დავით კეზერაშვილი ხმლით ხელში დამხვდა და მითხრა, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებით "ტელეიმედი" მათთვის უნდა მიმეცა, - განაცხადა ჯოზეფ ქეიმ დღეს სასამართლოში სკაიპით დაკითხვისას. მან "ტელეიმედის" ჩამორთმევის საკითხზე ისაუბრა. როგორც ქეიმ აღნიშნა, 2008 წელს დავით კეზერაშვილი დაუკავშირდა და შეხვედრაზე დაიბარა.
როგორც ჯოზეფ ქეი აცხადებს, დავით კეზერაშვილი ოფისში ხმლით ხელში დახვდა.
"იგი დამხვდა ხმლით ხელში როგორც ყოველთვის და მითხრა, რომ უნდა მიმეცა "ტელეიმედი" მათთვის მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებით. ცოტა ხანში მან დარეკა ტელეფონზე, მომაწოდა ტელეფონი, მესაუბრა თავად სააკაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ რასაც კეზერაშვილი მეტყოდა, უნდა დამეჯერებინა. მიშამ მითხრა, რომ არაფერი შეცვლილა, ცუდად არავინ მოგეპყრობა და "ტელეიმედის" დათმობის შემდეგაც ჩვენი მეგობარი იქნებიო. კეზერაშვილმა ჩაიღიმა და მითხრა, შენ თუ ამას არ გააკეთებ, ოთახიდან არ გაგიშვებო. მითხრა ასევე, დაწყნარდი, არავინ შეგეხებაო", - განაცხადა ჯოზეფ ქეიმ.
მისივე განმარტებით, კეზერაშვილი დაპირდა "იმედში" დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას. ჯოზეფ ქეის თქმით, კეზერაშვილთან საუბრის შემდეგ მან თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე და ოფისი დატოვა. მეორე დღეს კი, ქეის თქმით, გიგი უგულავამ დაურეკა და უთხრა, რომ გარკვეული დოკუმენტებისთვის ხელი უნდა მოეწერა.
"ვიკითხე, ვისზე ვაფორმებდი "ტელეიმედს", თუმცა მან არ მიპასუხა, დრო არ მაქვსო. დეკემბრის ბოლოს ხელი მოვაწერე დოკუმენტებს. დანახარჯი ჩემი დათვლით იყო 11 მლნ დოლარი, თუმცა მათ მითხრეს, რომ ეს 10 მლნ-ს შეადგენდა", - განაცხადა ჯოზეფ ქეიმ. მისი თქმით, უგულავა და კეზერაშვილი მას დაპირდნენ, რომ დახარჯულ თანხას დაუბრუნებდნენ.
"დამპირდნენ, რომ თანხას დამიბრუნებდნენ. მითხრეს, რომ მათი ფული ჰქონდა დავით იაკობაშვილს, რომელმაც ახალი რიყე გაყიდა და ამით მე ხარჯები ამინაზღაურდებოდა. თუმცა, მათი დათვლილი თანხიდანაც კი ნაწილი მომცეს, კერძოდ, 8 მლნ 800 ათასი დოლარი", - განაცხადა ჯოზეფ ქეიმ და დასძინა, რომ "იმედის" გასხვისების შემდეგ იგი მხოლოდ 10%-იანი წილის მფლობელად დარჩა, ბადრი პატარკაციშვილთან შეთანხმებისამებრ კი, ხუთი წლის შემდეგ "ტელეიმედი" მის ოჯახს გადასცა.
პროკურორების შეკითხვის საპასუხოდ, თუ რის გამო დათმო მან "ტელეიმედი", ჯოზეფ ქეიმ აღნიშნა, რომ სიცოცხლის უსაფრთხოების გამო ტელევიზია დათმო.
ჯოზეფ ქეიმ პროკურორებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ დავასთან დაკავშირებით უსაყვედურა. როგორც ჯოზეფ ქეიმ აღნიშნა, პროკურორები არაფერს ამბობენ იმაზე, რომ წულუკიანმა დაზარალებულად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მიმართებაში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ცნო.
ჯოზეფ ქეის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში სკაიპით ამ დრომდე გრძელდება. გამოცხადებული შესვენების შემდეგ ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს შეკითხვებს ადვოკატები უსვამენ.
მიმაგრებული სურათი