ჭიაბერაშვილის პრემია 8 თვეში _ 42 480 ლარი, სერგეენკოს პრემია წელიწადსა და 8 თვეში _ 3 540 ლარი
"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც თავად გახლდათ ჯანდაცვის მინისტრი 2012 წელს 8 თვის განმავლობაში (2012 წლის მარტიდან 2012 წლის ოქტომბრის პირველი ნახევრის ჩათვლით), ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს. მისი განცხადებებით, რეფორმები, რომელსაც უწყება ახორციელებს, არაეფექტურია და მოსახლეობის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს.
რა გაკეთდა ჭიაბერაშვილის მინისტრობის პერიოდში, როგორი იყო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი ხარჯები და პრემიები ამ ხნის განმავლობაში და რა გააკეთა ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა კრიტიკოსმა საკუთარი მინისტრობის დროს იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაზედაც დღეს საუბრობს?
"გურია ნიუსი" ამ თემებით დაინტერესდა. 2014 წლის 27 მაისს ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და გამოვითხოვეთ ინფორმაციები როგორც ჭიაბერაშვილის, ასევე სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში გაწეული ხარჯების, პრემიებისა და მივლინებების შესახებ.
რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, "გურია ნიუსმა" ის უკვე წარმოგიდგინათ. წარმომადგენლობითი ხარჯების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 2012 წელს ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროდან გახარჯული იქნა 115 325 (ასთხუთმეტი ათას სამასოცდახუთი) ლარი.
იგივე ხარჯებზე 2013 წელს გაწერილია 34 381 (ოცდათოთხმეტიათას სამასოთხმოცდაერთი) ლარი, დაახლოებით 3, 2-ჯერ ნაკლები.
რაც შეეხება პრემიებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის მინისტრობის 8 თვის განმავლობაში (2012 წელი), პრემია 7 თვის განმავლობაში აქვს აღებული, მათ შორის, მარტის თვეშიც. შეგახსენებთ, რომ ის ჯანდაცვის მინისტრად მარტის თვის შუა რიცხვებში დაინიშნა, მისმა პრემიამ ამ თვეში 3540 ლარი შეადგინა. პრემია მას მხოლოდ ოქტომბრის თვეში არ აქვს აღებული, რაც დიდი ალბათობით ხელისუფლების ცვლილებას და სამინისტროებში ახალი კადრების დანიშვნას უკავშირდება.
დანარჩენი თვეების საპრემიო ჩამონათვალი ასეთია:
აპრილი_ 3540 ლარი;
მაისი _ 7080 ლარი;
ივნისი _ 7080 ლარი;
ივლისი _ 3540 ლარი;
აგვისტო _ 10 620 ლარი;
სექტემბერი _7080 ლარი;
ოქტომბერში კი მას ხელფასის ნახევარი აქვს აღებული 1770 ლარი, რაც ოქტომბრის არჩევნებსა და ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლას უკავშირდება.
ყველაზე საინტერესო ზემოთ ჩამოთვლილ პრემიებს შორის აგვისტოს თვეა, ამ თვეში ჭიაბერაშვილს ხელფასზე 3-ჯერ მეტი პრემია აქვს აღებული.
რაც შეეხება ინფორმაციას მინისტრ დავით სერგეენკოს პრემიების შესახებ, აღმოჩნდა, რომ მას, წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აქვს აღებული პრემია 2012 წლის დეკემბრის თვეში 3 540 ლარის ოდენობით. მას შემდეგ, წელიწადნახევრის განმავლობაში, პრემიის სახით არანაირი თანხა არ აუღია.
მასალის მომზადების პერიოდში ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით ზურაბ ჭიაბერაშვილს და ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება აღნიშნულ საკითხზე. უფრო მეტიც, მას განვუმარტეთ, თუ რა საკითხზე გვსურდა მასთან კომენტარის ჩაწერა. მიუხედავად მისი პირობისა, რომ შეგვეხმიანებოდა და განმარტებებს მოგვცემდა, ის არ დაგვკავშირებია.
This post has been edited by ლიმონი on 23 Jun 2014, 16:09