როცა ამ თემას ვხსნიდი, თავიდან ბოლომდე არ მქონია გააზრებული პრობლემათა დახარისხება-დანომრვა მათი მნიშვნელობის მიხედვით. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ უნდა ჰქონდეს,
არგუმენტირებულ კრიტიკასაც (რაც იმედია, რომ აუცილებლად იქნება), სიამოვნებით მოვისმენ.
3. პუტჩი, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი.
არამარტო ენერგეტიკა, ეკონომიკა დააზარალა დრამატულად. კიდევ როგორ დავრჩით საერთოდ, საოცარია.
კი ამბობდა ჯაბა - ვინც ამ ზამთარს გადავურჩებით, ფილარმონიასთან ერთი საერთო სურათი გადავიღოთო.
თვითონ გადაურჩებოდა, იასნია.
აი, პრივატიზაცია სადღაც შუაშია -წყალგამყოფივით. ეს არანაკლები უბედურება იყო გარდამავალ ეტაპზე. ამან მთლად მოგვითავა ხელი და ამანვე გადაგვარჩინა.
სსრკ-ს დაშლა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა - არ იყო პიროვნებებზე დამოკიდებული - იყო გარდაუვალი. ამათ შორის რაც იყო და რაც მოხდა - ამაზე კი შეიძლება ვიკამათოთ. ჩემი აზრით - არ იყო გარდაუვალი, ობიექტურად.
ეს ყველაფერი (სსრკ-ს დაშლა, პრივატიზაცია) მოდის იმ უბედურ 90-იან წლებზე.
მეტ-ნაკლები მიახლოებით ვიცით, განვითარების რა ეტაპები გამოიარა კაცობრიობამ და როგორ დამყარდა საბაზრო ურთიერთობებზე დამყარებული ეკონომიკური ფორმაცია, კაპიტალიზმი.
გვასწავლიდნენ, რომ განვითარების შემდეგ საფეხურზე კაპიტალიზმი აუცილებლად შეიცვლება სოციალიზმით. კაპიტალისტებს კი ეღიმებოდათ ირონიულად, მაგრამ ტანში ხანდახან გააციებდათ ხოლმე. განსაკუთრებით კრიზისების ჟამს.
აი, სოციალისტურიდან კაპიტალიზმზე გადასვლა როგორ უნდა მომხდარიყო - ამაზე იყო თუ არა ნაფიქრი, მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ამის გამოცდილება მსოფლიოს არ გააჩნდა.
გორბაჩოვის დროს დაიწყო პირველი რეფორმები და იმდენად ცუდად იყო მოფიქრებული,
სსრკ-ს ეკონომიკის ნგრევა ამან კიდევ უფრო დააჩქარა.
მაგრამ პრივატიზაცია არ ყოფილა ახირება და კაი ცხოვრებას არ მოუტანია - არ გაამართლა სოციალისტურ საკუთრებაზე დამყარებულმა ეკონომიკამ.
პრივატიზაციამ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ჩაიარა როგორც სახადმა და მუსრი გაავლო უბრალო ადამიანთა დანაზოგს, ფსიქიკას და ჯანმრთელობას.
იგივე რუსეთში - გაიდარის რეფორმების დროს, იყო პერიოდი, როცა პროდუქტები არ იშოვებოდა ფიზიკურად. ძეხვი და კონსერვი გაუხდა ხალხს საჩალიჩო.
პოლონეთში - ჭირის დღესავით მწარედ ახსოვთ ბალცეროვიჩი
გდრ-ში ცოტა გაუმართლათ - დასავლეთ გერმანელმა კაპიტალისტებმა იყიდეს ყველაფერი რაც კაი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში, სწრაფად და იაფად.
დღევანდელი გადასახედიდანაც ძნელია იმის თქმა, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად.
ეს იყო ოპერაცია ნარკოზის გარეშე, მაგრამ გარდაუვალი ოპერაცია.
მაშ ასე - რამ გაანათა
1. პრივატიზაცია.
ჩვენთან ენერგეტიკის სფეროს პრივატიზებაში ჩართული იყო USAID.
შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, ცალკე გამოიყო გენერაციის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის...(კიდევ?) სფერო და ობიექტები. ნელ-ნელა დაიწყეს უცხოურმა კომპანიებმა შემოსვლა - ჯერ მართვის უფლებით აიღეს ობიექტები, დაყნოსეს, უკბინეს...
აი, AES - მა როგორც ჩანს, ბევრი ფიქრის გარეშე გადაყლაპა "თელასი" (კიდეც იმიტომ "იხეირა")
პირველ ინვესტორებსა და პოტენციურ ინვესტორებს შორის იყვნენ ამერიკელი, ირლანდიელი, ესპანელი და ა.შ - უცხოელი ინვესტორები.
რატომ წაუვიდა AES-ს საქართველოში საქმე ცუდად - ეს რთული და ვრცელი თემაა.
საერთოდ ცუდად წაუვიდა საქმე, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აიბარგა აქედან.
არადა AES მა დიდი სამუშაო გასწია - თითქმის დაასრულა თბილისის გამრიცხველიანება და შესაბამისად, გააუმჯობესა დენის ხარჯვის კონტროლი და საფასურის ამოღება. დიდი თანხები ჩაიდო მთლიანად სისტემის რეაბილიტაციაში.
ისინი ჩაანაცვლეს რუსებმა - ვერ შეძლო სახელმწიფომ ამერიკელებისგან თელასის და თბილსრესის უკან გამოსყიდვა. რუსებს დარჩათ ხრამის და კიდევ სხვა ჰესები.
ამათმაც საკმაო თანხები ჩადეს და საქმეც ბევრი გააკეთეს - დაასრულეს ამერიკელების დაწყებული.
რაო-ეს კომპანიაზეა საუბარი.
გაიყიდა სხვა ჰესებიც და გაიყიდა სადისტრიბუციო კომპანიები - 100%-ით სახელმწიფოს კუთვნილი სააქციო საზოგადოებები, ეს მახინჯობები, სადაც სამეთვალყურეო საბჭოში ქონების მართვის სამინისტროს დანიშნული ხალხი ისხდა და ხლართავდა კორუფციულ სქემებს - როგორ გაეყიდათ დენი "მარცხნივ".
ხელფასებიც არ ჰქონდათ ურიგო.
კერძო საკუთრებამ მინიმუმამდე დაიყვანა კორუფციული სქემების არსებობის შესაძლებლობა ამ დარგში და თვით სამინისტროს შესაძლებლობებიც გვარიანად შეავიწროვა ამ მხრივ.
საერთოდ სამინსტროს ფუნქციები დარჩა ცოტა - რეგულირება, ზოგადი სტრატეგიაზე მუშაობა და ამდაგვარი, როგორც ნორმალურ სამინისტროს შეეფერება.
გაზსადენიდან კუთვნილი იაფი გაზის წილი შეგვეშველა
სამრეწველო ობიექტების შემცირება და ჯართად გაყიდვაც "შეგვეშველა" - დენი აღარ გვჭირდება იმდენი
ამ ჯართად გაყიდული ფაბრიკა-ქარხნების 90% პროცენტის ამუშავება ისე, როგორც მუშაობდნენ სსრკ-ს დროს, შეუძლებელი იყო და ძალიანაც ნუ დაგწყდებათ გული, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შეძენის მსურველებს ჯართი აინტერესებდათ მხოლოდ და მის სრულ ამუშავებაზე არც არავის უფიქრია სერიოზულად - ცალსახად წამგებიანი იქნებოდა.
ბრწყინვალე სპეციალისტი მინისტრების და მენეჯერების აღდგენილი სისტემის ამბავი გაზვიადებულია - გინდ ხეთაგური იყოს, გინდ გილაური და გინდაც კალაძე.
მთელი ამ ხნის განმავლობაში (90-იანი წლებიდან მოყოლებული) ერთი ახალი ენერგო-ობიექტი არ აშენებულა, თუ არ ჩავთვლით გარდაბანში დადგმულ გაზ-ტურბინას. არ ვიცი მისი არაფერი.
თუ რამე რემონტდება, იცვლება ახლით, უმჯობესდება - ამას აკეთებენ მესაკუთრეები.
თუ რამე ფუჭდება - ისევ მათი აღსადგენია.
ის, რომ საქართველო ელ.ენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორად გადაიქცა - არ მგონია, რომ სიმართლე იყოს. ჩემი ვარაუდით, აქ ენგურჰესიდან აფხაზების მოხმარებული ელ.ენერგია უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც სულ მიჰქონდათ უფასოდ და უკითხავად და
შესაძლოა, 2008 წლის შემდეგ, რაო-ეს-მა ამ ენერგიის საფასურის გადახდა დაიწყო. სულ ეგ არის. აბა ნუ მიცემ, თუ კაი ბიჭი ხარ.
ასე ყველაზე დაქცეულ დროსაც კი ვყიდიდით დენს თურქეთში, როცა თავად სიბნელეში ვიჯექით.
რეზიუმე:
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ, კერძოდ კი - ენერგო-სექტორის პრივატიზაციის დასრულებამ გაანათა თბილისი.
მე სხვა მნიშვნელოვან მიზეზებს ვერ ვხედავ და ვინც ხედავს - დაამატეთ.
2. ...
This post has been edited by crocodile on 14 Jul 2014, 05:38