საქართველო მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში
გაეროს მონაცემებით, 1950 წლიდან 1990 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 3.527 მილიონიდან 5.460 მილიონამდე, 54.8%-ით გაიზარდა. 1990 წლიდან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი კლება. ამ მოვლენის უმთავრეს მიზეზს, საქართველოდან მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი, ხოლო შობადობის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენდა. 1990 წლიდან 2000 წლამდე, ერთი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობამ იკლო 715 ათასი ადამიანით. 2000 წლიდან 2010 წლამდე კი _ 526 ათასი ადამიანით. მთლიანობაში, სულ რაღაც ორი დეკადის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 1.241 მილიონით (22.72%-ით) და 2010 წელს კი, 4.219-მდე დავიდა. შესაბამისად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 59 ათასი ადამიანით მცირდებოდა.
მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებით, 1990 წელს საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 0.11%-ით; მომდევნი წლებში, საქართველოს მოსახლეობის კლება კიდევ უფრო დაჩქარდა. 1998 წლიდან 2008 წლამდე საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად სტაბილურად მცირდებოდა, მაქსიმუმ 1.25%-ით და მინიმუმ 1.17%-ით. წლიური პროცენტული მაჩვენებელი ოდნავ მერყეობდა. 2009 წელს საქართველოს მოსახლეობის კლება ყველაზე დაბალი იყო ბოლო 18 წლის განმავლობაში და 1.09%-ით შეადგინა, რაც დადებითი მოვლენაა.
გაეროს მონაცემებით, უკვე დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის 19 პროცენტზე მეტი 60 წლის ასაკს გადაცილებულია და ეს პროცესი მომდევნო ათწლეულებში უფრო დაჩქარდება.საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით მართლაც სავალალოა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებგვერდზე წარმოდგენილი 2011 წლის მონაცემებით, საქართველო მოსახლეობა, მატების ტემპის მიხედვით, აღრიცხულ მსოფლიოს 232 ქვეყანასა და დამოკიდებულ ტერიტორიას შორის 217 ადგილზეა, ანუ მოსახლეობის კლების ტემპით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე მე-16 ადგილზეა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, შობადობის მხრივ, საქართველო მსოფლიოში 179-ე, ანუ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ერთ ქალზე ცხოვრების განმავლობაში აბორტების მთლიანი რაოდენობით (საშუალოდ 3.7 აბორტი) საქართველო აშშ-ის ორგანიზაციის United States Agency For International evelopment (USAID) მონაცემებით, პირველ ადგილზეა, არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში, არამედ, სავარაუდოდ, ასევე მთელს მსოფლიოში.
ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მსოფლიოს მოსახლეობის 28.36 პროცენტიანი მატების ფონზე, საქართველოს მოსახლეობა 22.72%-ით შემცირდა.
მაშინ, როდესაც საქართველოს მეზობელი თურქეთის მოსახლეობა 1990 წლიდან 2010 წლამდე, 19.619 მილიონით (34.98%-ით), ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 1.722 მილიონით (23.87%-ით) გაიზარდა, საქართველოს მოსახლეობა 1.241 მილიონით (22.72%ით) შემცირდა. შედეგად, დღეისთვის საქართველოს მოსახლეობა, (4.219 მილიონი) თურქეთის მოსახლეობაზე (75.705 მილიონი) თითქმის 18-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობაზე (8.934 მილიონი) 2.1-ჯერ ნაკლებია. თუკი გაეროს საშუალო ვარიანტის პროგნოზით ვიმსჯელებთ, 2050 წლისთვის, როდესაც თურქეთის მოსახლეობა _ 21.684 მილიონით, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 1.645 მილიონით გაიზრდება, საქართველოს მოსახლეობა 952 ათასით (3.267 მილიონამდე) შემცირდება.
იმ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებშიც 1990-2010 წლებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, საქართველომ პროცენტულად ყველაზე მეტი მოსახლეობა დაკარგა. კერძოდ, მაშინ, როდესაც 1990-2010 წლებში სომხეთის მოსახლეობა 12.83 პროცენტით, ხოლო რუსეთის მოსახლეობა მხოლოდ 5.19 პროცენტით შემცირდა, საქართველოს მოსახლეობამ 22.72%-ით იკლო. ამჟამად საქართველო, მის მეზობელ ქვეყნებს შორის, რუსეთის გამოკლებით, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობის წლიური მატების ნაცვლად, წლიურ კლებას განიცდის. თავად რუსეთთან შედარებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის კლების წლიური მაჩვენებელი რუსეთისას თითქმის 1 პროცენტით აღემატება.
http://sazogadoeba.ge/?post_id=16პ.ს.რა დროს ნაცი-ქოცია.სასწრაფოდ თუ არ ავდღნაულდით მალე საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოვჩნდებით.
This post has been edited by lasa on 11 Apr 2014, 13:13