27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, საქართველოსთან ერთად, ხელი მოაწერა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულმა კიდევ ორმა ქვეყანამ - უკრაინამ და მოლდავეთმა. განსხვავებულია ამ სამი ქვეყნის მიერ გავლილი გზები, თუმცა მათ ერთი საერთო მეტოქე ჰყავთ, რუსეთის სახით. რა შეიძლება მოიმოქმედოს მათ წინააღმდეგ რუსეთმა და რა სარგებელს მოუტანს ევროკავშირთან ასოცირება საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს?
27 ივნისს მოლდავეთმა და საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულ პაკეტს მოაწერეს ხელი. უკრაინის შემთხვევაში კი, პარასკევს ხელი მოეწერა მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სეგმენტს, რადგანაც პოლიტიკური ასოცირების ნაწილს კიევმა 21 მარტს მოაწერა ხელი.
ეს შეთანხმება საშუალებას იძლევა, რომ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში წარმოებული პროდუქცია სამომავლოდ ევროკავშირის 500-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე გავიდეს, თუმცა ამისათვის ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი, იქნება ეს პროდუქციის წარმოების ხარისხის გაზრდა თუ კონტროლის მექანიზმების დახვეწა. უმთავრეს საკითხად რჩება სურსათის უვნებლობის საკითხი. ტარიფების შემცირების გარდა, ევროკავშირი ახალ ასოცირებულ პარტნიორებს დაეხმარება, რომ ამ სამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ ამ პროცესში შესაძლებელი იქნება ინვესტიციების მოზიდვა, წახალისება ახალი საწარმოებისა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
ამასთან, სააქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ - ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით - გაზარდეს შანსი იმისა, რომ სამომავლოდ ევროკავშირის წევრები გახდნენ, თუკი, ცხადია, დემოკრატიული განვითარების გზიდან არ გადაუხვევენ და, ამასთან, იქნება კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების გარშემო. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერა უკრაინას გაცილებით ადრეც შეეძლო და, კერძოდ, გასული წლის ნოემბრის მიწურულს, ვილნიუსის სამიტზე. თუმცა იმდროინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, დიდწილად რუსეთის ზეწოლის შედეგად, მოულოდნელად უარი თქვა ამ ისტორიულ შეთავაზებაზე, რასაც მოჰყვა კიდეც ევრომაიდნის ცნობილი მოვლენები კიევში, რუსეთის აშკარა გააქტიურება და შემდეგ უკვე - ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ და მასშტაბური სისხლისღვრა, რაც ჯერ ისევ გრძელდება უკრაინაში.
სხვადასხვა დროს ბრიუსელის მიერაც გაკეთდა მინიშნებები და ანალიტიკოსებისთვისაც დღესავით ნათელია, რომ საქართველოსა და მოლდავეთის შემთხვევაში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სწორედ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს ამანდა პოლიც, ბრიუსელში მოქმედი ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი:
”მოვლენები გაცილებით უფრო სწრაფად განვითარდა, ასე ვთქვათ, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ რუსეთს შესაძლებელია რელსებიდან გადაეხვია და გამოეწვია მაღალი დონის დაძაბულობა საქართველოსა და მოლდავეთში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინ. მათ არ სურდათ იმ სცენარის გამეორება, რაც იყო ვილნიუსის სამიტის წინ, როცა რუსეთი თვეების განმავლობაში, როგორც რვაფეხა, სხვადასხვა მიმართულებით იმუქრებოდა, ქმნიდა დაძაბულობას და ყველაფერს ერთმანეთში ურევდა”.
ეჭვებისა და შიშის მიუხედავად, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დღე მაინც დადგა. მაგრამ ახლა უკვე მეტი აქტუალურობა შეიძინა შეკითხვამ - რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა ხელმოწერის შემდეგ?
იმის გამო, რომ ევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო სივრცის საპირწონედ რუსეთმა საბაჟო კავშირის გაძლიერებაზე დაიწყო ფიქრი, ხოლო უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო ვერ დაიყოლია, ანალიტიკოსების აზრით, ცხელ გულზე მოსკოვმა შესაძლოა ეკონომიკური სანქციები დაუწესოს ამ სამ ქვეყანას. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი გადახედავს სამომავლო ურთიერთობებს ევროკავშირთან დაახლოების მსურველ ქვეყნებთან. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ, სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობა არც ერთი მიმართულებით არ შეიზღუდება. აი, რას ამბობს საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს სოფიის ოფისის დირექტორი დმიტრატ ბეჩევი:
”ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებები მიესადაგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მთლიან სტრუქტურას. ასე რომ, ამ სამ ქვეყანას შეუძლია თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთანაც იმდენად, რამდენადაც ისინი ასევე ერთიანდებიან იმ უფრო დიდი ქოლგის ქვეშ, რასაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰქვია”.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ, ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში, რუსეთისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალდება საქართველო, რადგანაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანა თითქმის მთლიანად ჩამოეხსნა რუსეთს და მხოლოდ ახლახან დაიწყო რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ამას ემატება ის ფაქტი, რომ საქართველო აღარ იღებს ბუნებრივ აირს რუსეთისგან. მყისიერ საფრთხეს არც პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მოელის, თუმცა, როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რუსეთი საქართველოს ოდნავ მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ გაუსწორებს ანგარიშს, როდესაც საქართველო კვლავ შეეჩვევა რუსეთის ბაზარს:
”მგონი, სწორედ ამაზეა გათვლა: მოდი, ქართველები შევაჩვიოთ, ვანახოთ რა კარგია... იქნებ ვათქმევინოთ უარი ევროპაზე და ნატოზე სიტყვით, ტკბილად... თუ არადა, მერე ბაზარს დავუხურავთ და ნახავენ, რამდენს კარგავენ. ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ბაზრის დაკეტვა უფრო მალე მოხდეს, ვიდრე ჩვენ გვგონია”.
ზუსტად რას აპირებს რუსეთი, ამის შესახებ ჯერჯერობით არც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ იცის. დეტალები გაირკვევა 10 ივლისისთვის, როცა ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება პრაღაში. მანამდე კი ერთმანეთს რუსი და ქართველი ექსპერტები უნდა შეხვდნენ. ზურაბ აბაშიძე არ ფიქრობს, რომ სავაჭრო ურთიერთობები მთლიანად ჩაიკეტება.
წყარო:
http://www.tavisupleba.org/content/ras-moi...a/25437349.htmlშეთავაზება აფხაზებსა და ოსებს - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფონზერას უნდა მოელოდეს საქართველო, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმებისგან და რას სთავაზობს ეს შეთანხმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს? 27 ივნისს ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აფხაზეთსა და ცხონვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს საგანგებოდ მიმართა და განაცხადა, რომ მათ ყველა იმ სიკეთით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, რასაც ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოება მოიტანს.
"ევროკავშირთან დაახლოება ახალ შესაძლებლობას უხსნის მთელ საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს. ამიტომ, მინდა აქედან მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! თქვენ დღეიდან ჩვენთან ერთად ამ პროცესის თანაზიარი ხართ! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს - ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის თუ მრავალი სხვა" - ასე მიმართა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს 27 ივნისს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია. დოკუმენტი ამბობს, რომ მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, ასევე კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისაკენ მიმართული ძალისხმევის ერთობლივად ხელშეწყობის თაობაზე და რომ „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა მხარეთა შორის, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან დიალოგისას“.
მაგალითად, ახალგაზრდებისათვის ეს ნიშნავს უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირში - ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეებისათვის, ეს მათთვისაც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს; უკეთეს ჯანდაცვას...
ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირთან ინტეგრაციას და მის შემადგენელ ნაწილს -ასოცირების შესახებ შეთანხმებას - კონფლიქტების მოგვარების გასაღებს უწოდებს, პირველ რიგში, იმიტომ რომ ასოცირებით გათვალისწინებული ყველა სარგებელი თანაბრად შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და, მისი განცხადებით, ხელისუფლება დღეს სწორედ იმაზე მუშაობს, რომ ეს სარგებელი აფხაზებისა და ოსებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს შეთავაზება?
„მაგალითად, ახალგაზრდებისათვის ეს ნიშნავს უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირში - ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეებისათვის, ეს მათთვისაც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს; უკეთეს ჯანდაცვას, თანამშრომლობას მეცნიერების, ტექნოლოგიების სფეროში, ტრანსპორტისა თუ ენერგეტიკის სფეროებში. ცხადია, ამ შეთანხმებას აქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაწილიც, რაშიც ვგულისხმობთ იმას, რომ საერთოდ ეს არის ჩვენთვის განვითარების მოდელის არჩევანი - დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფლება, მართლმსაჯულება და ზუსტად ეს არის ის, რა სივრცეშიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ საქართველო“.
გარდა ამისა, ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტის მოგვარების საქმეში ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოთამაშის, როლსაც გამოყოფს:
ხელისუფლება ამოვარდნილია ამ სიტუაციიდან და არ იცის ეს საერთაშორისო ბერკეტები - იგივე ასოცირების ხელშეკრებულებით თუ ჟენევის ფორმატით გათვალისწინებული უპირატესობები - როგორ გამოიყენოს...
შოთა მალაშხია
„უკვე დღეს არსებულ ყველა ფორმატში ევროკავშირია ის ერთობა, რომელიც წამყვანი გახლავთ, დაწყებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიდან, სადაც ის ერთ-ერთი და მთავარი თანათავმჯდომარე გახლავთ, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით, რომელიც ერთადერთი სადამკვირვებლო წარმომადგენლობაა ადგილზე. სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სანახევროდ არის ეს განხორციელებული, რადგან მეორე მხარეს ის ჯერჯერობით ვერ შედის. გარდა ამისა, მას აქვს ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა უჭერს მხარს. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და გათვალისწინებულია გარკვეული ჰუმანიტარული პროექტების განსახორციელებლად და, რაც მთავარია, ევროკავშირი მხარს უჭერს ნდობის მშენებლობის პროექტებს“.
ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შოთა მალაშხია კვლავაც თავის აზრზე რჩება და აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოკუპანტის შევიწროებაზე აქცენტს არ აკეთებს. ამიტომ მას, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პირობებშიც, პირველ რიგში, მიდგომის შეცვლისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, წარმოუდგენელია ერთდროულად დასავლური კურსის ერთგულიც იყო და რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმშიც დარჩე. თუმცა ისიც აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ამ ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს და ამისათვის საერთაშორისო ბერკეტები სწორად გამოიყენოს:
„ხელისუფლება ამოვარდნილია ამ სიტუაციიდან და არ იცის ეს საერთაშორისო ბერკეტები - იგივე ასოცირების ხელშეკრებულებით თუ ჟენევის ფორმატით გათვალისწინებული უპირატესობები - როგორ გამოიყენოს. რაც შეეხება პრემიერის მიმართვას აფხაზებისა და ოსების მიმართ, ცხადია, რომ ყველა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეა და მათ მიმართაც ზუსტად ისეთი უნდა იყოს მიდგომა, როგორიც არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ არსებობს. მაგრამ ამისთვის არ უნდა არსებობდეს შერიგების სამინისტრო. უნდა არსებობდეს რეინტეგრაციის სამინისტრო და ის დოქტრინა, რაც რეინტეგრაციის სამინისტრომ თავის დროზე შეიმუშავა კიდეც. ვგულისხმობ ჩვენი პასპორტების მიცემას, ნეიტრალური პასპორტების მიცემას და როდესაც ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე განიხილება, ოკუპანტი ვერ დაიწყებს საუბარს, რომ გალში, მაგალითად, შესაძლოა ეთნოწმენდის ახალი ტალღა განხორციელდეს“.
სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც თავისთავად საქარველო-ევროკავშირის ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს ქმნის, კონფლიქტებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ შექმნის სივრცეს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ თანამოქალაქეებს მნიშვნელოვანი მესიჯები გაუგზავნოს:
„მაგალითად, ვიზების ლიბერალიზაციის თემა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი კოზირია, რადგან ქართული პასპორტი ხდება უპირატესი, ვიდრე ყველაფერი ის, რაც შეიძლება წარმოედგინა ყველა იქ მცხოვრებს. ეს ქმნის ბიძგს, რომ მათ აიღონ ეს პასპორტი. თავის დროზე ნეიტრალური პასპორტის მიმართაც ასეთი სკეპტიციზმი იყო, მაგრამ ხალხი მაინც იღებდა ამ დოკუმენტს, ანუ ხალხი მაინც ილტვის უკეთესი შესაძლებლობებისაკენ“.
ირაკლი ფორჩხიძე საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რაც შეიძლება ინტენსიურად გზავნონ ეს მესიჯები კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხის მისამართით და, რაც მთავარია, ხშირად შეახსენონ, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ასოცირების შეთანხმების შედეგად მიღებული სიკეთეების მომხმარებლები.
წყარო:
http://www.tavisupleba.org/content/setavaz...s/25437421.html This post has been edited by Walter on 28 Jun 2014, 13:01