მინდა გაგანდოთ ჩემი გულისტკივილი, რამაც ამ ბოლო დროს ძლიერ დამაღონა.
ხშირად ვაწყდები ინტერნეტში, გულანთებულ ქართველ "პატრიოტებს", რომლებიც მთელის მეოხებითა და გულმოდგინებით, მკვდარ-ცოცხალს უტრიალებენ მსოფლიო ერებს გლობალური მასშტაბებით. არ არსებობს სოციალური ქსელი, რომელსაც თავის თავზე არ გამოეცადოს "პატრიოტ" ქართველთა ორალური ღრუდან და მარდი თითებიდან დაღვრილი განავალი.
ვაგინებთ ყველას - არაბს, სპარსს, თათარს, ჩინელს, ინდოელს, რომ აღარაფერი ვთქვათ ე.წ. გეივროპელებზე, რუსებზე, სომხებსა თუ თურქებზე, ზანგებზე (უკაცრავად შავკანიანებზე).
ვაგინებთ სევდიან თუ მხიარულ ვიდეოებზე.
ვაგინებთ მგლოვიარეებსა თუ მოზეიმეთ.
ვაგინებთ მჩაგვრელებსა თუ ჩაგრულებს.
ვაგინებთ მართლებსა თუ მტყუანებს.
ვაგინებთ დამპყრობლებსაც და დაპყრობილებსაც.
ვაგინებთ მოკავშირეებსაც და აგრესორებსაც.
ვაგინებთ კულტურულებს თუ უკულტუროებს.
ვაგინებთ მოყმეებს, მხცოვნებს და ერთად შეყრის ჩვენი გინება ყოველ სულიერ თუ უსულო საგანს, ერთგან აზელს და ვერა გაექცევა სიკვდილივით.
განურჩევლად ეროვნებისა, კანის ფერისა, რელიგიისა თუ სქესისა - ყველა ჩაიხრჩობა ქართულ ბილწსიტყვაობასა თუ ბოღმაში, ყველას მისწვდება ჩვენი გაუზრდელობა, სამყაროს დასალიერამდე.
ვაგინებთ იმ ვიდეოებზე, მართებულად რომ იწვევენ ჩვენს რისხვას.
უფრო მეტად ვაგინებთ ვიდეოებზე სადაც ამას არ იმსახურებენ.
რატომ უნდა აგინო არაბ ტურისტს, რომელსაც საქართველო მოსწონს?
რატომ უნდა აგინო ირანელს, რომელიც ჩამოდის, ფულს ხარჯავს, გიყურებს როგორც ევროპას, როგორც მომავალს და პატივს გცემს. იღებს ვიდეოს შენს ქვეყანაზე, იუთუბზე ტვირთავს და აღტაცებით საუბრობს იმაზე თუ რა იხილა?
გასაგებია რომ სპარსეთთან რაც ომები გადაგვიტანია, მაგრამ იმ ადამიანმა რა დააშავა? იმან რამით შეურაცხგყო? იმან წაგართვა სარჩო-საბადებელი? იმან წაგართვა ზრდილობა? ან იმას რატომ არ იხსენებ, რომ ქართული კულტურა სწორედ სპარსულთანაა ყველაზე მეტად გადაჯაჭვული.
ამას წინად ერთ ვიდეოზე ისე აგინეს ქართულ ცეკვაზე აღტაცებით მოსაუბრე მუსულმან ქართველს, რომელმაც კომენტარში საქართველოში ჩამოსვლა ინატრა (თურქული აი-პის მფლობელი იყო), რომ შემრცხვა ჩემი ქართველობის, თავი დაბლა დავხარე და დიდხანს ვდუმდი.
მიდი ქართველო, ვეფხისტყაოსანსაც აგინე, მისი პერსონაჟებიც ხომ "დამპალი მუსულმანები" არიან.
ან მარტო მუსულმანობაშია საქმე?
რატომ უნდა აგინებდე ყველას და ვერ მოიძებნებოდეს ვერავინ შენი მოსაწონი?
ქართველო, შენ აგინებ: რუსებს - ნუ ეს გასაგებია, აგინებ სომხებს - მიმთვისებლობისთვის, აგინებ თურქებს - ძველი შუღლისთვის თუ მომეტებული მიმოსვლისთვის, აგინებ არაბებს - სუნისთვის და მე-7 საუკუნისთვის, აგინებ სპარსელებს - ძველი ომებისთვის, აგინებ აზერბაიჯანელებს - სუნისთვის და თათრობისთვის, აგინებ ებრაელებს - ურიობისთვის, აგინებ უკრაინელებს - უნიათობისთვის, აგინებ ჩინელებს - წვრილი თვალებისთვის, აგინებ ინდოელებს - რომ გადაგვავსეს, აგინებ ევროპელებს - ლიბერალიზმისთვის, აგინებ მუსულმანებს - სიბნელისთვის (თვითონ ხომ ბრწყინავ), აგინებ ამერიკას - ზანგი რომ აირჩიეს პრეზიდენტად, აგინებ ევროპას - პიდარასტობისთვის თან აგინებ რუსეთს - ჰომოფობიისთვის, აგინებ გერმანიას - მერკელისთვის, აგინებ მაკარონკა იტალიელებს, აგინებ ინგლისელებს - იმპერიალიზმისთვის, აგინებ ფრანგებს - ბაყაყიჭამიობისთვის და ლუდოვიკო მეთოთხმეტისთვის, აგინებ ევროპას - უტრაკობისთვის, აგინებ ევროპას - შეშფოთებისთვის, აგინებ ბოლივიას - არშეშფოთებისთვის, აგინებ შორეულ სამხრეთ აფრიკას ბურთა ჩაგვრისთვის და ბურებს - ნაცმიზეზების გამო, აგინებ პინგვინებს ანტარქტიდაზე თუ ჭორვილაში.
დღეს ეს შენ ხარ, ქართველი.
არადა,
მე ვიცოდი, რომ საქართველო იყო თავისუფლების ქვეყანა. მე ვიცოდი რომ ქართველობა ნიშნავდა დადებითს რეგიონში.
საქართველოს ისტორიას როდესაც ვსწავლობდი სკოლაში, ყველაზე მეტად ვამაყობდი იმით, რომ მე-12 საუკუნის თბილისში გვერდიგვერდ იდგა ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი.
ვამაყობდი იმით, რომ როდესაც აღა-მახმად ხანმა დააპირა თბილისის გადაწვა, პირველი თბილისელი მუსულმანები გადაუდგნენ და ისინი უმოწყალოდ ამოხოცა თბილისის მეჩეთში. ისინი საქართველოსთვის დაიღუპნენ.
ვამაყობდი იმით, რომ საქართველოში შეიქმნა პირველი პარლამენტი შუასაუკუნეების ევროპაში.
ვამაყობდი იმით, რომ ჩვენი კულტურა იდგა როგორც დასავლურ ქრისტიანულ ღირებულებებზე, ასევე აღმოსავლურ ღირებულებებზეც. თბილისი იყო კულტურული ქალაქი, ხოლო ქართველი წარმომედგინა კულტურულ ადამიანად. მე ვამაყობდი იმით, რომ ჩვენი ურთიერთპატივისცემითა და ჩვენგან განსხვავებული ერისა თუ რელიგიის წარმომადგენლის გვერდიგვერდ დგომით ვამტკიცებდით იმას, რომ ვიყავით ნამდვილი ქრისტიანები.
ჩვენ არ ვყოფდით ეროვნებითა და რწმენით. ჩვენთან ითქვა მე-12 საუკუნეში ქალისა და კაცის თანასწორობაზე.
ქართველში - პეტრე იბერში დაიბადა არიოპაგისტული მოძღვრება, ის რაზეც დგას თანამედროვე ლიბერალიზმი, რწმენა, სიყვარული და ადამიანობა.
ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იყო სიყვარულისმთესველი და მიუხედავად ბევრი სხვა ნაკლისა, ნამდვილად იმსახურებდნენ პატივისგებას.
და ყოველივე ამის შემხედვარეს, ნამდვილად ძალიან მიმძიმს, რომ დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში, ამად ვიქეცით. უტიფრებად და ბილწსიტყვებად განსხვავებულთან მიმართებაში, უცხოელებთან მიმართებაში, სტუმრებთან მიმართებაში, რომლებიც აქ ჩვენი პატივისცემით ჩამოდიან. არადა სტუმრის პატივისცემა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ქართული ღირებულებაა.
და დღეს მინდა ვთქვა, რომ მართლა მრცხვენია და ყოველთვის როდესაც გადავაწყდები ამ გულანთებულ ნაძირლებს, რომლებიც ჩემს ქართველობას არცხვენენ თავიანთი უტიფრობით, ვხვდები რომ გადავგვარდით და დავჩაჩანაკდით, ვიქეცით ბილწსიტყვა არაადამიანებად, რომელიც ცდილობს ყველას წასცხოს ბოღმა და გესლი.
დიახ, დახვდი მახვილით მტერს, თუ საჭიროა შეაგინე კიდეც მტერს, მაგრამ აგინებდე "ყველას", მათაც ვინც ეს არ დაიმსახურა, ეს აშკარად გამოხატავს რომ შენს სულში არის სიბნელე. მაგრამ გაითვალისწინე, თუ შემიგინებ სტუმარს, მე შენ დაგგმობ და შეგიძულებ.
შესაძლოა ეს ჩვენმა 200 წლოვანმა მონობამ მოიტანა და დამპყრობელმა შეგვცვალა უარესობისკენ, დაგვაკარგვინა ჩვენი არსი და ჩვენი ყოფა? დარწმუნებული ვარ, რომ შენ, ყველას მგინებელი რუსებს ამ რუქის გამო ფაშისტებად მოიხსენიებ და გმობ:

ეხლა კი თუ წაიკითხე ჩემი ნაწერი, კარგად დაფიქრდი, შენ მათგან რამით განსხვავდები?
ჩვენი ლექსიკა განსაზღვრავს თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ერი და კულტურა. მე მწყინს რომ ჩვენი ერი და კულტურა აჩქარებით მიექანება უფსკრულისკენ.