უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან ჯაჭვლიანის საქმეზე. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ლევან ჯაჭვლიანი „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მონიტორინგის და ინსპექტირების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან დისკრიმინაციული ნიშნით მოხსნეს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 23 იანვარს „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ახალმა დირექტორმა რეორგანიზაცია გამოაცხადა, რომელიც მისივე ბრძანებით 2013 წლის 1 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.
ე.წ. „რეორგანიზაციის“ შედეგად, 1 თებერვალს, ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დაერქვა;
გაუქმდა მონიტორინგისა და ინსპექტირების სამსახური და მის ნაცვლად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური ჩამოყალიბდა;
აღნიშნული სამსახურის უფროსის ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა და 3500 ლარი გახდა;
გაიზარდა შტატების რაოდენობა; ძველი საშტატო განრიგით გათვალისწინებული იყო 29 საშტატო ერთეული, ახალი საშტატო განრიგით კი 46; რამოდენიმე ათეულით გაიზარდა ხელშეკრულებთ აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა.
ორგანიზაციის ძველი და ახალი დებულებების შედარების შედეგად, მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები არსებითად არ შეცვლილა. ამის მიუხედავად, სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ სამსახურის უფროსს ლევან ჯაჭვლიანს თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა. „მას არ განუმარტავს, რეორგანიზაციის შემდეგ რას ვერ ვაკმაყოფილებდი. მხოლოდ ის მითხრა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე სხვა პირი ჰყავდა შერჩეული, „ნდობის მაღალი ხარისხით“, – ამბობს ლევან ჯაჭვლიანი.
ლევან ჯაჭვლიანმა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება არ დაწერა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტოს დირექტორმა მონიტორინგის სამსახურის უფროსად კორნელი გაბლიშვილი 1 თებერვალს ისე დაინიშნა, რომ ლევან ჯაჭვლიანი ჯერ გათავისუფლებული არ იყო. ჯაჭვლიანის გათავისუფლების ბრძანება 6 თებერვლით არის დათარიღებული.
ლევან ჯაჭვლიანმა უკანონო ბრძანების გაუქმების, თანამდებობაზე აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ქეთევან მესხიშვილმა, ლილი ტყემელაძემ და ნათია გუჯაბიძემ არასწორად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ძველი და ახალი სამსახურები არ განსხვავდება ერთმანეთისგან ფუნქციურად და რომ ძველი სამსახურის ფუნქციები მთლიანად ფარავს ახალი სამსახურის ფუნქციებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რეორგანიზაციას არ მოყოლია შტატების შემცირება, არც ლევან ჯაჭვლიანის კვალიფიკაციის არასაკმარისობა დადასტურდა „რეორგანიზებული“ სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
„მარტოოდენ რეორგანიზაცია დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს. დამსაქმებლის მიერ მარტოოდენ რეორგანიზაციაზე აპელირება დისკრიმინაციას არ გამორიცხავს. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გამორიცხა ლევან ჯაჭვლიანის თანამდებობიდან გათავისუფლების დისკრიმინაციული საფუძვლების არსებობა“, რის გამოც ლევან ჯაჭვლიანის სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული. სწორედაც რომ დისკრიმინაციული ქმედების გამო მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება ვითომდა „რეორგანიზაციის“ საფუძვლით. მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას“, – აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ ბათილად ცნო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის ბრძანება, მონიტორინგისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ლევან ჯაჭვლიანის გათავისუფლების შესახებ და სააგენტოს დაავალა: აღადგინოს ლევან ჯაჭვლიანი ტოლფას თანამდებობაზე; აუნაზღაუროს იძულებით განაცდური ყოველთვიურად 2700 ლარის ოდენობით სამსახურში აღდგენამდე.
პროექტების მართვის სააგენტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
ლევან ჯაჭვლიანის გათავისუფლების საქმე სახალხო დამცველის გარდა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმაც შეისწავლა. ორივე უწყებამ მოუწოდა სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებულ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კანონიერი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ სამინისტრომ არცერთი რეკომენდაცია არ გაიზიარა.
2014 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ საინფორმაციო ცენტრების ქსელს უთხრა, რომ ლევან ჯაჭვლიანის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში იყო გასაჩივრებული.
„როგორი შედეგიც დადგება, ჩვენ მოვიქცევით ისე“, – განაცხადა მინისტრმა.
11 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ ქათამაძემ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ესეც წყარო:
http://ick.ge/articles/18824-i.html#.U8fKHJ6gk04.facebook