ნოდარ ხადური: „რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორნგის დაწყებასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს“
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორნგის დაწყებასთან დაკავშირებით „სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს“.
„თქვენ იცით, რომ დადებულია ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხებოდა. მიმდინარეობს მოლაპარაკება შვეიცარიულ მხარესთან და იმ კონკრეტულ კომპანიასთან, რათა დავაზუსტოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის – როგორც რუსულ მხარესთან, ისე შვეიცარულთან და კონკრეტულ კომპანიასთან. საქმეში ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეა ჩართული“, – განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება მოლაპარაკებების დეტალებს, ხადური მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე საუბარი მიზანშეწონილი არაა.
„ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ. იცით, რომ იქ სამ ზოლზე, სამ დერეფანზეა საუბარი – ლარსის საბაჟო, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და აფხაზეთის ტერიტორია. სხვა ინფორმაციის გაჟღერება მიზანშეწონილი არაა“, – განმარტა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საზღვარზე ერთობლივი მონიტორინგის პირობა ქართულმა მხარემ რუსულს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ერთ–ერთ პ[ირობად წაუყენა და დაითანხმა კიდეც. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში მიღწეული ამ შეთანხმების თანახმად, მონიტორინგი შუამავალი ქვეყნის – შვეიცარიის ერთ–ერთ კომპანია SGS-ს უნდა განეხორციელებინა, თუმცა პროცესი ადგილიდან ამ დრომდე არ დაძრულა.
ცნობისთვის, SGS მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა ინსპექტირების, ტესტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების მიმართულებით. კომპანიის ისტორია 1878 წლიდან იწყება. SGS-ის ერთ-ერთი მიმართულება სავაჭრო ინფორმაციების შექმნა, დამუშავება და გადამოწმებაა.
http://www.frontnews.ge/ge/news/36992-%E1%...h.j4GSRXaL.dpuf