Lаki
Ho(m)po Sapiens

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
|
#40552816 · 12 Apr 2014, 12:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკანასკნელი გაკვეთილი მამიდაჩემის იყო, მან დიდი ასოებით დაგვიწერა დაფაზე საკონტროლო წერის თემა “კაციჭამია ჰიტლერის სახე სამამულო ომის პერიოდის საბჭოთა ლიტერატურაში”, - მერე მოგვიბრუნდა და გაგვაფრთხილა:
- ბავშვებო, დღეს საღამოს ყველანი მოხვალთ სკოლაში, ცენტრიდან ჩამოსულია ლექტორი და წაგვიკითხავს ლექციას თემაზე “მორალის, ეთიკისა და ზრდილობის საკითხები”, გასაგებია?
- მარტო უზრდელები მოვიდნენ, მასწავლებელო, თუ ყველა? - ვკითხე მე.
- ყველა! - თქვა მამიდამ და წიგნი გაშალა. ჩვენ წერას შევუდექით.
რაღაც ათიოდე წუთში გავავსე ორი ფურცელი ჰიტლერზე წაკითხული სალანძღავი ლექსებითა და მოთხრობებით, ნაწერი წინ დავუდე მამიდას, მერე მივედი, ხელი მოვკიდე ხატიას და პირველები გავედით კლასიდან.
საღამოს მთელი სოფელი სკოლის ეზოში ირეოდა. იყო ყაყანი, ხითხითი, კამათი, ყვირილი და აურზაური. უეცრად ხალხი გაიპო. ეზოში მაღალი, ძალზე გამხდარი, იღლიაში ყვითელ პორტფელამოჩრილი, თვალებმოჭუტული, ყბებჩაცვენილი და ლერწამივით ოდნავ მოქანავე თბილისელი ლექტორი შემოვიდა კოლმეურნეობის თავმჯდომარის ქიშვარდის თანხლებით. რადგან კლასში ხალხი არ დაეტია, ტრიბუნა აივანზე გამართეს, მსმენელები კი ეზოში განლაგდნენ გრძელ სკამებზე. ჩვენ, ბავშვებმა, პირდაპირ კოინდარზე მოვირთხეთ ფეხები და სმენად ვიქეცით.
ლექტორმა პორტფელი გახსნა, დიდხანს ქექა შიგ რაღაც, მერე, როგორც იქნა, მიაგნო, ამოიღო, წინ დაიდო და დაიწყო:
- ამხანაგებო! საზოგადოების განვითარების ისტორია დღემდე ითვლის ხუთ საზოგადოებრივ ფორმაციას, რომლებია ეს ფორმაციები? - გვკითხა მან და გადმოგვხედა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ზრდილობის გულისთვის არ ვუპასუხეთ. - პირველი, - განაგრძო მან, - პირველყოფილი თემური წყობილება, მეორე - მონათმფლობელური წყობილება, მესამე - ფეოდალური, მეოთხე - კაპიტალისტური და...
- სოციალისტური! - შეეშველა ვიღაც.
- სწორია! - დაეთანხმა ლექტორი და განაგრძო: - პირველყოფილი თემური წყობილების დროს, ესე იგი, უხსოვარი დროიდან...
- დავიღუპეთ, სოსოია, ძალიან შორიდან დაიწყო, - წამჩურჩულა ხატიამ.
- სუ, თქვე მამაძაღლებო! - გაგვაჩუმეს უკნიდან.
- უხსოვარი დროიდან ადამიანი, მოგეხსენებათ, დადიოდა შიშველი!
- მთლად შიშველი? - ჰკითხა ვიღაც ზურგს უკან მჯდომმა. ლექტორმა უხერხულად გაიღიმა.
- ლეღვის ფოთოლი ჰქონდა აფარებული! - განუმარტა მეზობელმა შემკითხველს.
- თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ასე, რაშიც დედამ შობა... - თქვა ლექტორმა.
- გალაქტიონეს ბაღნები ახლაც მასე დადიან!... - თქვა გერასიმე ბიძიამ.
- შემდეგ ადამიანის ინტელექტუალური განვითარების ღრმა პროცესებმა, გეოგრაფიულ გარემოსთან შეთანხმებით, შექმნა სამოსი.
- მაგი რაღაც ვერ გავიგე! - თქვა ასალო გუდავაძემ.
- რა ვერ გაიგე, შე უპატრონო, შეცივდა კაცს და ჩაიცვაო! - აუხსნა ბეგლარა მეწისქვილემ.
- კი მაგრამ როგორ, მაგალითად, რომელი ადრე გაჩნდა - შარვალი თუ ხალათი? - იკითხა ასალო გუდავაძემ.
- მე მგონი, ნიფხავი და პერანგი.
- რატომ, მაგალითად?
- იმიტომ, რომ ნიფხავ-პერანგი შარვალ-ხალათის ქვეშ გვაცვია. ხომ არ შეიძლება, ჯერ შარვალ-ხალათი ჩაიცვა და მერე ნიფხავ-პერანგი?
- მაგი მართალია, მაგრამ რამდენია, უნიფხო და უპერანგოდ რომ დაიარება ამ ქვეყანაზე?
- დაიარება და უზრდელია! - გაუჯავრდა ბეგლარა ასალოს.
- უზრდელი თუ უნიფხავ-პერანგო?
- მაგი კიდევ საკითხავია!
- კაცო, აცალეთ ამ კაცს, გაგვაგებინოს, ამ გაგანია ომში და უჭადობაში ასეთი ლექცია განსაკუთრებით გვჭირდება, თორემ სულ წავედით ხელიდან, - სთხოვა კირილე ჯაბუამ ასალოს და ბეგლარას.
- ჰიტლერს რომ დღე და ღამე დედას ვაგინებ, მაგი საკითხი როგორ დგას მეცნიერებაში, უზრდელობად ხომ არ ჩამომართმევენ? - არ მოეშვა ლექტორს ასალო გუდავაძე.
- ხმამაღლა გინება საერთოდ არ ვარგა, მით უმეტეს, ქალებს თუ ეყურება. რას იტყვით თქვენ, ქალებო? - ჰკითხა ბეგლარამ დამსწრე ქალებს.
- გახმა თქვენი ენა! - თქვა შავმა მაშიკომ.
- გულში გინება შეიძლება? - იკითხა მაკარიამ.
- გაჩერდით, ხალხო, სირცხვილია! - თქვა ვიღაცამ.
- ვერაფრით ვერ გავიგე, რომელია სირცხვილი, რომელია ზრდილობა... - გაშალა ხელები ასალომ.
- გაუგებარი რაა, მეგობრებო? - გაუკვირდა ლექტორს. - მოხდა ეთიკური და მორალური რევოლუცია! აგნოსტიციზმი რაფინირებულ ასპექტში...
- რა გინდა, ბიძიკო შენ, ვერ გვეტყვი?... - ჰკითხა გამშრალ ლექტორს გერასიმემ. ლექტორმა უბის ჯიბიდან სუფრისხელა ცხვირსახოცი ამოიღო და ქიშვარდი თავმჯდომარეს შეხედა საწყალი თვალებით. ქიშვარდიმ წყალი დაუსხა და ჩვენ მოგვმართა:
- ასე არ შეიძლება, ხალხო, ნუ დააბნევთ კაცს, აგიც ადამიანია!
ლექტორმა წყალი მოსვა და ისევ დაიწყო:
- ამხანაგებო, უბრალო ენით რომ გითხრათ... - და იგი დაწვრილებით მოგვიყვა, როგორ გაჩნდა ზრდილობა ამ ქვეყანაზე, როგორ წამოაგდო გამოქვაბულში ქვის სკამზე გამოჭიმული შვილი მამამ, როგორ გააგდო კისრისტეხით გარეთ და როგორ დაჯდა მის ადგილზე, მერე როგორ მიეჩვივნენ ბავშვები უფროსებისათვის ადგილის დათმობას და როგორ გახდნენ ზრდილობიანები, მერე როგორ იცვლებოდა ფორმაციები, როგორ უზრდელდებოდა ადამიანი, მერე როგორ მოხდა რევოლუცია. ბოლოს ლექტორი ზრდილობის ელემენტარულ ნორმებზე გადავიდა.
- ზრდილობის, მორალის და ეთიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჭირდება ადამიანს. რა არის ზრდილობა? - დასვა კითხვა ლექტორმა.
- ბოდიში, მარა, მორალი რა არი? - იკითხა ვიღაცამ.
- ადამიანი არსებობს მორალური და ამორალური.
- მაგი როგორაა, კაციც შეიძლება იყოს და ქალიც, თუ მარტო კაცი?
- რატომ, რატომ, ქალებიც გვხვდებიან!
- მაგი რაღაცა მორალია, დედის მუცლიდან დაყვება კაცს თუ მერე უნდა შეიძინოს?
- ახლავე მოგახსენებთ: მორალი, როგორც ასეთი, არ გახლავთ თანდაყოლილი თვისება.
- ზრდილობა?
- ზრდილობაც!
- ეთიკა?
- ეთიკაც!
- გამოდის, რომ აგი უპატრონო და საწყალი ადამიანი მთლად უზრდელი იბადება ამ ქვეყანაზე, - შეეცოდა ადამიანი მაკარიას.
- დაახლოებით ასეა, - გაიღიმა ლექტორმა.
- მერე, სად უნდა ისწავლო მაგი? - დაინტერესდა მაკარია.
- ამას ცხოვრების დიდი გამოცდილება ასწავლის კაცს.
- მოხუცებმა რა ვქნათ? - იკითხა ასალომ.
- მოხუცებისათვისაა ლექცია, შე უჯიშო, ვერ ხედავ? - უპასუხა ბეგლარამ.
- ეს მორალი მაინც ვერ გავიგე რაა! - თქვა ისევ მაკარიამ.
- მორალი - ეს უფრო ადამიანის პატიოსნების სფეროში შემავალი ატრიბუტია.
- ესე იგი, მაგი უფრო ზრდილობა და პატიოსნება რომ არა აქვს კაცს, იმაზეა ნათქვამი?
- დაახლოებით ასეა!
- ახლა იგი მითხარი, მამა თუ უზრდელი ყავს ბაღანას და დედაც უზრდელი, ან პირიქით, თვითონაა უზრდელი, რა ეშველება მასეთ ოჯახს?
- ახლავე, ბატონო, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ჩანგალი თეფშის მარცხნივ უნდა იდვეს და დანა მარჯვნივ, პირმშოს დედის საშოდან არ დაყვება, მაგრამ შემდგომი პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის ინტენსიური ჩატარების შედეგად შეიძლება, ეს ელემენტარული ამბავი ავათვისებინოთ ბავშვს.
- უზრდელობად ნუ ჩამომართმევთ და, ერთი შეკითხვა თუ შეიძლება? - აწია ხელი მაკარიამ.
- ბრძანეთ, ბატონო! - დართო ნება ლექტორმა.
- თქვენ რომ ბრძანებთ, ჭამის დროს ჩანგალი მარცხნივ უნდა იდოს და დანა მარჯვნივო, მე დღეს ხელით ვჭამე საჭმელი და ჩემი საქმე როგორ იქნება?
- ხელი თუ დაიბანე? - დაუძახა ვიღაცამ.
- კი!
- საპნით?
- საპნით, რავა ცოლს კი არ ვთხოულობდი! - გაეცინა მაკარიას.
- დაჯექი აბა, უზრდელი ხარ! - მაკარია დაჯდა.
- დაცხიკება თუ შეიძლება საზოგადოებაში, ბატონო? - არ აცალა ვიღაცამ ლექტორს წინა კითხვაზე პასუხის გაცემა.
- ცხვირს თუ დააცემინებთ საზოგადოებაში, ბოდიში უნდა მოიხადოთ, - დაარიგა ლექტორმა.
- კი მაგრამ, სიცოცხლე და ხეირიო, ასე არ ეუბნებიან?
- თხის კუდიო, ასეც კი ეუბნებიან, შე კაცო, - გაახსენეს შემკითხველს.
- სიმთვრალეში დასლოკინება თუ შეიძლება, ბატონო? - იკითხა ისევ მაკარიამ.
ლექტორმა შეატყო, ხალხი მასხრად მიგდებსო და შეშინებულმა გადახედა ქიშვარდი თავმჯდომარეს, ქიშვარდი თავმჯდომარემ ზარი გააწკარუნა.
- ხალხო, რა უყავით ზრდილობა, კაცი ზრდილობაზე ლექციას გვიკითხავს და აცალეთ! - იყვირა ქიშვარდიმ.
ლექტორს ცოტა იმედი მიეცა და სალაპარაკოდ მოემზადა.
- აღარ გვინდა ლექცია, შეკითხვები ჯობია, - თქვა გერასიმე ბიძიამ. ქიშვარდიმ ლექტორს გადახედა. ლექტორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- კარგი აბა, მიეცით შეკითხვები! - დაგვრთო ნება ქიშვარდი თავმჯდომარემ.
- ერთი შეკითხვა, - ისევ აწია ხელი ასალო გუდავაძემ, - კაცს რომ ამბავი არ აინტერესებს და მაინც რომ უყვები კაცი, თუა მაგი უზრდელობა?
- რა თქმა უნდა! - თქვა ლექტორმა. მერე უცებ მიხვდა რა თქვა და იყვირა, - ჩემგან რა გინდათ, ხალხო... მე დავალებული მაქვს, ჩემით კი არ მოვსულვარ და კი არ გიკითხავთ ამ ლექციას, მე... - ლექტორი აღელდა და წყალი მოსვა.
- დაწყნარდი, ბიძიკო, - უთხრა გერასიმე ბიძიამ, - შენი ზრდილობის სწავლება ჩვენ არ გვინდა, შენ ის გვითხარი, წუხელ რომ ქარმა ტაროიანი სიმინდი დაგვიფინა მიწაზე, იმას რა ვუყოთ? ვენახი რომ შეუწამლავი გვრჩება, შაბიამანი სად ვიშოვოთ, თორემ ცხვირის დაცემინებაზე სანამ ბოდიშს არ მოგიხდით, მანამდე არაფერი გეტკინოს შენც და შენს გამომგზავნსაც, - გერასიმე დაჯდა. ლექტორი გაშეშებული იდგა და არაფერს ამბობდა.
- ქალაქიდან ხარ, ბიძია, ჩამოსული და ის გვითხარი, ფრონტი რას შვება, როდის გათავდება ეს დასაწვავი ომი, სანამდის უნდა ვდიოთ ჰიტლერს? - ჰკითხა ახლა თეოფანე წულაძემ.
- გვითხარი რამე ისეთი, გულს რომ გაუხარდება! - შეუძახეს აქეთ-იქიდან.
ლექტორი შეცბა.
- გვითხარი, ჰო, გვითხარი!
- მე რა უნდა გითხრათ, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით... - თქვა მან გაუბედავად.
- ზოგი შენ გვითხარი, ზოგს ჩვენ გეტყვით. რომ დაგვდგომიხარ, აბა, თავზე და ამ თავგადათეთრებულ ხალხს ჩანგლის ხმარებას გვასწავლი, სირცხვილი არაა?
- არ მაცალეთ, და... - სცადა თავის გამართლება ლექტორმა.
- როგორ გაცლიდით, ბიძიკო, მაგისთვის გვცალია ახლა ჩვენ? რამე გვითხარი ისეთი, დაგვამშვიდე, გვანუგეშე, იმედიანი სიტყვა გვითხარი... - უთხრა ბეგლარამ.
- ფრონტის ამბავი ასეთია, ამხანაგებო, ომი წელს თუ არა, გაისად გაზაფხულზე მაინც გათავდება. მორჩა გერმანიის საქმე.
- ვინ ადრე შევა ბერლინში, ჩვენ თუ ამერიკა?
- ჩვენ შევალთ, ჩვენი გაჩერება აღარ შეიძლება აწი!
- რაღაც საშინელი ყუმბარა გამოუგონებიაო ჰიტლერს?
- ტყუილია მაგი, ჩვენისთანა იარაღი არავის აქვს ახლა!
- აგაშენა ღმერთმა, ინგლისი და ამერიკა ხომ არ გვიგანებს, არაა მაგენი სანდო.
- აწი ვერ გვიგანებს, ისე, გერმანიას მთელი ჯარი ჩვენკენ ყავს მოყრილი, ამერიკასა და ინგლისს უომრად უთმობს ქალაქებს, ჩვენი შეჩერება უნდა, მაგრამ არ გამოვა!
- მაგი გასაგებია, ისინი ურჩევნია გერმანიას.
- მერე, როგორ იქნება გერმანიის მთავრობის საქმე?
- სასამართლო იქნება, მზადდება უკვე მასალა.
- რომ გადავიდენ ამერიკელებთან, რას შობი მერე?
- მოვითხოვთ და გადმოგვცემენ.
- რომ არ გადმოგვცენ?
- რას ქვია, არ გადმოგვცენ? ნუ გეშინიათ, ხალხო, ყველას გადმოგვცემენ. ყველას ბაწარში გავაყოფინებთ თავს, ვინც ჩვენ გაგვამწარა ამ ხუთი წლის მანძილზე, წვეთ- წვეთად ავიღებთ სისხლს, ისევ დავდგებით ფეხზე, ყველას ოჯახში მოვა სიხარული, ნუ გეშინიათ, ამდენს გაუძელით, ხალხო, ქვეყანა გადარიეთ და ცოტაც მოითმინეთ, თქვენი ჭირიმე, და დედას ვუტირებთ ყველას, ვინც ფეხი დაგვადგა გულზე, - ისე გვთხოვა ლექტორმა, თითქოს ჩვენზე, ამ ასიოდე კაცზე ყოფილიყო ომის ბედი დამოკიდებული და როდესაც გადავხედე წუთის წინ ამრეზილ და ახლა სუნთქვაშეკრულ და სმენად ქცეულ ხალხს, მივხვდი, რომ სწორედ ამ მკაცრ, გულქვა და სათნო ხალხზე იყო დამოკიდებული ომისა და ჩემი ქვეყნის ბედი.
ლექტორი უცებ დადუმდა, მერე დაჯდა და უხერხულად გაგვიღიმა. ხალხი დუმდა.
- ლექცია დამთავრებულია, - თქვა ქიშვარდი თავმჯდომარემ და ადგა. ხალხი აიშალა. ხატია ჩამოვიყვანე და აივანთან მივედით.
- შენ რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, ბიძიკო, - ეუბნება გერასიმე ბიძია ლექტორს და მხარზე ხელს ურტყამს, - ქიშვარდი, ჩემი სტუმრები ხართ ამეღამ ორთავე, შენც, მაკარია, ასალო, შენც...
- რას ბრძანებთ, ბატონო? - ზრდილობიანად იუარა ლექტორმა.
- არავითარი ბატონო, ჩემთან წამოხვალ, ოღონდ საჭმელი ხელით უნდა ჭამო! - უთხრა გერასიმემ და ლექტორს მკლავში ხელი გაუყარა.
დილამდე ისმოდა გადაბმული კრიმანჭული და გაუთავებელი მრავალჟამიერი გერასიმე ბიძიას ეზოდან. * * * QUOTE | - რას ქვია, არ გადმოგვცენ? ნუ გეშინიათ, ხალხო, ყველას გადმოგვცემენ. ყველას ბაწარში გავაყოფინებთ თავს, ვინც ჩვენ გაგვამწარა ამ ხუთი წლის მანძილზე, წვეთ- წვეთად ავიღებთ სისხლს, ისევ დავდგებით ფეხზე, ყველას ოჯახში მოვა სიხარული, ნუ გეშინიათ, ამდენს გაუძელით, ხალხო, ქვეყანა გადარიეთ და ცოტაც მოითმინეთ, თქვენი ჭირიმე, და დედას ვუტირებთ ყველას, ვინც ფეხი დაგვადგა გულზე, - ისე გვთხოვა ლექტორმა, თითქოს ჩვენზე, ამ ასიოდე კაცზე ყოფილიყო ომის ბედი დამოკიდებული და როდესაც გადავხედე წუთის წინ ამრეზილ და ახლა სუნთქვაშეკრულ და სმენად ქცეულ ხალხს, მივხვდი, რომ სწორედ ამ მკაცრ, გულქვა და სათნო ხალხზე იყო დამოკიდებული ომისა და ჩემი ქვეყნის ბედი. |
ეს კი ნაცებს ნამდვილად აკლიათ- გულწრფელობა (ადამიანურობა)
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|