“უფლებადამცველთა გაერთიანება’’ კოტე კუბლაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის დანაშაულის ჩადენის მამხილებელ დოკუმენტაციას პროკურატურას გადასცემს. ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ნოდარ ლიპარტელიანმა, სასამართლო სისტემაში 2006-2009 წლებში აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლო სისტემაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
არსებობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური აუდიტის შესახებ (01/04/2006-31/12/2009), სადაც უამრავი ფინანსური დარღვევაა აღნუსხული. ლევან ბეჟაშვილმა მისი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში ამ აქტს გრიფი "საიდუმლო" დაადო და რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას არ გაუგზავნა. ამით ბეჟაშვილმა ხელი დააფარა კოტე კუბლაშვილის დაქვემდებარებულ დეპარტამენტში აღმოჩენილ კანონდარღვევებს. კონკრეტულად კი, 2010 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სასაწყობე მომარაგების ინვენტარიზაციისას გამოვლინდა 2,3 მილიონი ლარის დანაკლისი. აუდიტმა გამოავლინა ფაქტები, როგორ ხარჯავდა თანხებს სასამართლოების დეპარტამენტი სასამართლოების მშენებლობასა და რემონტზე. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალები რეაგირებისთვის პროკურატურისთვის გადაეგზავნა, ლევან ბეჟაშვილმა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ტუხაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, კოტე კუბლაშვილის უწყებაში დარღვევები რომ ვეღარ გამოევლინათ. აუდიტის ამ აქტს მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2012 წლის ბოლოს მოეწერა ხელი, თუმცა ახლაც კი კონტროლის პალატის "საიდუმლო საცავში" ინახება. შემოწმების შედეგად აუდიტმა ქვეყნის გარეთ მივლინებებში უმიზნოდ გახარჯული გარე მივლინების 125 428 და შიდა მივლინების 11 664 ლარიც აღმოაჩინა. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო ამჟამად გარდაცვლილი სოსო ჩიქობავა, რომელმაც იცოდა ზემოხსენებული დარღვევების შესახებ, ჰქონდა უამრავი ინფორმაცია კოტე კუბლაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ის შარშან, ნოემბერში, საეჭვო ვითარებაში მოკლეს.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მასალები რეაგირებისთვის გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისათვის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილისა და აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან ბეჟაშვილის მიმართ აუდიტის სამსახურის დასკვნებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
http://geonews.ge/category/12/law/news/203...bejashvili.html