http://premieri.ghn.ge/com/news/view/701ქართული ფარისევლობის ძირძველი ინსტიტუტის ისტორიისთვისგადის წლები, მოდიან ახალი თაობები, იცვლებიან ლიდერები, ერთი შეხედვით, გარშემოც ბევრი რამ განახლდა, მუდმივი დარჩა მხოლოდ სქელი სიყალბის ფენა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. ტყუილმა იმდენად მოიცვა ჩვენი ბუნება, რომ ის ჩვეული გახდა და კაცს ვერც კი წარმოგიდგენია მისგან განთავისუფლება დროთა განმავლობაში ხომ ყველაფერს ეგუები. სიცრუე თავს ზემოთ ავიდა და დაგვფარა - ჩვენ მისით ვსუნთქავთ, ძვალსა და რბილს ჟანგბადის მაგიერ ის მიეწოდება. ჩვენ ტყუილის ოკეანეში ჩაძირული გვამები ვართ, ამას არ ვაღიარებთ, საკუთარ თავთანაც ვთვალთმაქცობთ და ცოცხლებს ვთამაშობთ.
სავარაუდოდ, ყოველივეს სათავე თაობების ორმაგი სტანდარტების მორალით ცხოვრებაა. ქართველები მივეჩვიეთ ერთის ფიქრს, მეორეს თქმასა და მესამეს კეთებას ჩვენ ფარისეველთა ერად ჩამოვყალიბდით. ფარისევლობავ, ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!
----------------------------------------------------------------------------
1. ფარისეველი მოვალეა, მტრებისგან დაიცვას ეროვნული ფასეულობები და მუდამ აღფრთოვანებული იყოს საკუთარი ჭეშმარიტი ქართველობით;
2. თვალთმაქცი ვალდებულია, საუბარში ხშირად იხმაროს არქაიზმები, ილაპარაკოს პათეტიკური ტონით და გამოიყენოს წარმოსახვითი უპირატესობის მითები. ფარისეველი გულისამრევად ხშირად ახსენებს სამშობლოს და მომაკვდინებელი კლიშეებით ჯერ თვითგვემით იწყებს “ჩვენ ილიას ვესროლეთ”, “საბა წვერით ვათრიეთ” ხოლო შემდეგ იგივე ავტორიტეტებით მაღლდება “ჩვენ შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას ერი ვართ!”;
3. ფარისეველი ჭეშმარიტი ქართველობისა და შესაბამისად, საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას იწყებს არა პირდაპირ, არამედ შორიდან, ხშირად ჰეროიკული ლიტერატურული პერსონაჟების მოხმობით, რათა საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაუსვას საკუთარ სიდიადეს. თვალთმაქცის დევიზია: ჰეროიკული წარსულისა თუ გმირების სათნოებების თავის თავზე პროეცირებიდან საკუთარი პერსონის ქება-დიდებამდე!”;
4. მიუხედავად ვერბალური მანჭვის სასტიკი გამაღიზიანებლობისა, თვალთმაქცი მოვალეა, ეს არ შეიმჩნიოს და კვლავინდებური სინაზით გააგრძელოს არქაული სიბრძნეების, ბანალური კლიშეებისა და რასისტული მითების დეკლამირება. ფარისეველი უდრეკად მოხიბლულია საკუთარი სიწმინდითა და განათლებულობით.
5. გამუდმებული დისკუსიებისას, როდესაც ფარისეველს შეუვალი არგუმენტებით კედელზე მიაყენებენ, ის ვალდებულია, ხელიდან გაგისხლტდეს და იწყოს თემიდან თემაზე ხტომა.
6. ფარისეველი მუდამ ხაზს უსვამ, რომ ის ფულის, ტაშისა თუ ჩინ-მედლებისთვის კი არ ირჯება, არამედ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის კეთილშობილური იდეალები ამოძრავებს და მზადაა, ეროვნული ღირსებისთვის თავიც გასწიროს.
7. მითოლოგ ფარისეველს რეალური საქმეები არც სჭირდება, ის წარმოსახვითი უპირატესობის სამყაროში ცხოვრებას ამჯობინებს. მუდამ სხვისი გაკიცხვითაა გართული, რადგან მხოლოდ ასე წარმოჩინდება მისი არარსებული სათნოებები და უპირატესობა. ის მკაცრად შეაგონებს გარშემომყოფთ, არ განიკითხოო და ამავდროულად, გულში მუდამ იმეორებს ლოცვას: ჩვენი ძალა წარმატებულის ძაგებასა და სიძულვილშია!
8. ჭეშმარიტი ქართველი და ფარისეველი, რაც სინონიმებია, მუდამ სხვისი მორალის სადარაჯოზე დგას. მოვლენა, პიროვნება ან უკიდურესად უარყოფითი “იუდა” უნდა იყოს, ან კეთილშობილი “ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი”. ის არ სცნობს შუქ-ჩრდილებს, მისთვის მთავარია მორალური ნორმების ოდნავ დარღვევისას სასტიკი აღშფოთება;
9. ნამდვილი ფარისეველი ყველგან და ყველაფერში ეძებს ეშმას ხრიკებს (იგივე “666”), პოულობს კიდეც მათ და, რაც შეიძლება აბსურდული მითებით ასაბუთებს მსოფლიო მასონიზმის შეთქმულების თეორიას.
10. დაბოლოს, მთავარი! ჭეშმარიტი ქართველი ფარისეველი, ერთი მხრივ, დარწმუნებულია, რომ ივერია გაბრწყინდება, ხოლო ინგლისი დაიძირება, და მეორე მხრივ, თავქუდმოგლეჯილი ოცნებობს ამერიკულ “შმოტკებსა” თუ იაპონურ ჯიპზე;
-----------------------------------
ამოიცანით საკუთარი თავი ფარისევლებო!!
This post has been edited by SIDCFC on 7 Apr 2014, 19:12