რა უცნობი მუხლები აღმოაჩინა ლორთქიფანიძემ ასოცირების ხელშეკრულებაში?
გაზეთი "ალია", ჟანა ასანიძე
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ის 10 დღის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ასპექტებს სწავლობდა.
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირმა შეისწავლა ჩვენი ბაზარი და ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება. ჩვენ ბაზარზე შესვლის გადასახადი გვაქვს გადასახდელი, რისგანაც განთავისუფლებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ქართულ ბაზარზე მათ არავითარი დაბეგვრის საშიშროება არ აქვთ. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ევროკავშირი განთავისუფლებულია ყველანაირი ბეგარისგან ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში, ხოლო 28 დასახელების პროდუქტზე, რომელსაც აწარმოებს ქართული მხარე, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები".
"ალიას" დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა:
- რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტში, რამ მიიქცია თქვენი ყურადღება?
- გერმანიაში ვიმყოფებოდი ჩემი მეგობრების მიწვევით, რომლებიც დაკავებულნი არიან ადგილზე ბიზნესით და სხვათა შორის, გეგმავენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ საქართველოში. მათ იციან, რომ ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია არ იბეგრება ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში.
- კონკრეტულად რა პროდუქტებზეა საუბარი?
- მაგალითად, ღვინოზე. არის იტალიური და ფრანგული წარმოების შუშხუნა ღვინოები, რომლის საცალო ფასია 2.30 ევრო. ეს არის გარკვეული დაბეგვრის შედეგად დადგენილი ფასი, დაბალი ღირებულებისაა, საქართველოში ის მინიმუმ 8.50 ლარი ღირს. ანუ რეალურად იქმნება საფრთხე, რომ ვინაიდან ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია არ იბეგრება საქართველოში ღვინომასალები შეიძლება შემოვიდეს მეოთხედ ფასში იმ ღირებულებისა, რომელიც საცალო ქსელში იყიდება და ქართული წარმოება დაზარალდება. ეს შეუქმნის დიდ საფრთხეს ქართულ ბაზარს.
აღარ ვლაპარაკობ იმაზე, როგორი შანსია, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს ევროკავშირში. დამისახელონ სოფლის მეურნეობის თუნდაც ერთი პროდუქტი, რომელიც მოიკიდებს ფეხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ბაზარზე, რადგან იქ ბაზარი გაჯერებული კი არა, გადაჯერებულია უკვე. ჩვენთვის არაფრის გაყიდვის შანსი არ არსებობს, თუ პირველ რიგში, არ აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, მეორე შემთხვევაში კი, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის შემთხვევაში ჩვენმა მეწარმეებმა უნდა გადაიხადონ ბაზარზე შესვლის გადასახადი.
- აბა, რომ გვიმტკიცებდნენ, დაბეგვრა არ იქნება, ისე შევა ჩვენი პროდუქტებიო?
- აი, მაგაშია საქმე, დაბეგვრა არ იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ხოლო ბაზარზე შესვლის გადასახადს ვიხდით 28 სახეობის პროდუქტზე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ევროკავშირს, სანამ ამ ასოცირების ხელშეკრულებას შემოგვთავაზებდა, ყველაფერი ჰქონდა გააზრებული. პარაფირება ნიშნავდა იმას, რომ ჩასწორებული დოკუმენტი შემოგვთავაზა შალახოს ფონზე. იქ უკვე შესწავლილი ჰქონდათ მთელი ჩვენი ბაზრის სისტემა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის. აქედან გამომდინარე, მათ ჩამოგვიყალიბეს სტრუქტურა, რომელზეც ვრცელდება ბაზარზე შესვლის გადასახადი. ეს სისტემა გამორიცხავს დემპინგურ ფასებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურზე ნაკლებად ღირებულ ფასში რაიმე საქონლის შეტანის შესაძლებლობა მთლიანად გამოირიცხა. ავიღოთ გულაბი მსხალი, ყურძენი, ატამი... ამას აწარმოებენ საქართველოში და უნდა ვაღიაროთ, რომ მათი თითღირებულება ძალიან დაბალია. ადრე კომპანია ყიდულობდა ვაშლს 6 თეთრად, რომ ეწარმოებინა ვაშლის ხილფაფები ბავშვებისთვის. ამ შემთხვევაშიც კი, გლეხი ევროკავშირის ბაზარზე ვერ შეიტანს იმ ფასად, რა ფასიც მას ეს უღირს. კარგი ხარისხის ვაშლი თუ 40 ცენტად მოსდის და სურს ბელგიის, ანტვერპენის ბაზარზე მისი გატანა, მას ვერ შეიტანს, თუ არ გადაიხდის ბაზარზე შესვლის ღირებულებას, რის შემდეგაც მთელი ეს ფასი გაუტოლდება იმ ბაზარზე არსებულ ფასებს.
- კი, მაგრამ, სახელმწიფო პროპაგანდაც ხომ იქით იყო მიმართული, რომ თითოეულ გლეხს, მეწარმეს ეგრძნო შვება და ამით რუსეთის ბაზრის ალტერნატივას სთავაზობდნენ მათ?
- ამას მალავს ხელისუფლება. იგივე უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს პარიტეტს, მასა და ევროკავშირს შორის. იქ განსხვავება დაბეგვრასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენთან დაკავშირებით კი არსებობს. ასოცირების ხელშეკრულებამდე სპეციალისტებმა შეისწავლეს ჩვენი ბაზარი, დარწმუნდნენ, რომ იაფი ვაშლი გვაქვს, მიხვდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეიძლება დადგნენ გარკვეული გამოწვევის წინაშე. ამიტომ დაგვიწესეს დამატებითი რეგულაციები, რომელმაც გამოიწვია ამ ვაშლის ფასის მექანიკური ზრდა. ბაზრის დაცვის მექანიზმი ჩაიდო ამ ხელშეკრულებაში. ახლა ვითხოვ, ადგნენ და განგვიმარტონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ის მუხლები, რაზეც მე ვამახვილებ ყურადღებას, ეს არის კერძოდ, მესამე მუხლი. როგორ უნდა გაიგოს ეს მესამე მუხლი მეწარმემ და გლეხმა, ეს ახსნან.
- ქართველ გლეხს, რომელიც ტელევიზორთან ზის, ზუსტად ის უხარია, რომ აი, სივრცე გაიხსნა, ახლა თქვენ რომ ამას ეუბნებით, ის ხომ თავს მოტყუებულად გრძნობს?
- ქართველი გლეხი, რომელიც ახლა ზის ტელევიზორთან და ხარობს, ჩვენმა მთავრობამ ასეთი საქმე გააკეთა, ახლა მე ვაშლს გავიტანო, მან არ იცის და მისთვის დაფარულია ინფორმაცია, რომ მისი ვაშლი სინამდვილეში ღირს უფრო მეტი, ვიდრე ის ვარაუდობს, რადგან ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ევროკავშირს აქვს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ახლად გაწევრიანებული საქართველო ვერ შეიტანს პროდუქტს მათ ბაზარზე დამატებითი ღირებულებების გადახდის გარეშე. საბოლოო ჯამში, ეს არ არგებს ქართულ ეკონომიკას.
- აბა, ხელისუფლება რა საიმედო ბაზარზე გვესაუბრება, თუ ამდენი ნაღმია ხელშეკრულებაში ჩადებული?
- ყველა დეტალს ახლა ვერ ჩავუღრმავდები, მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანით ვიყავი დაინტერესებული. მოვუწოდებ ხელისუფლებას, განმარტოს ყველაფერი. მე და ლევან ჩაჩუამ მივმართეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გამოიყოს საათები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და არასამთავრობოებმა გააკეთონ მრგვალი მაგიდა ასოცირების ხელშეკრულების განმარტებით ბარათთან დაკავშირებით, თითოეული მუხლის დადებითი და უარყოფითი მხარე განიმარტოს, რა საფრთხეები გვექნება, ან რა პერსპექტივები. თუმცა, მე რასაც ვხედავ, შესაძლოა, საქართველო გახდეს იმპორტზე სრულად დამოკიდებული ქვეყანა.
ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია, ზოგიერთი იმდენად იაფია, რომ ქართულიც კი არ იქნებოდა ასე იაფი, ამიტომ ბუნებრივად იქნება მისი შემოდინება. ეს წალეკავს ქართულ ბაზარს. მაგალითად, რძის პროდუქტების მაგალითზე აგიხსნით. საქართველოში იწარმოება ეს პროდუქტები და გვაქვს რამდენიმე კომპანია, ისინი ქვეყნის გარეთ ყიდულობენ საბაზისო პროდუქციას, რომელზეც აწარმოებენ მერე ამ პროდუქციას. ყიდულობენ ბელორუსში, ლიტვაში... ბელგიაში 2 ლიტრი რძე ღირს 55 ცენტი, ამ დროს კი, საქართველოში იგივე 2 ლიტრა ქართული რძე ღირს 3 ლარი და 20 თეთრი. ამიტომ ხვალ რომ მოინდომებს ვინმე და შემოიტანს რძეს, არაჟანს, ყველეულს და ხაჭოს, ადგილობრივი ბაზარი წაილეკება, რომელიც ისედაც ძლივს სუნთქავს.
ახლა გაიხსნა ქართული პროდუქციის გამოფენა, წადით, ნახეთ. ამას ორგანიზებას უწევს "პროკრედიტ ბაკი", იგივე რეკლამა აქვს "თიბისი ბანკს", რომელიც ამბობს, თუ აპირებთ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანას, გვერდით დაგიდგებითო, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური რეკლამაა. არც ერთი მეწარმე არაა მზად, არ შეუსწავლია ევროკავშირის ბაზარი და არ იცის ასოცირების ხელშეკრულების პუნქტები, ამიტომ უბრალოდ აქვს იმედი, მაგრამ არ იცის, მოიკიდებს თუ არა იმ ბაზარზე ფეხს. კიდევ ვიმეორებ, 28 სახეობის პროდუქციაზე უკვე გვაქვს გადასახდელი, ეს იმას ნიშნავს, რომ არაპარიტეტულ რეჟიმში ვართ, ეს არ არის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, რაზეც აქცენტს აკეთებენ ხელისუფლებაში. პარიტეტი არ მაქვს და როგორ მეღირება გულაბი მსხლის გატანა ლონდონის ბაზარზე?
- ამდენი ცუდის მერე რამე კარგიც მითხარით, დადებითი არაფერი შეგხვდათ მაგ ხელშეკრულებაში?
- ხელშეკრულება, როგორც პოლიტიკური დოკუმენტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ ემსახურება გლობალურ ქართულ ინტერესებს. ჩემთვის ამ დოკუმენტის რაიმე დადებით კონტექსტში წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან ჩემთვის მთავარია, იქმნებოდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც რიგით ქართველს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=11056&l...%A8%E1%83%98%3F