დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს მერაბ კოსტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ -- ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ.
1946 წელს მერაბ კოსტავა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში დღევანდელ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. სწორედ აქ გაიცნო მან თავისი დიდი მეგობარი და თანამებრძოლი, საქართველოს მომავალი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის პრემიები აქვს მინიჭებული.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად გააგრძელა. იგი 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
ეროვნული გმირის საფლავზე დღეს, ტრადიციულად, მისი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
http://medianews.ge/ge/dghesmerabkostavas7...ruldeboda/77521