„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ეკა გიგაური, ბადრი ბიწაძის ხელმძღვანელობის პერიოდში, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. გაზეთი „ალია“, გიგაურის მუშაობის პერიოდში, 2005-2006 წლებში გამოცხადებულ ტენდერზე წერს, რომ სატენდერო კომისიას, „ალიას“ ინფორმაციით, სწორედ ეკა გიგაური ხელმძღვანელობდა. ტენდერის ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენდა. საქმე ეხებოდა სამხედრო უნიფორმის შეკერვას. როგორც გაზეთს ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო პირი უყვება, ტენდერში მონაწილეობდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის – ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა, თუმცა, გამარჯვებულად გიგაურის ახლო ნათესავის, კერძოდ მისი ძმის, მიხეილ გიგაურის მმართველობის ქვეშ მყოფი ფირმა გამოცხადდა, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ასევე არ გააჩნდა სამკერვალო საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობა.
„რომ არ ყოფილიყო ინტერესთა კონფლიქტი, მიხელ გიგაურმა ხსენებული ფირმა უცნობ პირზე დაარეგისტრირა. გარიგების შემდეგ, სატენდერო პირობების შესრულების მიზნით, ქვემოიჯარედ დაიქირავა ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა, რითაც აშკარად შექმნა ე.წ. „ატკატის“ მიმღები საშუამავლო რგოლი. იმ პერიოდში სასაზღვრო პოლიციას ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე ხელმძღვანელობდა. ბიწაძისთვის გარიგების შესახებ ყველაფერი ცნობილი იყო“, – წერს გაზეთი წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. წყაროსვე ინფორმაციით, 30 ივნისს ბადრი ბიწაძე ეკა გიგაურს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა როგორც „ალიას“ გიგაურმა განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ არის.
„თქვენ მე შეურაცხყოფას მაყენებთ. ტენდერში მონაწილე არც ერთი კომპანია არ არის ჩემს ძმაზე გაფორმებული, ის ბიზნესმენი არასდროს ყოფილა. არ ვიცი, რა ვთქვა. ასეთ ტყუილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა „ალიასთან“ საუბრისას.

გამარჯობა ნინო

აღდგენილი სამართლიანობა
წყარო