mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#40026938 · 28 Feb 2014, 21:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dani94
QUOTE | ერთ-ერთი სოციალური ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ის ორჯერ არის ნასამართლევი: არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობისთვის (პედოფილია) და შემდეგ ხულიგნობისთვის! |
(მაპატიოს მკითხველმა მემუარისეული გადახვევა)
ეპ. სპირიდონ აბულაძე... ეს ადამიანი ჩემი დიდი ტკივილია... ერთ დროს, მისი უახლოესი სულიერი ძმა ვიყავი... ახლოს ვიყავი მის ოჯახთან (მამა ფილოსოფოსი იყო, დედა _ ექიმი): მისი ძმა (თანასკოლელები ვიყავით) ბავშვობიდან პატივისცემით მეპყრობოდა (დაუმსახურებლად). მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე (ბერობის გამო დაშორიშორდნენ), პატიოსანი და პატრიოტი ქალბატონი კი, როგორც მეუბნებიან, დღემდე ინარჩუნებს ჩემს მიმართ სიყვარულსა და თანამოაზრეობას (ყოველ შემთხვევაში, ეროვნულ საკითხებში). ჰყავთ კარგი შვილები. გ. აბულაძე გავიცანი 1987წ., 20წ. ასაკში _ ერისკაცმა ერისკაცობაში. ის-ის იყო, ქრისტეანი გავხდი _ ახალი მონათლული ვიყავი. ციხიდან ახალი გამოსული იყო*. პირველად ვნახე რწმენით ანთებული ადამიანი, რომელიც არააკადემიური, მაგრამ გასაგები ენით, ყველაზე მეტად დამეხმარა თეოლოგიისა და ქრისტეანობის საფუძვლების გააზრებაში; ეპისკოპოსზე მეტადაც კი (ვინც იმხანად ჩემი სულიერი მამა გახლდათ). მალევე გამაცნო მაშინდელი ანტისაბჭოთა დისიდენტები _ ზ. გამსახურდია, მისი შვილი _ კონსტანტინე, მ. კოსტავა და თ. ჩხეიძე, რომლის ჯგუფთანაც ქმედითად საქმიანობდა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას და ლექტორობისას (აქედან, არ გამოირიცხება მისი პატიმრობების ინსპირირება და მოტივირება). შემდეგ, დაიწყო რამდენიმეგზისი მისიონერული მოგზაურობა თითქმის მთელი საქართველოს მოცულობით (ზოგჯერ მგზავრობის თანხაც არ გააჩნდა _ ხან ვის დაჰყავდა და ხან _ ვის). ხალხს არწმუნებდა ღმერთის არსებობაში, ასწავლიდა პირჯვრის გამოსახვას, ლოცვა-გალობას, უზომოდ ლოცულობდა (განსაკუთრებით დედა-ღვთისმშობელი უყვარდა). ჯერ კიდევ 1989წ. 9 აპრილამდელი ეპოქა იდგა და იყო დევნა, მუქარა, თვალთვალი... ამ საქმიანობაში ზვიადი და მერაბი ყოველმხრივ ედგნენ გვერდით. მისი ჯგუფის თანმხლები ვიყავი თითქმის ყველგან _ საჭურველთვმტვირთველობდი და როგორც მუსიკოსი, გალობაში ვეხმარებოდი... იყო N1 ანტისტალინისტი (მოგვიანებით, სტალინისტი გახდა _ აღმოაჩინა რა ილია II-ის დადებითი დამოკიდებულება წყეული ჯუღაშვილისადმი). ქართული ეროვნული მოძრაობის მრავალათასიან მიტინგებზე რელიგიური ,,განყოფილება“ მას ჰქონდა მიბარებული ორგანიზატორთა მიერ და ისიც ღვთის სიტყვის გასავრცელებლად იყენებდა ვითარებას. ბევრი ადამიანი ჰყავს მოქცეული სარწმუნოებაში; მათ შორის, ათეისტები და მაჰმადიანები. ერთხელ, როცა თვითონ აჭარაში ქადაგებდა, მის მაგივრად მოგვიწია, ,,მამაო ჩვენო“ წარმოგვეთქმევინებინა თბილისში, ,,ლენინის მოედანზე“ უამრავი ხალხისთვის (უძაღლო ქვეყანაში კატა ააყეფესო...), რომელიც წყეული ლენინის ძეგლის ჩამოგდებას მოვითხოვდით კომუნისტური ხელისუფლებისგან. 1989წ. აფხაზეთში, წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის წამების ადგილის მოსალოცად მორწმუნეთა ჯგუფი ჩავედით. გ. აბულაძემ ქართველი ერის ტყვეობიდან გამოსახსნელ და გადარჩენის გზებზე შთამაგონებელი სიტყვა წარმოსთქვა ახალი ათონის გამოქვაბულში (ზვიადი, მერაბი და სხვა დისიდენტებიც გასუსულნი ისმენდნენ). მას ვუყურებდი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მოღვაწე და მხურვალე მორწმუნეს. მის პატრიარქად არჩევაზეც კი გვიფიქრია... მოგვიანებით, როცა ეროვნული ხელისუფლება მოვიდა, გახსნა სასულიერო სასწავლებლები აჭარასა და სხვა მხარეებში. მიუხედავად ჩვენს შორის უკვე არსებული დაპირისპირებისა (გამარჯვებულის მხარეს ირჩევდა), მასწავლებლად და მეურვედ დამნიშნა ერთ-ერთ სასწავლებელში, საიდანაც მალე ,,გამომაგდო“ ორი ბრალდებით: ,,პატრიარქის მტერი (მის საეკლ. პოლიტიკას არ ვიზიარებდი) და ზვიადისტი (ძმათა სისხლით მოსულ უკანონო ხელისუფლებას არ ვცნობდი)!“. ______________ *როგორც მისგანვე ვიცი, პირველად დააპატიმრეს იმის გამო, რომ კავშირი ჰქონდა ერთ გოგონასთან, რომელთანაც ორმხრივი სიყვარული აკავშირებდა; ცოლად სურდა მისი შერთვა, მაგრამ გოგოს ოჯახმა უჩივლა... მეორედ კი იმისთვის შეაბრუნეს ციხეში, რომ საკუთარ მამას გამოესარჩლა.
QUOTE | ამავე დროს მისი ყოფილი კავშირების შესახებ საბჭოთა კგბ-სთან და დღევანდელ ფსბ-სთანაც დიდი ხანია ცნობილია. მოკლედ ეს ადამიანი სულით ხორცამდე კრემლის სამსახურში დგას! |
იმხანად, უკვე, მღვდელი იყო _ მამა გრიგორი (იპოდიაკონი ვიყავი). როცა პუტჩით დამხობილმა ზ. გამსახურდიამ ემიგრაციიდან საქ. პატრიარქატის ზოგიერთ ღვთისმსახურსა და ერისკაცზე საბჭოთა უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის ამსახველი ,,სააღრიცხვო ბარათები“ გამოააშკარავა, მ. გრიგორის ვეუბნები, _ მამაო, თუ დადასტურდა ილია მეორეზე შევსებული ,,ანკეტის“ ნამდვილობა, უნდა გადადგეს-მეთქი. ამაზე ღრმად ჩაფიქრდა და ბოლოს, მიპასუხა: გამორიცხულია! ანუ თეორიულადაც კი გამორიცხავდა ადამიანის, თუნდაც პატრიარქის, დაცემას პროფესიით კიბერნეტიკოსი, ანალიტიკურად მოაზროვნე და განათლებული კაცი*... იმ დღიდან საბოლოოდ გაიყო ჩვენი გზები... მანამდე იყო სრული თანამოაზრეობა და ლოცვასა და უმაღლეს მატერიებზე სჯა-ბაასში გატარებული დღეები თუ გათენებული ღამეები... ბოლოს, მაიძულა, არისტოტელესავით აღმომხდენოდა: პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება _ უფრო ძვირფასი!.. შეგვეძლო, საქ. პატრიარქატში კარიერა მოგვეწყო (ჩვენი ყოფილი მოსწავლეები მაღალიერარქები გახდნენ), მაგრამ ეს დაგვიჯდებოდა სინდისის ტყვეობა, რომელიც ,,სამშობლო მთების“ (ი. ჭავჭავაძე) და ,,სალი კლდეების გაცვლაზეც“ (რ. ერისთავი) კი უფრო მტანჯველია, არათუ _ სულიერი თავისუფლების... როცა დავრწმუნდი, რომ საქართველოში სიცრუის სული ზეიმობდა როგორც ერში, ასევე, საეკლ. იერარქიაში, გულისტკივილით, იძულებით დავტოვე ქვეყანა, რომლისგანაც განშორებას მანამდე მეც გამოვრიცხავდი... გავიდა 8 წელიწადი და შინ ჩასულს მთხოვეს, აწ უკვე მიტროსან დეკანოზ გრ. აბულაძეს შევხვედროდი. სიხარულით მიმიღო თავის რეზიდენციაში. წმინდად ეკლესიოლოგიურ საკითხზე _ ევქარისტიული კავშირის ფილოსოფიაზე გავესაუბრე, ოდენ. ისევ არააკადემიურად მიპასუხა... მას მერე, ისევ 8 წელი გავიდა და დღემდე არ შევხვედრივართ ერთმანეთს. თუმცა, ერთხელ, რამდენიმე წლის წინათ, ტელეფონით დამიკავშირდა და მთხოვა, ილოცე ჩემთვის, გული მაწუხებსო. ვუთხარი, _ აბა, ,,განდგომილი“ კაცის ლოცვას რა ძალა აქვს; ისე, კი ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს-მეთქი! მომიგო: რას ამბობ, შენ ყოველთვის სიმართლეს ამბობდი!.. ______________ *ამასწინათ, ერთ-ერთ ,,პოსტში“ რომ დავწერე, ვიცი სასულიერო პირები, ვისაც 1000-ზე _ ათასზე _ მეტი წიგნი აქვს წაკითხული-თქო, ერთ-ერთში სწორედ ის ვიგულისხმე. ჯერ კიდევ 26 წლის წინ მინახავს, როგორ ელვისებურად კითხულობდა: ე. წ. სამკუთხედის (ამოყირავებული პირამიდის) პრინციპით, როცა ყველა სიტყვას არ უმზერ და წინადადებიდან თუ აბზაცებიდან აზრი სამწერლობო ლოგიკითა და ნაკითხობის გამოცდილებით გამოგაქვს. * * *
QUOTE | მისი ყოფილი კავშირების შესახებ საბჭოთა კგბ-სთან და დღევანდელ ფსბ-სთანაც დიდი ხანია ცნობილია. |
რასაც გულისხმობთ, თუ შეიძლება, მეც გამაცანით!
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 28 Feb 2014, 22:16
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|