საბა კვირკველია რუსეთის ნაკრებში თამაშზე: ქართველი ვარ და ეს ამბავი არ გამოვა!
ყაზანის "რუბინის" დამრიგებელი რინატ ბილიალეტდინოვი ქართველ მცველ საბა კვირკველიას უფრო და უფრო ენდობა - უკვე ზედიზედ მეექვსე მატჩია, ძირითად შემადგენლობაში აყენებს.
"ლელო" ჯერ კიდევ მარტის ბოლოს წერდა, რომ საბა კვირკველიათი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო იყო დაინტერესებული და მისი მიწვევა სურდა; ბოლო დროს კი რუსულ საფეხბურთო წრეებში ქართველის გადაბირების შესაძლებლობაზე უკვე აქტიურად საუბრობენ.
იხილეთ: ფაბიო კაპელოს საბა კვირკველიას რუსეთის ნაკრებში მიწვევა მოუნდა
იხილეთ: რუსები საბა კვირკველიას თავიანთ ნაკრებში გადაბირებაზე მსჯელობენ
საბა კვირკველიას ყაზანში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ. სამტრედიაში დაბადებული მოთამაშე ამბობს, რომ საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლას არ აპირებს...
- ფაბიო კაპელომ რუსეთის სახელით თამაში პირადად შემოგთავაზათ?
- მე არა, მაგრამ "რუბინს" და ჩემს აგენტს ელაპარაკა. უთქვამს, რომ მოსაფიქრებლად დროს მაძლევს და რომ ჩემს კანდიდატურას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განიხილავს.
- ამ წინადადებაზე უკვე ფიქრობთ?
- ასეთ მწვრთნელთან მუშაობა ნებისმიერი დონის მოთამაშის ოცნებაა და ცხადია, მისი დაინტერესება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
ძალიან გამიხარდებოდა, კაპელო რომელიმე ძლიერ გუნდში რომ გადავიდეს და იქ მიმიწვიოს, მაგრამ მე ქართველი ვარ და ეს ამბავი არ გამოვა.
- შევიტყვეთ, რომ მოქალაქეობის შეცვლის საფასურად, რუსები დიდძალ ფულსაც გთავაზობდნენ...
- მთავარია, რომ მე საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს, მოქალაქეობას არ შევიცვლი და ვინ რა შემომთავაზა, ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს.
- ნაკრებში დიდად არც გენდობიან და კარგია, თუ მოქალაქეობას მაინც არ თმობთ...
- გამოძახებისთვისაც მადლიერი ვარ თემურ ქეცბაიასი და მჯერა, ადრე თუ გვიან ნაკრებში თამაში მეც მომიწევს.
- როგორც ჩანს, "რუბინში" მყარად დამკვიდრდით...
- ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა ვითამაშე და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.
http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhb...-ar-gamova.html
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...