http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101886-qs...art=20#commentsსადაა სახელმწიფო, რატომ არ ეხმარება ამ მდგომარეობაში მყოფებს. კარგი ამ თვეში ჩვენ დავეხმარებით და კიდე რამდენიმე თვე ვეცდებიყ მის დახმარებას და მერე რა ქნას ამ საცოდავმა? ან პატარამ რა დააშავა.
"სიზმრად მამა გაბრიელი ვნახე და მითხრა, რომ ბავშვი უნდა გამეჩინა" - უსახლკარო მარტოხელა დედა შველას ითხოვს
ლალი იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდანაა. ის 30 წლის, ქერა, ლამაზი ქალია. რამდენიმე დღეში ახალშობილ გაბრიელთან ერთად სამშობიაროდან გაეწერება, თუმცა წასასვლელი არსად აქვს. უფროსი გოგონაც ჰყავს. 8 წლის მარიამი დაქალთან დატოვა, სამშობიარო ტკივილები როცა დაეწყო.
ლალი ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში არაერთი ქალია, რომელიც მარტოხელა დედაა და წასასვლელი არსად აქვს.
- დავიწყოთ თავიდან. პირველი ქორწინებიდან 8 წლის გოგონა გყავს.
- წარმოშობით იმერეთიდან ვარ, მაგრამ თბილისში გავიზარდე. მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ. ბებია ცალკე იყო. როდესაც ბებოს სანახავად მივდიოდი, მომავალი ქმარიც იქ გავიცანი. ბებოს მეზობელი იყო. ყურადღებით თავი მომაწონა და შემიყვარდა. 21 წლის ვიყავი, ცოლად რომ გავყევი.
- რა მოხდა შემდეგ...
- ჩემ ოჯახსაც მატერიალურად უჭირდა და ქმრის ოჯახსაც. ორი მაზლი მყავდა. უსაქმურები და ქურდ-ბაცაცობისკენ ეჭირათ თვალი. დედამთილმა იმის გამო ამითვალწუნა, რომ მზითევი არ მივიტანე ქმრის ოჯახში. საუბედუროდ გვიან გავიგე, რომ ქმარი ნარკომანიც ყოფილა. "მაშინ გავიგე რა იყო პლანი" და "მანაგუა". ხშირად მოიხმარდა ამ საწამლავებს. არყით ყოველდღე თვრებოდა. სწორედ მაშინ იწყებოდა ჯოჯოხეთი. დედამისიც აქეზებდა და ხშირად ნაცემ-ნაბეგვს მათენდებოდა თავზე. ორსულად რომ ვიყავი, არც მაშინ მინდობდა. 6 თვის მყავდა ბავშვი, დედ-მამის ოჯახში რომ დავბრუნდი.
- როგორ მიგიღო ოჯახმა?
- ცუდად. გამომიცხადეს, მიბრუნდი ქმრის სახლშიო, მაგრამ იმ ჯოჯოხეთს ვეღარ გავუძლებდი. მალევე მშობლებმა სახლი გაყიდეს და იმერეთში დაბრუნდნენ. 3 ძმა მყავს და ისინიც წავიდნენ. რადგანაც გოგო ვიყავი, გაყიდული ბინის ფული არ შემახვედრეს. ბიჭებს გაუნაწილეს.
- შენც რატომ არ წახვედი მშობლებთან ერთად?
- ძმამ ცოლი მოიყვანა და არ ინდომეს ზედმეტი ტვირთი ჩემი და ჩემი შვილის სახით.
- მარტო დარჩენილი როგორ ინახავდი ბავშვს?
- ბავშვთან ერთად ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში 5 თვე ვიყავი. მერე გამოგვიშვეს. შვილს დაქალს ვუტოვებდი და ვმუშაობდი. ერთი პერიოდი მაღაზიაში კონსულტანტი ვიყავი. შემდეგ კაზინოში მიმტანად დავიწყე მუშაობა. იქ რომ გაიგეს, მარტოხელა დედა ვიყავი, ხელმძღვანელობიდან მოინდომეს ჩემთან დაახლოება და სექსუალური ურთიერთობების დამყარება. თავიდან ვიგერიებდი მათ გამოხტომებს. ერთხელ კი ისეთ დღეში ჩამაგდეს, სამსახურში ვენები გადავიჭერი. გონს რომ მოვეგე, მივხვდი, შეცდომა დავუშვი, რადგან რომ მოვმკვდარიყავი, ბავშვი უპატრონოდ დარჩებოდა.
- მამა არ აქცევდა შვილს ყურადღებას?
- არა. არც უნდოდა, რომ შვილი გამეჩინა. როგორც ვთქვი, მისი დათრობა და ჩემზე ფეხებით შედგომა ერთი იყო. სოფელ დიღომში ცხოვრობს. იქ კერძო სახლებია და რამდენჯერმე მეორე სართულიდანაც "გადმომაფრიალა" მიწაზე.
- შემდეგ რა მოხდა?
- ფონდ "კასცს" მივაკითხე, რომელსაც "თეგეტა მოტორსთან" ერთად სოციალური პროექტი ჰქონდა, რომლის თანახმად ადამიანებს გადაამზადებდნენ და დაასაქმებდნენ. ტელეგადაცემაშიც გამომიყვანეს ამ პროექტის ფარგლებში. მე პროფესიით იურისტი ვარ. ექვსთვიანი ტრენინგ-კურსები გამატარეს, მაგრამ სამუშაოდ არ მიმიღეს.
- უკვე ორი შვილის დედა ხარ... გაბრიელის მამა სად არის?
- არ ვიცი.
- სად გაიცანი გაბრიელის მამა?
- სოციალური ქსელების საშუალებით გავიცანი. ჩემი ისტორია მოვუყევი. არაფერი დამიმალავს. პაემნებზე ვხვდებოდით. შემიყვარდა და უფრო დავუახლოვდი. დამპირდა დაოჯახებას. საქმე ინტიმურ ურთიერთობამდე რომ მივიდა, ეჭვიც არ მქონია, რომ მატყუებდა. როცა მივხვდი, ორსულად ვიყავი, მობილურ ტელეფონზე სმს მივწერე. რომ არ მიპასუხა, გადავრეკე და ტელეფონი გამორთული ჰქონდა. სოციალური ქსელით რომ დავაპირე წერილის მიწერა, თავისი გვერდიც გაუქმებული დამხვდა. მას შემდეგ არ გამოჩენილა. არ ვიცი, სადაა და სად მივაგნო.
- როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას?
- არ ვიცი. ისეთ დღეში აღმოვჩნდი, რომ აბორტის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ფული არ მქონდა. ამაზე რომ ვფიქრობდი, ჩამძინებია. სიზმრად მამა გაბრიელი ვნახე და მითხრა, რომ ბავშვი უნდა გამეჩინა. ბიჭი დაიბადა და გაბრიელი დავარქვი. ფერიცვალების დედათა მონასტერში დავდივარ და დედაოები დიდ ნუგეშს მაძლევენ. ერთადერთი ადგილი მონასტერია, სადაც ადამიანად მთვლიან და არ მამცირებენ. პირიქით, რითიც შეუძლიათ მეხმარებიან. სამშობიაროში რომ გამეჩინა ბავშვი, დედაოები დამეხმარნენ და აქ მომიყვანეს.
- მარტოხელა დედები შვილების სარჩენად მათხოვრობენ. არაერთი სატელევიზიო სიუჟეტიც მომზადებულა. შენ თუ გქონია ქუჩაში მათხოვრობის მცდელობა?
- მათხოვარი არ ვარ? ყველა მეხმარება და ასე წვალებით გამაქვს თავი. ახლა ორი შვილი მყავს და თუ აღარავინ დამეხმარება, ხელის გაწვდენაც მომიწევს მოწყალებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება. სანამ ბავშვს გავაჩენდი, ერთი-ორმა "კეთილისმსურველმა" ჯერ არდაბადებული ბავშვის გაშვილება შემომთავაზა ამერიკაში. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, არასდროს გავხდები მეძავი. უკიდურეს დღეში ვარ, მაგრამ სხეულს ვერ გავყიდი. იმ არასამთავრობოებისაც მიკვირს, რომლებიც გრანტებს ჩემნაირი კატეგორიის ადამიანებსთვის იღებენ, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ.
- შენი მშობლები თუ გეხმარებიან და თუ იციან, მეორე შვილიც რომ გეყოლა?
- დედა რამდენჯერმე დამეხმარა სოფლის პროდუქტებით და მცირეოდენი თანხით. მეორე შვილის გაჩენის შესახებ არაფერი მითქვამს. ოდესმე კი გაიგებენ, მაგრამ რა?... ამით ჩემ ცხოვრებაში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.
P.S. თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ორშვილიანი ლალის დასახმარებლად, დაგვიკავშირდით რედაქციაში.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101886-qs...s#ixzz32SuMSc2r This post has been edited by 088 on 22 May 2014, 21:09