გელა დაიაური არის ხევსური, მიღმახეველი პოეტი და მუსიკოსი
ის ასევე არის ფილოლოგი, ლინგვისტი კავკასიური ენების განხრით
შემოგთავაზებთ მის რამდენიმე ლექსს
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი კვლავ შენზე ვმღერი - ქარაფების კენტი სტუმარი
ზვავი ბანს მაძლევს - ბობოქარი ზათქით,
ქუხილით შენზე ფიქრებმა დამიმძიმეს თავსასთუმალი
ყოველი წუთი სავსე არის შენზე წუხილით
მენატრები, მენატრები, მენატრები
შენზე დარდით, შენზე ფიქრით დღესაც ვთვრები
მაგონდები, მესიზმრები, მელანდები
როგორ ძლიერ, როგორ ძლიერ მენატრები
მე რომ მიყვარდა შენ იყავი სწორედ ის ქალი
მაგრამ უფსკრულთან გაილია გზები ტიალი
იმედის ნისლი გაიფანტა ბედის გრიგალით
არც შველა ითხოვს განწირული ჩემი ტრფიალი
მენატრები, მენატრები, მენატრები
შენზე დარდით, შენზე ფიქრით დღესაც ვთვრები
მაგონდები, მესიზმრები, მელანდები
როგორ ძლიერ, როგორ ძლიერ მენატრები
გამოვიქეცი, თუმც არ მსურდა შენი დათმობა
თუმც ჩემს თვალებში ეგ თვალები არ ხუნდებიან
მე უშენობის ტკივილებმა უღმრთოთ დამთოფა
და ღმერთმა იცის რა ტკივილი ჩამბუდებია
მენატრები, მენატრები, მენატრები
შენზე დარდით, შენზე ფიქრით დღესაც ვთვრები
მაგონდები, მესიზმრები, მელანდები
როგორ ძლიერ, როგორ ძლიერ მენატრები
ვიცი შენზე დარდს და შენზე ფიქრს ვერ გადვურჩები
ტკივილიანად, სისხლიანად, ცრემით, გოდებით
შენც გამიხსენებ ჩემი მზერით, ცეცხლი ტუჩებით
მაგრამ რა მწარედ, როგორ გვიან მოგაგონდები
მენატრები, მენატრები, მენატრები
შენზე დარდით, შენზე ფიქრით დღესაც ვთვრები
მაგონდები, მესიზმრები, მელანდები
როგორ ძლიერ, როგორ ძლიერ მენატრები
შ ა ტ ი ლ ი ს ც ა ს ა ვ ი თშატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.
რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.
კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.
და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
მუნჯი ტკივილივინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.