მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ციხეები მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ თემად.
ამჯერად თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომელთა ნაწილიც ფატალური შედეგითაც დასრულდა. ეს ისტორიები "პრაიმტაიმის" მკითხველს კარგად მოეხსენება.
მოდით, ერთად ვნახოთ, რას წერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოველწლიურ ანგარიშში სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მიმართებაში? რა დარღვევები გამოავლინა ომბუდსმენმა და რამდენი საქმე გადაეცა პროკურატურას გამოსაძიებლად? სანამ კონკრეტულ ფაქტებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელეს 45 გეგმიური და 313 არაგეგმიური მონიტორინგი. ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია და პატიმართა წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემურ ხასიათს აღარ ატარებს, თუმცა მის მიერვე მოყვანილი ფაქტები, მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემა კვლავ სერიოზულია. მაგალითები არცთუ ისე ცოტაა:
1. 2013 წლის 24 დეკემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ გეგმიურ მონიტორინგს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში. საკარანტინო რეჟიმის შემოწმების დროს პრევენციული ჯგუფის ყურადღება მიიპყრო რამდენიმე ადამიანის ხმამაღალმა შეძახილმა. შექმნილ ვითარებაში გარკვევის მიზნით, ჯგუფის წევრები ავიდნენ საკარანტინო განყოფილების მეორე სართულზე, სადაც დაინახეს, რომ #8 დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი გარს იყო შემოხვეული პატიმარს და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვიზუალური დათვალიერებით, პატიმარ ო.გ-ს სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. პატიმარი აცხადებს, რომ მას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ციხის თანამშრომლებთან შელაპარაკების მიზეზი გახდა, ხოლო შელაპარაკება მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა, საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, მსჯავრდადებულის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მთავარი პროკურატურიდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2. 2013 წლის 10 დეკემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში შეხვდა და ესაუბრა მ.გ-ს. მსჯავრდადებულის განმარტებით, 2013 წლის 7 დეკემბრის საღამოს დაწესებულების თანამშრომლებთან მოუვიდა უმნიშვნელო შელაპარაკება, ამ ფაქტიდან 5 წუთში ხსენებულმა თანამშრომელმა მ.გ-ს უთხრა, რომ უფროსი ეძახდა და გაიყვანა საკნიდან. მსჯავრდადებული შეიყვანა ადმინისტრაციის ერთ-ერთ ოთახში, სადაც იმყოფებოდა დაწესებულების დირექტორი, მისი ორი მოადგილე და სხვა თანამშრომლები. მ.გ-ს ჰკითხეს რატომ შეაგინა თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მისი ცემა. მსჯავრდადებულის განმარტებით, ცემა გრძელდებოდა დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ გაიყვანეს ოთახიდან, წაიყვანეს საკნის მიმართულებით. დერეფანში გასვლის დროს მ.გ-მ სხვა საკანში მყოფ მსჯავრდადებულებს უთხრა, რომ ის სცემეს, რის გამოც მ.გ. დააბრუნეს ოთახში, დაადეს ხელბორკილები და განმეორებით სცემეს. პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი. სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
3. 2013 წლის 10 მაისს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში შეხვდა მსჯავრდადებულ ი.ნ-ს. პატიმრის თქმით, მან დეპარტამენტის თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია #7 დაწესებულებაში პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ის გაიყვანეს პატიმრებისთვის სასეირნოდ გამოყოფილ ეზოში, სადაც მასთან მივიდა დაწესებულების დირექტორის მოადგილე და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ი.ნ ამბობს, რომ დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა ხელით და ხელკეტებით ზურგისა და გვერდების არეში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წვერებმა დააფიქსირეს მსჯავრდადებულის სხეულზე არსებული დაზიანების კვალი. სახალხო დამცველის აპარატმა ზემოაღნიშნული ფაქტის ამსახველი მასალები რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა, სადაც საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა.
სრულად
http://primetimenews.ge/?page=15&news_id=26636