სასამართლომ უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება არაკონსტიტუციურად ცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მერის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს "ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას".
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო.
სასამართლო განაჩენის გამოცხადებას თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა.
გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.
აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო (ტაბულა, კიკიმარა, მოპარული მილიარდებე, კეზერაშვილე, ბოკერიას ცოლე, ბედუკაძის ცოცხებე, 9 წელე)» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «