ბაქოში არ ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვარზე 3 ტონამდე ჰეროინია ამოღებული
სამხრეთ კავკასიის ამბები,
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური არ ადასტურებს საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც დააკავეს სატვირთო ავტომობილი, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და რომელშიც 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოჩნდა.
აზერბაიჯანის მედია ავრცელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ელხან ნაგიევის კომენტარს, რომელიც მან სააგენტო Turan-ს მისცა.
"ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენთვის არ მოუმართავთ," - აცხადებს ნაგიევი.
აზერბაიჯანის სხვა უწყებები, მათ შორის შსს, საბაჟო სამსახური, გენერალური პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ამ ფაქტის თაობაზე აზერბაიჯანის ამ უწყებების ოფიციალურ განცხადებებში არაფერია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს საქართველოს შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც აზერბაიჯანიდან სატვირთო ავტომობილით შემოვიდნენ და საიდანაც 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ცნობით, "ნარკოტიკები ავღანეთიდანაა, აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საქართველოში და სავარაუდოდ ევროპაში უნდა მოხვედრილიყო".
ნეტგაზეთი
Lord Jesus Christ, Son of God, have mercy on me, a sinner.