"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2014 წლის აპრილის მდგომარეობით "საქართველოს რკინიგზაში" შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, კომპანიამ წელიწადნახევარში 10 -წლიანი რეგრესი განიცადა. მათი მტკიცებით, ეს იმის შედეგია, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიას სრულიად არაკომპეტენტური ხალხი მართავს.
„2014 წლის გადაზიდვების გეგმად განისაზღვრა 20 მილიონი ტონა ტვირთი, რაც წარმოადგენს 2011 წლის მაჩვენებლს. ჩვენს ხელს არსებული აპრილის მონაცემებით, მოსალოდნელი შესრულება არის 15 მილიონი ტონა. ეს არის 2004 წლის მაჩვენებელი. ანუ კომპანიამ წელიწადნახევარში განიცადა 10 წლიანი რეგრესი! ეს არის შედეგი იმისა, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიას მართავს სრულიად არაკომპეტენტური ხალხი.
ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტში უხეშად ერეოდნენ და ერევიან არაუფლებამოსილი პირები “ექსპერტ“ გია ხუხაშვილისა დ ბ–ნი ივანიშვილის „საყვარელი დეიდაშვილის“ ბ–ნი უჩა მამაცაშვილის სახით.ეს არის შედეგი იმისა, რომ მოხდა გადამზიდავის მონოპოლიზაცია და ისეთი
სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რომელიც იძლევა კორუფციული გარიგეგებების დადების შესაძლებლობას“,-ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ასეთ ვითარებაში ზედმეტია საუბარი როგორც თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, რომლის დასაფინანსებელი სახსრებიც რკინიგზას აღარ აქვს, ისე შეკვეთებზე ელმავალმშენებელი და ვაგონმშენებელი ქარხნებისთვის, რომელთა თანამშრომლების უდიდესი ნაწილი თვეებია უხელფასო შვებულებაშია გაშვებული.
„კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს რკინიგზაში არსებული პრობლემების გამო: მილიონობით ტონა დაკარგული ტვირთი აზიიდან ევროპაში ხვდება საქართველოს გვერდის ავლით, ანუ რუსეთის გავლით და ეს არის დაკარგული კონკრეტული შემოსავლები საქართველოსთვის.
ეს ნიშნავს, რომ ხდება საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის – სრული ეროზია, რაც ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა“,-აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
პარტიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს რკინიგზის არაკომპეტენტური მენეჯმენტისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავის რკინიგზის საქმიანობაში ჩარევის შედეგად საქართველოს რკინიგზამ 2013 წელს 3 მილიონი ტონა ტვირთი დაკარგა.
„2014 წლის იანვარში ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა განცხადება საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით რომ, საქართველოს რკინიგზის არაკომპეტენტური მენეჯმენტისა და ბ–ნი ივანიშვილის ნათესავის რკინიგზის საქმიანობაში ჩარევის შედეგად, საქართველოს რკინიგზამ 2013 წელს დაკარგა 3 მილიონი ტონა ტვირთი. შემცირდა ნავთობპროდუქტების, მარცვლეულის, შაქრის, რკინისა და მარგანეცის მადნის, ფერადი ლითონების, ქიმიური და მინერალური სასუქების, კონტეინერების, რეფრიჟერატორული ვაგონებით გადაზიდული ტვირთების მოცულობა. გაუარესება აღინიშნებოდა ყველა ძირითადი ტვირთის გადაზიდვის დინამიკაში. საპასუხოდ, საქართველოს რკინიგზამ გააკეთა სრულიად არასერიოზული განცხადება და ტვირთების მოცულობის კლების მიზეზებად მოიყვანა არაადექვატური და ცინიკური არგუმენტები“,-აცხადებენ პარტიაში.
http://news.ge/ge/news/story/91856-natsion...gresi-ganitsada