სულ მალე, ფუნქციონირებას დაიწყებს სფფ-ის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. ეს უმნიშვნელოვანესი სიახლე მედიას საგანგებო პრესკონფერენციაზე სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა - ნიკოლოზ ჩხეიძემ და სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა - ირაკლი ნაკაიძემ გააცნეს. სწორედ, ირაკლი ნაკაიძე უხელმძღვანელებს აკადემიას.
ეს მასშტაბური პროექტი უეფას პატრონაჟით ხორციელდება და საპილოტე ვერსიაა. უეფამ თავად აარჩია სამი ევროპული ქვეყანა და ჩვენდა სასიხარულოდ, მათ შორის საქართველოც.
ცოტა ხნის წინ, ნიკოლოზ ჩხეიძე, ირაკლი ნაკაიძე და რამდენიმე ქართველი მწვრთნელი უეფაში იმყოფებოდნენ, სადაც მიშელ პლატინისაც შეხვდნენ და ამ მასშტაბურ პროექტზე ისაუბრეს. სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის კურატორი ფრანგი სპეციალისტი - ჟან-ფრანსუა დომერგი იქნება, რომელიც თბილისში აგვისტოს ბოლოს ჩამოვა და ქართველ კოლეგებთან ერთად შეუდგება საქმეს.
წელს, აკადემიაში მიიღებიან 2000-2001 წელს დაბადებული მოზარდები. სწავლა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. სასწავლო პროგრამა მთლიანად უეფას მიერაა შემუშავებული. სექტემბერში სფფ მზად იქნება პირველი ნაკადის მისაღებად. მანამდე კი, ჩატარდება შესარჩევი ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორშაბათიდან, 21 ივლისიდან, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია, რომელსაც მსურველები შეავსებენ და გამოგზავნიან. ანკეტის შესავსებად, ასევე, შეგიძლიათ სფფ-ის ოფისში მოსვლაც.
დასაწყისისთვის, აკადემიაში მოხვედრილი მოზარდები იცხოვრებენ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“; უზრუნველყოფილნი იქნებიან უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით, მიიღებენ აკადემიურ განათლებას. მოკლედ, სფფ-ის ახალი პროექტი ძალიან ამბიციური, საინტერესო და სასარგებლოა. აკადემიის აღსაზრდელებისთვის სწავლა და ყველაფერი დანარჩენი უფასოა.
სამომავლოდ, აკადემია უნდა განთავსდეს თბილისთან ახლოს. სავარაუდოდ, მცხეთაში ან საგურამოში. უახლოეს დღეებში, ეს საკითხიც გაირკვევა და იურიდიული დეტალების მოგვარების შემდეგ, მშენებლობა დაიწყება. 2015 წლის მაისისთვის კი, აკადემია სრულად აღჭურვილი დაიწყებს ფუნქციონირებას. ყველაფერი უეფას სტანდარტების მიხედვით გაკეთდება.
სფფ-ის პრესსამსახური
http://gff.ge/ძალიან მაგარი სიახლეა, სულ ვფიქრობდი ამაზე, რატომ არ აკეთებენ-თქო
არ ვიცი, რამდენად დიდია ჩვენი ფედერაციის ჩართულობა იმაში რომ უეფამ 3 შერჩეულ ქვეყანას შორის ჩვენც მოგვახვედრა, მაგრამ თუ ასეა, პირადად მე ფედერაციის ამ ხელმძღვანელობას მხოლოდ ამ ფაქტის გამო აღარ ვაგინებ აწი რაც გინდა გააკეთონ

ნუ თუ მალე წავლენ მთლად უკეთესი

იმედია, მართლა ისე კარგად იქნება ყველაფერი, როგორც დაგეგმილია და მართლა ევრო-სტანდარტების დონეზე მოეწყობა ყველაფერი, რაც მთავარია, 2-3 წლიანი პროექტი არ იქნება და მუდმივად იარსებებს
ეს წესით უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საქართველოში ნიჭიერი ბავშვები აღარ დაიკარგებიან
ოღონდ ერთი რჩევა, სავარაუდოდ ფორუმს კითხულობენ ფედერაციის წარმომადგენლები და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ:
თუ მართლა გინდათ რომ მთელი საქართველო მოიცვათ, ყველაზე მიყრუებული სოფლებიდანაც კი შეარჩიოთ მართლა ნიჭიერი ბავშვები და არავინ დაიკარგოს აი ეს პუნქტი გაამრავალფეროვნეთ:ორშაბათიდან, 21 ივლისიდან, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია, რომელსაც მსურველები შეავსებენ და გამოგზავნიან. ანკეტის შესავსებად, ასევე, შეგიძლიათ სფფ-ის ოფისში მოსვლაც.
დამიჯერეთ, არის უამრავი ბავშვი უამრავ სოფელში, სადაც არც ინტერნეტი აქვთ და საერთოდ არ ჩავა ეს ამბავი
შესაბამისად, გამოიყენეთ სახელმწიფო რესურსი, განათლების სამინისტრო (სკოლები), გამგეობები და ა.შ. და დაევალოს ყველა ამ ორგანოს, მიიტანოს ეს ამბავი ყველა დასახლებულ პუნქტში.
ამით იმ ბავშვებსაც იპოვით, რომლებიც შეიძლება ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ არც ინტერნეტი აქვთ და არც ფეხბურთზე სიარულის ფული, მინდორში არიან მთელი დღე, მშობლებს ეხმარებიან, საღამოობით აგორებენ ბურთს და 3-4 წელიწადში ბირჟაზე დადგებიან სიგარეტით და არყის ბოთლით ხელში...
ამას თუ იზამთ ყოველწლიურად შერჩევისას, ჩათვალეთ საშვილიშვილო საქმეს გაუკეთებთ ქართულ ფეხბურთს! This post has been edited by mancunia89 on 18 Jul 2014, 18:05