დაცვის მხარე ბაჩო ახალაიას პატიმრობიდან დღეს გათავისუფლებას არ გამორიცხავს
13:06 23-05-2014
დაცვის მხარე ბაჩო ახალაიას პატიმრობიდან დღეს გათავისუფლებას არ გამორიცხავს ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაჩო ახალაია დარბაზიდან გათავისუფლდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
ველიჯანაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დღეს წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, შუამდგომლობას დააყენებს ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
"თუკი ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, ბაჩო ახალაია დარბაზიდან გათავისუფლდება", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა. მისი განცხადებით, აღკმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარეების შუამდგომლობების დასაშვებლობასთან დაკავშირებით. ბრალდებისა და დაცვის მხარეები მტკიცებულებათა ნუსხიდან გარკვეული მტკიცებულებების ამოღებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შუამდგომლობები წინა სასამართლო პროცესზე დააყენეს.
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. ამავე ეპიზოდზე ბრალი წაყენებული აქვს დათა ახალაიას, თუმცა მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
ბაჩო ახალაიას ბრალად წამება და უფლებამოსილების გადამეტება ედება, ქარდავას და მაზმიშვილს კი, განზრახ მკვლელობა.