გოგი თოფაძე: „იმპორტი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ... კანონების მთელი კასკადი იგეგმება“
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად, მსხვილი იმპორტიორებისთვის საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბეგრვისას გათვალისწინებული შეღავათიანი პირობები უქმდება. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 162–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „პირს, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესზე“. კოდექსის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისათვის დაბეგრვის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, ითვლება, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა. ამასთან, თუ პირი წერილობით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე, მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესზე გადასულად შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ითვლება. ცნობისთვის, იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული ცვლილების საჭიროება, რაში დაეხმარება ის ადგილობრივ წარმოებას და როგორ აისახება იმპორტიორების საქმიანობაზე, – ამ და სხვა კითხვებით “Frontnews”-მა ფრაქცია „ქართული ოცნება–მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძეს მიმართა.
- რა გახდა საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანის მიზეზი,რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში? - ფაქტია, რომ იმპორტი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და დავასაქმოთ ქართველები, აქ მომუშავე ხალხი. ეს არის პირველი ამოცანა. ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის ელემენტარული ეკონომიკური აქტიურობა, რომელიც ამით უნდა გამოვხატოთ. საქართველოში ბევრი უხარისხო პროდუქცია შემოდის... იმპორტიორები ძალიან რომ ნერვიულობენ, ვინ შემოიტანა ღორების ის საკვები, რომელმაც მთელი საქართველოს ღორები დაწამლაო, წელსაც თეთრიწყაროში დაიხოცა ღორები. ბევრ სხვა მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც საკვებს ეხება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემას, იმპორტიორები ძალიან დიდი შეღავათით სარგებლობდნენ. მაგალითად, საქართველოში ჩვენ ვაწარმოებთ სიგარეტს, რომელიც საკმაოდ იაფია. ჩვენ საკმაოდ მაღალი ხარისხის თამბაქო მოგვყავდა ლაგოდეხსა და მარნეულში. ახლა მათი აღდგენა იგეგმება, მაგრამ ნახეთ, რა ხდება – ქართველმა მწარმოებელმა რომ აწარმოოს სიგარეტი, ამისთვის იმპორტირებულ ნედლეულს თუ იყიდის, თავისუფლდება პრაქტიკულად 8–9 თვით დღგ–ის გადასახადისგან, ხოლო ქართველმა რომ ადგილზე აწარმოოს თამბაქო, მან იმ თვეშივე დღგ უნდა გადაიხადოს. ანუ, რა გამოდის? – სახელმწიფო უპროცენტო სესხს აძლევს იმპორტიორს, ადგილობრივ მეწარმეს კი არავითარ შეღავათს არ უკეთებს. ესაა ამ ცვლილების მიზანი. მოგიყვანთ სხვა მაგალითებსაც. მე ვარ ალაოს შემომტანი (
გეტყობა - სპორტის შენიშვნა). საქართველოში აწარმოებენ ალაოს. აქ რომ მეყიდა, მე იმ წუთშივე უნდა გადამეხადა დღგ, ხოლო იმპორტირებულის შემთხვევაში 8–9 თვის შემდეგ შემიძლია, გადავიხადო. თუ ვსაუბრობთ ქართული წარმოების აღდგენასა და ქართული სოფლის აღორძინებაზე, ეს ცვლილება აუცილებელია: როცა მეწარმემ იცის, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე 18%–ს არ იხდის, ბუნებრივია, იმპორტი ურჩევნია. ამდენად, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პირველი ნაბიჯებია. მთელი კასკადი იგეგმება კანონების. ჩვენი ფრაქცია ამზადებს...
– ანუ მოსალოდნელია, რომ იმპორტიორები კიდევ უფრო შეიზღუდონ? – მთავარია, ქართველ მეწარმეებს გავუხსნათ ხელი, იმპორტიორები კი ჩავაყენოთ ისეთივე პირობებში, როგორშიც ქართველია. ეს უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური სტრატეგია. ადრე ასეთი კანონების მიღება „გვაიძულა“ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ, სავალუტო ფონდმა... მაშინ გამოუცდელები ვიყავით და ისეთი კანონები მივიღეთ, რომელიც ქართული სოფლისთვის დამანგრეველი იყო. დღეს რა დღეშია ქართული სოფელი?!
– გინდათ, თქვათ, რომ ჩვენი გამოუცდელობით ისარგებლეს? – დიახ, გამოუცდელები ვიყავით მაშინ. ახალგაზრდა ხელისუფლება გვყავდა 1996–1997 წლებში, როდესაც ეს ყველაფერი მივიღეთ. ამიტომ დღეს ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. თუ ქართველ მეწარმეს, ქართველ ფერმერს არ შევუქმენით პირობები, რომ სტიმული ჰქონდეს, აწარმოოს და თანაბარ პირობებში იყოს იმპორტიორებთან, ამით ძალიან ბევრ რამეს წავაგებთ. ვერ დავაბრუნებთ საქართველოდან გაქცეულ 1 მლნ ქართველს. ეს არის პირველი ნაბიჯი, თორემ ძალიან ბევრი პროექტი მზადდება, განსაკუთრებით – იმ გენმოდიფიცირებული უხარისხო პროდუქციის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში შემოდის. ასეთი პროდუქტების სია მე წინა კვირას გამოვაქვეყნე „კვირის პალიტრაში“, სადაც ჩანს, თუ რა შემოაქვთ იმპორტიორებს. დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. სწორედ ამიტომ ახლა წამოვა მთელი რიგი კანონები....
– რას შეეხება ეს კანონები ძირითადად, რომ დავაანონსოთ... – ჯერ მაგაზე ლაპარაკი არ მინდა. მზადდება რამდენიმე კანონი პარლამენტში გასატანად, მთელი წელი იქნება ასეთი კანონები... ქართველები თანასწორ პირობებში უნდა დავტოვოთ იმპორტიორებთან. წინა ხელისუფლების დროს ყველა იმპორტიორი მათი პარტნიორი იყო. ანუ ნომენკლატურულ ბიზნესს რომ ვეძახით, სულ ყველა იყო იმპორტიორი, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდათ ხელისუფლებასთან და ყველა შეღავათს ღებულობდნენ.
– რას გულისხმობთ ურთიერთობაში – წილში შედიოდა ხელისუფლება? – მე არ ვიცი, რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იმპორტი გაბატონებული იყო. საქართველოში ისეთი რაღაცეები შემოდის, რაც არ უნდა აკადრო შენს მოსახლეობას. გვაქვს ლიცენზირებული ლაბორატორიები და შეამოწმონ, როგორი ზეთი შემოდის, ძეხვეული და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველ მეწარმეს ხელი გაეხსნას. სახელმწიფოს ავტორიტეტია, რომ შემოტანილ საქონელს არ ამოწმებს. ეს კანონი მიიღო წინა ხელისუფლებამ კახა ბენდუქიძის ინიციატივით. იმდენად უხარისხო პროდუქცია შემოაქვთ უკვე საქართველოში, ეს იმიჯს აფუჭებს. ახლა კი წლის ბოლომდე მივიღებთ მთელ რიგ კანონებს, რომელიც ნამდვილად წაახალისებს ქართველ ფერმერს.
– გარდა ადგილობრივი წარმოებისთვის ხელ–ფეხის გახსნისა, თუ ელოდებით ამ ცვლილებების შედეგად საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას? – ბუნებრივია. ქართველი რომ აწარმოებს, ეს ხომ ბიუჯეტში შევა ყველაფერი?! დასაქმებას რომ თავი დავანებოთ, ეს ბიუჯეტს გაამდიდრებს.
– როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილებები საქართველოს ბიზნეს–გარემოზე გარკვეულწილად ნეგატიურად ხომ არ იმოქმედებს? – რატომ?! ნახეთ, რა ხდება: თუ იმპორტი შემცირდება, ადგილობრივი ნაწარმი შეცვლის მას.
– თქვენი აზრით, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს? – როგორ ვერ შეძლებს, დრო უნდა ცოტა, თორემ როგორ შეიძლება, არ შევძლოთ?! რომელ პროდუქტს ვერ ვაწარმოებთ საკმარისს? შესაძლოა, გარკვეული პერიოდი იყოს, ვიდრე გადაეწყობა ჩვენი სოფელი და ჩვენი წარმოება, მაგრამ ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაიზრდება ჩვენი ექსპორტი. ექსპორტის ზრდა კი ხალხის დასაქმებაა. ეს ყველაფერი კომპლექსურია და უნდა გავითვალისწინოთ. ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ესაა ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის და ქვეყნის აღორძინების სწორი გზა. მე თვითონაც მწარმოებელი ვარ. ამ ეტაპზე ჩემი შვილი აგრძელებს საქმეს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიჩაგრებით – არ იბეგრება საქონელი, თუ შემოგაქვს თურქეთიდან, ადგილობრივი კი იბეგრება.
– თქვენ ახსენეთ, რომ წინა ხელისუფლება იმპორტიორებთან „გარკვეულ ურთიერთოიბაში“ იყო. რას ეტყოდით ოპონენტებს, რომლებმაც შეიძლება, თქვან, რომ გოგი თოფაძის ინტერესებში შედის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები? – მე თვითონ ვიჩაგრები. ყოველწლიურად 2 მლნ ევროს ალაოს ვყიდულობ უცხოეთში. მე ვიჩაგრები, მე დავაყენე ეს კანონი...
– ანუ, რომ იჩაგრებოდით, ამიტომ დააყენეთ, თუ ადგილობრივი მწარმოებლებისგან წამოვიდა ეს ინიციატივა? – კი არ ვიჩაგრებოდი, შეღავათი მქონდა. მე იმპორტირებულ საქონელზე არ ვიხდიდი დღგ–ს, ახლა კი უნდა გადავიხადო, მაგრამ არაუშავს, მთავარია, საქართველოში სწორი ეკონომიკური სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ, ამიტომ გეუბნებით, რომ ეს არის პირველი კანონი, მაგრამ ბევრი ასეთი შემოვა. იმპორტიორს კი არ ვჩაგრავთ, უბრალოდ ვაყენებთ იმ პირობებში, როგორშიც ქართველი მწარმოებელია. 15 წლის მანძილზე სახელმწიფო სტრატეგია იყო ის, რომ არ ვაწარმოოთ ადგილობრივი, ვიყოთ სხვის იმედზე და შედეგიც სახეზეა. დღეს ეკონომიკურად საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია და აქედან რომ გამოვიდეთ, მთელი რიგი კანონები უნდა შევცვალოთ.
თელარა გელანტია
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/30275#sthash.SFNkhN2n.dpufრა უნდა ამას პარლამენტში?