ჰქონდეს ხელსაბანი, რეგულარულად ირეცხებოდეს ჭურჭელი, გამოიყენებოდეს საღი ნედლეული, სურსათი დაცული იყოს მღრღნელებისგან და მწერებისგან და ა.შ. და ეს ეხება ისეთი გავრცელებული პროდუქტების წარმოებას, როგორიცაა მაგალითად "იმერული" ყველი! ეს ნიშნავს, რომ 2020 წლამდე მომხმარებლები ისეთივე დაუცველები ვრჩებით, როგორც აქამდე! იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველის მომხმარებლები მოიწამლებიან ან დაავადდებიან, ყველის მწარმოებლის მიერ ელემენტარული ჰიგიენის მოთხოვნების დაცვასაც კი არავინ შეამოწმებს!
მიგვაჩნია, რომ კანონის ასეთი ცვლილება საქართველოში სურსათის უვნებლობის არსებით გაუმჯობესებას არ მოიტანს.
დანარჩენი ლინკზე
http://momxmarebeli.ge/?menu=304&rec=4909