სალამი ბავშვებო
ამ განყოფილებაში იშვიათად ვპოსტავ, მაგრამ წიგნი ჩემი ცხოვრების ნაწილია.
მაქვს ახალი პროექტი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ და თბილისის ფორუმის სახელით თუ ჩაერთვებით ამ პროექტში ძალიან გამახარებთ
„წ ი გ ნ ი უ კ ე თ ე ს ი ა!“
ასე დავარქვით ჩვენს პროექტს, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ. ეს არის მოწოდება ყველასთვის - პატარებისთვის და დიდებისთვის, ქართველებისთვის და უცხოელებისთვის, ყველასთვის ვინც დედამიწაზე ცხოვრობს.
დღეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმედ დგას წიგნიერების საკითხი. ალბათ ყველას გვაქვს ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით რამდენიმე სიუჟეტი ნანახი, სადაც ქართველი ახალგაზრდები გაჭირვებით პასუხობენ უმარტივეს კითხვებს. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არაა. ახალი ტექნოლოგიები ეტაპობრივად ანაცვლებს წიგნთან კითხვის და მასთან მუშაობის რიტუალს. იქმნება ონლაინ ბიბლიოთეკები, სპეციალური საკითხავი მოწყობილობები, წიგნის კითხვა შესაძლებელია კომპიუტერში, მობილურებში, პლანშეტებში. უკეთეს შემთხვევაში მკითხველი წიგნს ამ მოწყობილობებით ანაცვლებს, უარესში კი საერთოდ აღარ კითხულობს წიგნს. შემეცნების ან თუნდაც სასიამოვნო დროის გატარებისთვის ტელევიზორის ყურებას, ან კომპიუტერულ თამაშებს ამჯობინებს.
ამ მხრივ საფრთხე ემუქრებათ არა მარტო მოზრდილებს, არამედ სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს წიგნების კითხვა უმეტეს შემთხვევაში მშობლების და ოჯახის წევრების მაგალითზე უყვარდება. თუკი ოჯახში წიგნის კითხვას სათანადო ყურადღებას და დროს არ უთმობენ ცხადია, ბავშვსაც არ დააინტერესებს ეს პროცესი.
ჩვენი კამპანიის მიზანი:
წიგნი გახდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დავანახოთ მშობლებს, რომ ბავშვისთვის წიგნებთან ურთიერთობა სასარგებლოა მათი განვითარებისთვის და წიგნიერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვებს დამოუკიდებლად კითხვა არ შეუძლიათ, არ ნიშნავს იმას, რომ წიგნი მათ ცხოვრებაში არ უნდა არსებობდეს. პირიქით, ეს არის მშობლების შანსი უფრო მეტად დაუახლოვდნენ პატარებს, ერთად გაიზიარონ წიგნის კითხვის სიამოვნება და რაც მთავარია ბავშვებმა მშობლისგან აიღონ წიგნების კითხვის მაგალითი.
კამპანიის ფარგლებში გვინდა შევქმნათ მოძრავი საბავშვო წიგნების მაღაზია
ამდენი წიგნის შეძენის სახსრები მე მარტოს არ მაქვს... არცერთი არასამთავრობოსთვის არ მიმიმართავს. თუმცა მინდა გავაკეთო კეთილი საქმე.
თუ გაქვთ სახლში საბავშვო წიგნები, რომელსაც აღარ კითხულობთ ან აღარ უკითხვთ პატარებს, ან თუ გაქვთ იმის საშუალება რომ თუნდაც 1-2 ლარიანი წიგნი შეიძინოთ და მომეხმაროთ საბავშვო ბიბლიოთეკის გაკეთებაში ძალიან გამიხარდება. მინდა, რომ ამ ბიბლიოთეკამ იაროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ქალაქებში სოფლებში და პატარებს უფასოდ დავურიგოთ წიგნები...
მგონი არაა ურიგო საქმე...
საბავშვო წიგნების მაღაზია მინდა, რომ ასე გამოიყურებოდეს. ამისთვის ცხადია ცალკე სახსრებია საჭირო, მაგრამ პირველ ეტაპზე რაც მჭირდება, ეს არის წიგნები წიგნები და კიდევ უფრო მეტი წიგნები.
ფორუმის სახელით იქნებ გავაკეთოთ კეთილი საქმე
დავუმტკიცოთ ყველას, რომ წიგნი უკეთესია!
ეს პროექტის ფეიჯი, რომელიც შეგიძლიათ მოიწონოთ და გააზიაროთ
https://www.facebook.com/wigniuketesia
მიმაგრებული სურათი