საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოვიდა
15:25 25-06-2014
საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს , უკრაინული Yan Air კიევის ჟულიანის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით პირველ ავიარეისს სამ დღეში შეასრულებს, 1-ელი ივლისიდან კი თბილისის მიმართულებით იფრენს.
"ავიაკომპანია Yan Air ყოველ ოთხშაბათს და შაბათს კიევი-ბათუმი-კიევის რეისს შეასრულებს. ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას კიევი-თბილისი-კიევის რეისი შესრულდება და ათასობით მგზავრის გადაყვანა მოხდება", - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანიის ფლოტი თანამედროვე ლაინერებისგან შედგება. ავიაკომპანიის შემადგენლობაშია Airbus 320-ის და შააბ 340-ის თვითმფრინავები.
"ბოლო თვეებში უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანიებმა ათზე მეტი დამატებითი და ახალი რეისი დანიშნეს. მიზეზი უკრაინიდან საქართველოში ტურისტების ნაკადის უპრეცენტო ზრდა არის. ახალი რეისების დასანიშნად მოლაპარაკებებს უკრაინულ ავიაკომპანიებთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მართავდა", - განმარტავენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უკრაინიდან საქართველოს 126 797 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, მატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 66%-ია. წელს საქართველო დაახლოებით 250 ათას უკრაინელ ვიზიტორს ელოდება.
საქართველოს ტურიზმის შესახებ კიევში პრეზენტაცია გაიმართა
12:09 25-06-2014
საქართველოს ტურიზმის შესახებ კიევში პრეზენტაცია გაიმართა კიევში, სასტუმრო "Fairmont Grand Hotel Kyiv" საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზენტაციას უკრაინის წამყვანი ტუროპერატორები, ჟურნალისტები, ავიაკომპანია Wizz Air-ის, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა და ავიაკომანია Yan Air-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სულ 200 სტუმარი იმყოფებოდა.
1 ივლისიდან კომპანია Yan Air კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. გიორგი სიგუამ სტუმრებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა გააცნო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ.
ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს შესახებ ბროშურები და რუკები დაურიგდათ. 2014 წლის სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით უკრაინაში დაგეგმილია სხავადასხვა სარეკლამო აქტივობების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციასა და საკურორტო რეგიონების ცნობადობის ამაღლებას. აღნიშნული სარეკლამო კამპანია მოიცავს სატელევიზიო, ინტერნეტ და გარე რეკლამას, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში: კიევი, ხარკოვი, ოდესა, დონეცკი, ლვოვი.