ძაღლის ამ ჯიშს ალბათ ყველა იცნობს თავისი გამორჩეული გარეგნობის, უფრო ზუსტად კი მისი კოპლებიანი ფიზიონომიის წყალობით

ჩემთვის ეს ძაღლი მაინც ბავშვობის დროინდელ მულტფილმთან ასოცირდება, სადაც ძალიან ბევრი და საყვარელი კოპლებიანი ლეკვები დარბიან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ დალმაციელს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ალბათ დალმატინელად იცნობს, თუმცა სწორი ქართული სახელი დალმაციელია და ამიტომ, მეც ამ სახელს გამოვიყენებ პოსტში:
დალმაციელი (დალმატინელი)
ძაღლის ჯიში: დალმაციელი (დალმატინელი)
სხვა სახელი: ეტლის ძაღლი
კოპლებიანი ეტლის ძაღლი
სახანძრო ძაღლი
ქლიავის პუდინგის ძაღლი (Plum Pudding Dog)
მეტსახელი: დალ; დალი
წარმომავლობა: ხორვატია
ფერი: თეთრ ფონზე შავი ან ღვიძლისფერი ლაქებით
ბეწვის ტიპი: გლუვი, მოკლე, ხშირი და სწორი
სიმაღლე: ხვადი – 53 – 66 სმ; ძუ – 46 – 64 სმ
წონა: ხვადი – 15 – 32 კგ; ძუ – 16 – 24 კგ
ლეკვების რაოდენობა: 6 – 13 ლეკვი (ზოგჯერ მეტიც)
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10 – 13 წელი
წარმოშობის ისტორია:
საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია ხორვატიას, კერძოდ კი მის ერთ-ერთ ისტორიულ რეგიონს – დალმაციას მიიჩნევს დალმაციელის (დალმატინელის) წარმოშობის ადგილად და ამის დასასაბუთებლად მოჰყავს რამოდენიმე ისტორიული წყარო.
ამ ძაღლის პირველი ილუსტრაციები აღმოჩენილია ხორვატიაში. ესენია საკურთხევლის ნახატი დასავლეთ ხორვატიის ერთ-ერთ სოფელში – ველი ლოშინში (Veli Lošinj), რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება და ასევე ფრესკა სამხრეთ დალმაციის ქალაქ ზაოსტროგში. დალმაციელის პირველი დოკუმენტალური აღწერა ადრეული მე-18 საუკუნიდან, ჯიაკოვო-ოსიეკის არქიეპარქიის (Archdiocese of Đakovo-Osijek) არქივიდან იწყება, სადაც ეს ძაღლი მოხსენიებული და აღწერილია, როგორც Canis Dalmaticus ეპისკოპოს პეტარ ბაკიჩის მიერ ეკლესიის ქრონიკებში 1719 წლიდან და შემდგომ ანდრეას კეცზკემეტის მიერ კვლავ ეკლესიის ქრონიკებში 1739 წელს. 1771 წელს თომას პენანტმა დალმაციელი თავის წიგნში ”Synopsis of Quadrupeds” აღწერა, რომელშიც ძაღლის ამ ჯიშის წარმოშობის ადგილად დალმაცია, ხოლო ჯიშის სახელად კი – დალმაციელი განსაზღვრა.
დალმაციელის ჯიში უმთავრესად ინგლისში განვითარდა. ძაღლის ამ ჯიშის პირველი არაოფიციალური სტანდარტის წარდგენა 1882 წელს მოხდა ინგლისელ ვერო შოს მიერ. 1890 წელს კი ინგლისში დალმაციელების პირველი კლუბის დაარსებისთანავე, სტანდარტი ოფიციალური გახდა.
დალმაციელის მოვალეობები:
ძაღლის ამ უძველეს ჯიშს სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. დალმაციელები იყვნენ საომარი ძაღლები, რომლებიც დალმაციის საზღვრებს იცავდნენ. დღევანდელ დღემდე, დალმაციელს შერჩენილი აქვს მოდარაჯის ძლიერი ინსტინქტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლი მეგობრული და ერთგულია იმათთან, ვისაც იცნობს და ენდობა, თავს შორს იჭერს უცხოებისა და სხვა ძაღლებისაგან. დალმაციელებს ასევე გააჩნიათ ძლიერი სამონადირეო ინსტინქტიც და ვირთხებისა და პარაზიტების შესანიშნავ გამანადგურებლებად ითვლებიან. სპორტში კი მათ იყენებენ ჩიტებზე, გარეულ ღორებზე და ხარირმებზე სანადიროდ და ასევე რეტრივერებად და კვალის ამღებ ძაღლებად. თავიანთი გამორჩეული ექსტერიერისა და ინტელექტის წყალობით, ეს ძაღლები წლების განმავლობაში ცირკშიც კი წარმატებით გამოდიან. დალმაციელები შესაძლოა ყველაზე მეტად ცნობილნი იყვნენ თავიანთი როლით სახანძრო აპარატის ესკორტში და აგრეთვე სახანძროს თილისმად. რადგანაც დალმაციელები და ცხენები შესანიშნავად ეთავსებიან ერთმანეთს, ამ ძაღლებს წვრთნიდნენ იმისათვის, რომ ცხენებშებმული ეტლისათვის გზა გაეთავისუფლებინათ და სწრაფად გაეწიათ მეგზურობა მეხანძრეებისათვის ცეცხლის ჩასაქრობად. ძაღლის ამ ჯიშს სახანძრო ბრიგადები სახანძროსა და მასში განთავსებული ინვენტარის სამეთვალყურეოდაც იყენებდნენ. სახანძრო ეტლების წაყვანა ხდებოდა სწრაფი და ძლიერი ცხენების მიერ, რომლებიც ქურდებისათვის მაცდურ სამიზნეს წარმოადგენდა, ამიტომაც დალმაციელები ჰყავდათ სახანძროში ქურდების შესაჩერებლად.
101 დალმაციელი:
როგორც პოსტის შესავალში აღვნიშნე, ჩემთვის და ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაც დალმაციელი იმ მულტფილმთან ასოცირდება, რომელიც უოლტ დისნეის კომპანიის მიერ იქნა გადაღებული 1961 წელს; 1996 წელს კი შეიქმნა ამ მულტფილმის რიმეიქი ამჯერად კინოფილმის სახით. წიგნი 101 კოპლებიანი ლეკვის შესახებ, სახელად ”101 დალმაციელი” ეკუთვნის ბრიტანელ ავტორს – დოდი სმიტს, რომელიც დაიწერა 1956 წელს. სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა დალმაციელის ჯიშის მასიური პოპულარიზაცია.
ქცევა და ხასიათი:
დალმაციელი აქტიური, ენერგიული, მხიარული, დამცველი, ერთგული, გონიერი და დამჯერი ძაღლია. იგი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც მის სავარჯიშოდ და გასაწვრთნელად საკმარისი დრო აქვს. ხალისიან და ცელქ დალმაციელებს ბავშვები ძალიან უყვართ და მათგანაც იმავეს გრძნობენ. სიამოვნებთ ასევე პატრონებთან ერთად ყოფნაც. პატრონისაგან საკმარისი რაოდენობით ყურადღებისა და სითბოს მიუღებლობის შემთხვევაში, ისინი დეპრესიულები და შესაბამისად ნაკლებად აქტიურნი ხდებიან.
ეს ძაღლები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, ამიტომ მათი წვრთნისას საჭიროა მოთმინება, დაყვავება, მაგრამ თანამიმდევრულობა.
მოვლა:
სანამ ძაღლის ამ ჯიშის მოვლაზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო შემდეგი რამ:
დალმაციელი ლაქებით დაფარული ძაღლის ერთადერთი ჯიშია. ამ ჯიშის ლეკვები კოპლების გარეშე, სულ თეთრები იბადებიან, ლაქები კი დაბადებიდან 3 კვირაში უჩნდებათ. ერთი თვის შემდეგ მათ უკვე თითქმის ყველა ლაქა აქვთ, თუმცა კოპლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობენ განვითარებას დალმაციელის ტანზე, ოღონდ უფრო ნაკლები ტემპით.
შავლაქებიან ძაღლებს აქვთ შავი ცხვირი, ხოლო ღვიძლისფერლაქებიანს კი – ყავისფერი.
დალმაციელს შეიძლება ჰქონდეს მუქი ყავისფერი, ქარვისფერი ან ცისფერი თვალები. ზოგიერთს კი შესაძლოა სხვადასხვა ფერის თვალებიც კი ჰქონდეს, მაგალითად ერთი თაფლისფერი და მეორე – ცისფერი. (თვალის ჰეტეროქრომია)
ძაღლის ამ ჯიშს ბეწვი მთელი წლის განმავლობაში ცვივა, თუმცა ეს განსაკუთრებით უხვად წელიწადში ორჯერ ხდება. დალმაციელის მოკლე ბეწვი ხშირად მჭიდროდ ეკრობა ხალიჩას, ტანსაცმელს ან თითქმის ნებისმიერი სახის ქსოვილს და ძნელი მოსაშორებელია. სწორედ ამიტომ, ხშირად საჭიროა მისი ჯაგრისით მსუბუქად დავარცხნა.
ბეწვში ზეთის მინიმალური რაოდენობით არსებობის გამო, დალმაციელს არ აქვს სუნი და საკმაოდ სუფთა ძაღლად ითვლება. ეს ძაღლი ცნობილია იმითაც, რომ სხვა ძაღლების მსგავსად, არ იცის ტალახში თათების ჩადგმა და დასვრა. ბანაობა საჭიროა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
ძაღლის ამ ჯიშისათვის აუცილებელია ასევე თათებზე ფრჩხილების დაჭრაც. დალმაციელს ძალიან სწრაფად ეზრდება ფრჩხილები, ამიტომ რამოდენიმე კვირაში ერთხელ მისთვის ფრჩხილების დაჭრა ურიგო არ იქნება.
დალმაციელისათვის აუცილებელია ბევრი და ინტენსიური (ყოველდღიური) ვარჯიში. მისთვის საჭიროა უსაბელოდ დიდხანს სირბილი. ძაღლის ამ ჯიშს უნდა ჰქონდეს დიდი ეზო სარბენად და სათამაშოდ. ბინაში ცხოვრება დალმაციელისათვის შესაფერისი არაა.
ჯანმრთელობა:
დალმაციელი შედარებით ჯანმრთელი და ადვილად მოსავლელი ჯიშია, თუმცა მასაც ახასიათებს ჯიშისათვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა მაგალითად სიყრუე, ალერგია და კენჭები შარდის ბუშტშსა და თირკმელებში.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, რომელიც მხოლოდ სუფთა ჯიშის დალმაციელების 4,6 %-ს ემართება, არ წარმოადგენს ამ ჯიშისათვის დამახასიათებელ სერიოზულ პრობლემას.
უკვე ხანშიშესულ ძუ და ხვად დალმაციელებს (ცამეტ წელზე ზევით) შესაძლოა დაემართოთ ოსტეოფიტი და ართრიტი.
ოსტეოფიტი - ძვლოვანი კორძი ძვლის სახსროვანი ზედაპირის კიდეებზე ართროზისას. ეს წანაზარდი იწვევს მოძრაობის შეზღუდვას და თან ახლავს ტკივილი.
ართრიტი – სახსრის დაავადება; ერთი ან მეტი სახსრის ანთება.
სიყრუე – გენეტიკური მიდრეკილება სიყრუისაკენ დალმაციელებში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ძაღლის ამ ჯიშის დაახლოებით 70 %-ს გააჩნია ნორმალური სმენა. ადრეული მომშენებლების მიერ სიყრუის აღიარება არ ხდებოდა და ამიტომ დალმაციელის ჯიში უჭკუოდ ითვლებოდა. მას შემდეგაც კი, როდესაც მოხდა ამ პრობლემის გენეტიკურ ნაკლად აღიარება, მომშენებლებმა მაინც ვერ გაიგეს ძაღლის ბუნება და სიყრუე დალმაციელებში კვლავაც ითვლება ხშირ პრობლემად.
ცისფერთვალება დალმაციელებს უფრო მეტი შემთხვევითობით უვითარდებათ სიყრუე, ვიდრე თაფლისფერთვალა ინდივიდებს, თუმცა კავშირი ამ ორ თავისებურებას შორის ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული.
ჰიპერურიკემია – დალმაციელებს, ადამიანების მსგავსად შეიძლება დაემართოთ ჰიპერურიკემია. ეს არის ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება. იგი ვლინდება შარდმჟავის მომატებული შემცველობით შარდში და იწვევს პოდაგრას. შარდმჟავა შესაძლოა მაღალი კონცენტრაციით გამოიყოს შარდში, რაც იწვევს კენჭებს თირკმელსა და შარდის ბუშტში. ეს მდგომარეობა ძირითადად ვლინდება შუახნის ხვად დალმაციელებში. 10 წელზე მეტი ხნის ხვადი ინდივიდები მიდრეკილნი არიან თირკმლის კენჭებისაკენ, ამიტომ უნდა მოხდეს მათთვის კალციუმის მიღების შემცირება ან შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის ჩატარება.