უგულავას საქმეზე სხდომა პროკურორების მივლინებაში გამგზავრების გამო გადაიდო
05 ივნისი 13:36
189
გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელზეც უგულავას თბილისის მერის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, გადაიდო. როგორც News.ge-ს უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა, სხდომის გადადების მიზეზი პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.
„სასამართლო სხდომაზე პროკურორები არ გამოცხადნენ, მივლინებით ვართ ბათუმშიო. ჩვენ გვგონია, რომ ეს მიზეზი ხელოვნურია, იმიტომ, რომ ამ პროცესზე გამომსვლელი 4 პროკურორი ერთბაშად წავიდეს მივლინებაში - ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უნდათ, თავი აარიდონ ამ შუამდგომლობის განხილვას.
10 ივნისს გაიმართება პროცესი. მოვა 10 -ში სხვა პროკურორი და იტყვის, რომ საქმის მასალებს არ იცნობს და პროცესი გადაიდება“,-აცხადებს ადვოკატი.
დაცვის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უგულავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ბათილად ცნობას ითხოვს. შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს ადვოკატებმა წინა პროცესზე დააყენეს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება 22 დეკემბერს შეუჩერა.
http://news.ge/ge/news/story/92200-ugulava...is-gamo-gadaido