ასმათ ტყაბლაძე: "იმიტომ მინდა მომცეს ხმა ამორმჩეველმა, რომ ქალბატონი ვარ"
"უდაოდ მეკუთვნის მერობა"
"ნარმანიასთან შედარებით, ცოტა უპირატესობა მაინც მაქვს"
"სად აქვთ შალვასნაირ პატიოსან ადამიანებს ფული..."
"ლეიბორისტულმა პარტიამ" მერობის კანდიდატურაზე მსახიობი ასმათ ტყაბლაძე წარმოადგინა. თუ რა სიახლეებს ჰპირდება ის თბილისს და რა უპირატესობას ფლობს ის დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით, ამაზე მშრომელთა პარტიის კანდიდატი თავად საუბრობს.
ასმათ ტყაბლაძე:
- პირველ რიგში, იმიტომ მინდა მომცეს ხმა ჩემმა ამორმჩეველმა, რომ ქალბატონი ვარ და თბილისი არის საქართველოს დედა – ქალაქი. დიახ, დედა – ქალაქი... დედით, ქალით იწყება ეს ქალაქი. გარდა ამისა, თბილისის ისტორიაში პირველი ქალი ვარ, რომელიც მერობაზე წარადგინეს. აწი, ვინც არ უნდა წარადგინონ, მეორე იქნება, მე პირველი ვარ. გარდა ამისა, მე ძალიან ბევრი რამ მაქვს ჩემი ქალაქისთვის გაკეთებული და უდაოდ მეკუთვნის მერობა.
- კონკრეტულად?..
- მუდმივად ვეხმარებოდი ქალაქში მცხოვრებ გაჭირვებულ მოსახლეობას და ამას ჯერ კიდევ, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან მოყოლებული ვაკეთებდი. საზოგადოებას ახსოვს ეს და მე მათი მხარდაჭერა მაქვს... ასევე, ძალიან ბევრი მიბრძოლია ჩემი მეგობრების უფლებების დაცვისთვის...
- ქალაქში არსებულ პრობლემებზეც გკითხავთ, - მერად არჩევის შემთხვევაში, რომლის მოგვარებით დაიწყებდით?
- ძალზე მნიშვნელოვანია ქალაქში ცენტრალური გათბობის არსებობა. თბილისის მოსახლეობა ერთმანეთს "ცეოთი" წამლავს, რადგან დღეს მთელი ქალაქი ბუნებრივი აირით თბება. არადა, XX საუკუნის 50-60-იან წლებში ქალაქს, სრულიად ჯანსაღი ე.წ. "ტეცების" ცენტრალური გათბობა ჰქონდა და ახლა რატომ არ შეიძლება, რაიმე ალტერნატივა მოვიფიქროთ?.. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული ავტომანქანების გადატვირთული მოძრაობა. ამას აუცილებლად შევამცირებ... ლონდონში, ოქსფორდ-სტრიტზე კერძო მანქანები ვერ გაივლიან, ჩვენც ხომ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და რატომ არ შეიძლება რომელიმე კარგი ქალაქის პრაქტიკა გავიზიაროთ?.. ტრამვაი და მეტრო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და მათზე გავაკეთებ აქცენტს.
- არჩევნები ბრძოლაა, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება. მზად ხართ არის ამისთვის?
- პოლიტიკური გამოცდილების გარდა, ფულიც უნდა, მე კი ისეთი პარტიას წარმოვადგენ, რომელსაც ფული არ აქვს. სად აქვთ შალვასნაირ პატიოსან ადამიანებს ფული... მაგრამ ვნახოთ, - ჩემი მეგობრების იმედი მაქვს, მე ყოველთვის დავხმარებივარ მათ და ვიცი, რომ არც ისინი დამრჩებიან ვალში. ვეცდები, ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩავატარო... რაც შეეხება პოლიტიკურ გამოცდილებას, 2001 წელს, ვაკის დეპუტატობაზე კენჭს ვიყრიდი, სადაც ჩემი მეტოქე მიხეილ სააკაშვილი იყო. სააკაშვილმა რომ მაჯობა, ეგ გასაკვირი არ არის, მან ყველას ყველაფერში აჯობა, მაგრამ გამოცდილება მივიღე...
- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავთ, დავით ნარმანია, ნიკოლოზ მელია...
- არა, რატომ გგონიათ, რომ ძლიერები არიან, არიან რა, ბევრი არაფერი. ჩემი თავი უფრო ძლიერი მგონია, რადგან უფრო კარგად მიცნობს ქართველი საზოგადოება და მათი სიყვარულით ვსარგებლობ. და კიდევ იმიტომ, რომ ქალი ვარ...
- ზოგმა ნარმანია მისი არათბილისელობის გამო გააკრიტიკა...
- დიახ, მაგრამ ეგ სისულელეა. აქ დაუმთავრებია სკოლა, ბავშვობიდან აქ ცხოვრობდა თურმე და ალბათ იცის თბილისი. ისე, მერობის კანდიდატმა, თბილისის ყველა ქუჩა და უბანი უნდა იცოდეს. ადრე როგორი იყო თბილისი ის უნდა იცოდეს და არც ის უნდა შეეშალოს, აწი რა როგორ აჯობებს დედაქალაქისთვის. მე დიდი ხნის წინანდელი, სულ სხვანაირი თბილისი მახსოვს. რუსთაველზე რომ გაივლიდი და ლამაზი კაცები რომ თვალს გაგაყოლებდნენ და კომპლიმენტს გესროდნენ, ასეთი თბილისი მახსოვს... ამ ყველაფრის გამო, ნარმანიასთან შედარებით, ცოტა უპირატესობა მაინც მაქვს. თან მასაც და მელიასაც მშვენიერი თანამდებობები უჭირავთ და რა უნდათ მეტი?.. იყონ იმ პოსტებზე და აკეთონ თავიანთი საქმე.
http://www.kvirispalitra.ge/politic/21201-...atoni-varq.html