AudrinaAdare
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 789
წევრი No.: 186150
რეგისტრ.: 14-May 14
|
#41565008 · 8 Jul 2014, 12:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
....შორს, სადღაც ტყეში, პატარა ქოხი იდგა. ამ ქოხში პატარა ბიჭი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ბიჭი იქნებოდა 6-7 წლის, თმახუჭუჭა, ოდნავ ჭორფლიანი, მუდამ მომღიმარი სახით. უმამოდ იზრდებოდა ბიჭი, დედაც ცდილობდა სიყვარულით გაეზარდა იგი, რომ მას ცხოვრებისგან დაჩაგრულად არ ეგრძნო თავი.
ბიჭმა, არ იცოდა საიდან მოვიდნენ ამ უდაბურ ტყეში, სადაც ხეების, ქვების და მთების მეტს ვერაფერს ხედავდა. თუმცა, მას არც არასდროს უკითხავს დედისთვის ამის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ გარემო ერთფეროვანი და მოსაწყენი იყო, ბიჭი მაინც პოულობდა გასართობს, რაც ტყეში სეირნობით და ახალი ფრინველების თუ ცხოველების დათვალიერებაში გამოიხატებოდა.
ერთხელაც, ბიჭმა გადაწყვიტა ცოტა შორს წასულიყო, აი იმ გორაკის იქით, სადაც დედა წასვლას უკრძალავდა. ცნობისმოყვარე იყო ბიჭი და იფიქრა, რომ რაღაც კარგი იმალებოდა. ბევრი ხეტიალის შემდეგ, ბიჭს შემოაღამდა. აგერ სავსე და კაშკაშა მთვარეც ამოსულიყო. დაღონდა ბიჭი და იქვე ქვაზე ჩამოჯდა. ვერაფერი საინტერესო ნახა ბიჭმა,
იმედგაცრუებული იყო, წამოდგომა და წასვლა დააპირა. უეცრად ბუჩქების იქით, რაღაც ფერადი, ლამაზი და უცხო დაინახა. გადაწია ეს ბუჩქები და ჰოი საოცრებავ, ენით აუწერელი სილამაზის ყვავილი, რომლის მსგავსი მანამდე არაფერი ენახა ბიჭს. ამაყად იყო ამოშვერილი ყვავილი, ირგვლივ სულ "ტყლაპო" იყო. გაოცდა ბიჭი, ასეთ "სიბინძურეში", ასეთი ლამაზი "არსება" რომ დაინახა.
გასაოცარი იყო ის ფაქტიც, რომ მხოლოდ ეს ერთი ყვავილი ამშვენებდა ამხელა ადგილს. ბიჭმა იგრძნო, რომ მასავით ეული, სამყაროს მოწყვეტილი და ყველასგან მიტოვებული იყო ეს ყვავილიც. თითქოს დაღვრემილი იყო ყვავილი, რადგან ვერავის ანახებდა თავის სილამაზეს, ვერავის განაცვიფრებდა თავისი სურნელებით.
ბიჭმა იგრძნო მისი გულისტკივილი, არ შეუშინდა იმ "ტყლაპოს" და "სიბინძურეს", მისკენ გაეშურა რათა "მოფერებოდა" ყვავილს, მისი სურნელი ეგრძნო და ერთხელ მაინც მიენიჭებინა ის სიხარული სხვისთვის-თუნდაც ამ ყვავილისთვის, რაც მას არასდროს უგრძვნია.
ყვავილმა, თითქოს იგრძნო მისი გადაწყვეტილება, გამოცოცხლდა, მედიდურად მოიღერა ყელი და დაელოდა, როდის "მიუალერსებდა" ბიჭი. ასჯერ და ათასჯერ უფრო ლამაზი ეჩვენა ბიჭს ყვავილი, შეუდრეკელად მიაპობდა "ტყლაპოს" ისე რომ, ერთი წამითაც არ მოუშორებია თვალი ყვავილისთვის. მივიდა მასთან, ნაზად მოკიდა ხელი, თავისკენ მიიზიდა და დაყნოსა.
ბიჭი, ბედნიერი იყო, იმდენად ბედნიერი, რომ ვერც კი შეამჩნია, თურმე ჭაობში ყოფილა ყვავილი ამოსული და ბიჭიც ნელ-ნელა იძირებოდა ამ ჭაობში. როდესაც ბიჭი გამოფხიზლდა, უკვე გვიან იყო, ამოსვლას ვეღარ შეძლებდა.
იძირებოდა ბიჭი ჭაობში, თუმცა სახეზე ღიმილი მაინც არ შორდებოდა. უეცრად, მის ლოყებზე ცრემლები "გაგორდნენ". ეს ბედნიერების ცრემლები იყო. ბიჭი მიხვდა, რომ იგი ამ წამისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად, მისთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ რამდენიმე წამში, იგი არსებობას შეწყვეტდა. ლამაზი იყო ყვავილი, თუმცა ვერაგი, კეთილიც იყო, თუმცა ეგოისტიც, ჭკვიანიც იყო, თუმცა გზააბნეულიც.
გათენდა. ბიჭი დაღუპულიყო ჭაობში. ყვავილი დამწუხრდა, თუმცა მცირე ხანს, რა ამოვიდა მზე, ყვავილი ისევ მედიდურად "გაიჯგიმა", მზისკენ მიემართა, თითქოს ეუბნებოდა: "ნახე რა ლამაზი ვარ, შენი სხივები ჩემსკენ გამოუშვიო". მზეც არ წყვიტავდა გულს და ანათებდა. რა იცოდა მზემ, რა მზაკვარი იყო ყვავილი და მისი სილამაზე.
|