პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცენტრის მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უმაღლესი საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის, მეორე მხრივ კი საჯარო სექტორის უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით დეფიციტურ მიმართულებებში და საერთაშორისო ცოდნის შემოტანა.
"განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სამ ისეთ ძირითად პროგრამას, როგორიცაა წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება, საზღვარგარეთ მყოფი წარმტებული სპეციალისტების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოელი სპეციალისტების ქვეყანაში მოწვევა და მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და მესამე - პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზება საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეთათვის", - განაცხადა ნინო კობახიძემ.
მისივე განმარტებით, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა დაფინანსებას.
"დაფინანსების მოსაპოვებლად ცენტრის კომისიამ შეარჩია მაქსიმალურად ობიექტური კრიტერიუმები როგორიცაა მაღალი აკადემიური მოსწრება, პირადი მოტივაცია, შერჩეული ფაკულტეტის თანხვედრა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ განვითარების პრიორიტეტებთან", - აღნიშნა მან და განმარტა, რომ პრიორიტეტული მიმართულებებია სამართალი, აგრარული, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, არქიტექტურა, ურბანული განვითარება, სოციალური მეცნიერებები, თავდაცვა და უსაფრთხოება.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, სამაგისტრო და სადოქტორო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტები იღებენ ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, იმსახურონ საჯარო სექტორში სულ მცირე 3 წელი და მიღებული ცოდნა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები წელიწადში ერთხელ გამოცხადდება.
"წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი მსურველების საბუთების მიღებას დაიწყებს 7 მაისიდან და ეს პროცესი გაგრძელდება 7 ივლისამდე", - დასძინა ნინო კობახიძემ.
აღნიშნული პროგრამის ღირებულება 7 მილიონამდე ლარს შეადგენს. მის განხორციელებას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს კურირებას.
წყარო: აიპნ
ოფიციალური საიტი:
http://www.iec.gov.ge/2014-2015 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
სამართალი
აგრარული მეცნიერებები
ინჟინერია და ტექნოლოგიები
განათლება
ზუსტი და საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებები
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულებები
ურბანული განვითარება, არქიტექტურა, რესტავრაცია და კონსერვაცია
სოციალური მეცნიერებები
თავდაცვა და უსაფრთხოება
ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
ბიზნესის ადმინისტრირება
პრიორიტეტულად მიჩნეულია მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეიტინგო სიებიდან პირველი 100 უნივერსიტეტი სპეციალობების მიხედვით.
ძალიან მაგარი სიახლეა!!!
სტუდენტების გაშვება უცხოეთში სასწავლებლად დაბრუნების ვალდებულებით და დასაქმების პირობით საჯარო სამსახურში!