რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება, ზოგადი შეფასებით დავიწყოთ: გაუმჯობესდა თუ არა ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული ვითარება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ? და, თუ გაუმჯობესდა, რომელ სფეროებში მოხდა ეს?
ნილს მუჟნიეკსი: ვფიქრობ, ყველაზე დიდი გაუმჯობესება აღინიშნა ციხეებში არსებული პირობებისა და [პატიმრებთან] მოპყრობის თვალსაზრისით. და ეს ძალიან სერიოზული წინსვლაა, რადგან საუბარია ადამიანის უფლებათა მეტად სერიოზულ დარღვევებზე: სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევებზე. ჩემზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საპატიმრო სისტემაში ვითარების გაუმჯობესების მასშტაბმა - ციხეების გადავსების შემცირებამ, ჯანდაცვის თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებამ, საპატიმროებში არსებული ვითარების გამჭვირვალობისა და საზოგადოების მხრიდან ყურადღების ხარისხის მატებამ. პატიმრები თავად აღნიშნავენ, რომ მოხდა დიდი, დიდი ცვლილება. და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ძალიან სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. სხვა სფეროებში შედარებით ნაკლები მასშტაბის პროგრესი ვიხილეთ, თუმცა წინსვლა მაინც არის. მაგრამ პრობლემებიც რჩება - როგორც სამართლის ადმინისტრირების, ისე, განსაკუთრებით, უმცირესობების უფლებებთან და LGBTI პირებთან მიმართებით.
რადიო თავისუფლება: წამებასა და „ციხის სკანდალად“ წოდებულ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, 2012 წელს თქვენ წერილი მისწერეთ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, რომელშიც გამოთქვით მოწოდება ეფექტიანი გამოძიებისა და ყველა დამნაშავის დასჯისკენ - არა მხოლოდ წამების უშუალო შემსრულებლებისა, არამედ ყველა ოფიციალური პირის, რომლებმაც წამების ბრძანება გასცეს, ან ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. დღევანდელი პერსპექტივიდან, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანად გაუმკლავდა ქვეყანა ამ საკითხს? თქვენს ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი პირი საერთოდ გათავისუფლდა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საჯარო გახადა ეს ვიდეოჩანაწერები.
ნილს მუჟნიეკსი: ჩემი აზრით, ადამიანის უფლებათა სერიოზული ხელყოფის შემთხვევაში დაუსჯელობა დაუშვებელია. მაშინაც კი, თუ ესა თუ ის პირი პროკურატურასთან ითანამშრომლებს, მას პასუხისმგებლობა სრულად არ უნდა მოეხსნას. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის სხვებს - რომ მსგავსი დანაშაული შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. თუმცა, საერთო ჯამში ხელისუფლებამ, ვფიქრობ, საკმაოდ სწრაფად და გადაჭრით იმოქმედა თანამშრომლების, კანონმდებლობის შეცვლის თვალსაზრისით. კმაყოფილი ვარ, რომ არაერთმა პირმა საკმაოდ ხანგრძლივი სასჯელი მიიღო. ვიცი, რომ საქართველოში მიმდინარეობდა დისკუსია იმის შესახებ, ექვსი ან შვიდი წელი ბევრია თუ ცოტა. მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს ციხეებში ექვსი წელი საკმაოდ დიდი დროა. თუმცა, საქმე მართლაც მძიმე დანაშაულს ეხება.
რადიო თავისუფლება: ეს დისკუსია მართლაც მიმდინარეობს და არაერთი ადვოკატი აცხადებს, რომ პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომელიც ორ პირს მიესაჯა - ექვსი წელი და ცხრა თვე - წამების დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ მინიმუმსაც კი არ შეესაბამება. პარალელურად, ახალი ხელისუფლება აცხადებდა, რომ წინა მთავრობის პირობებში ციხეებში წამება „სისტემური“ დანაშაული იყო, რომელიც ხელისუფლების მაღალ შტოებსაც მოიცავდა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
ნილს მუჟნიეკსი: დიახ, ვიცნობ ამ ბრალდებებს. როგორც სახალხო დამცველი, ისე წამების პრევენციის კომიტეტი, წლების განმავლობაში იმეორებდნენ, რომ ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული. ჩემთვის რთულია იმის დაბეჯითებით თქმა, ეს „სისტემური“ იყო თუ არა. თუმცა ცხადია, რომ ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული. ამას ადასტურებს საჩივრების დიდი რაოდენობაც, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატსა და პარლამენტში, და რომლებიც პატიმართა უფლებების შელახვას ეხება. პროკურატურის მუშაობაში ყველა ეს ცნობა ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს განხილული, შესწავლილი და მნიშვნელობის მიხედვით დალაგებული. ვიცი, რომ საჩივრები სხვა საკითხებსაც ეხება - მაგალითად, კერძო საკუთრებას. მაგრამ ციხეებში პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა და მათი წამება, ვფიქრობ, პრიორიტეტული საკითხები უნდა გახდეს და ძალიან სერიოზული ყურადღება მიექცეს.
კმაყოფილები ვართ, ადამიანის უფლებების დამრღვევები ცოხეში რო ჩასვითო,
დანარჩენი საქმეებიც გამოიძიეთ და ყველა დასაჯეთო
http://www.tavisupleba.org/archive/geo-hum.../1008/1011.html This post has been edited by 7171 on 13 May 2014, 01:21