უნივერსიტეტის დოცენტი, მელსი სილაგაძე, ნიკა მელიას ძალადობაში ამხელს!!!
12-05-14, 13:21
გაზეთი "კვირის ქრონიკა", ნანა სულავა
ორიოდე დღის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის დოცენტმა მელსი სილაგაძემ სკანდალური ამბავი მიამბო ნიკა მელიაზე, რომლის ჩანაწერს ვთავაზობ "ქრონიკის" მკითხველს.
მელსი სილაგაძე:
- 1994 წელს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის თემურ ხაჩიშვილის დავალებით, ჩემი დის ოჯახში (დაც უნივერსიტეტის თანამშრომელი გახლდათ) საბურთალოზე, უშიშროების საგამოძიებო ნაწილის უფროსის, მალხაზ სალაყაიას ხელმძღვანელობით (იგი, იცით, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ძალოვნებში სისასტიკით გამორჩეული ადამიანი იყო და იმ დროში თითქმის ყველა ბინძური საქმის შემსრულებელი გახლდათ) ჩატარდა ბარბაროსული სპეცოპერაცია. მოტივი იყო, რომ ჩემი დისშვილები თითქოსდა "საბურთალოს საძმოსთან" კავშირში იყვნენ, რაც მტკნარი სიცრუე იყო, თუმცა, ეს სხვა თემაა... იმ სპეცოპერაციის დროს მალხაზ სალაყაიას ხალხმა ჩვენი საცხოვრებელი სახლი პირწმინდად გაძარცვა, ისე, რომ ნახმარი თეთრეულიც კი წაიღეს და ბინა მთლიანად ტყვიებით დაცხრილეს, რომლის კვალი დღესაც კარგად ამჩნევია სახლის კედლებს. უმოწყალოდ ნაცემი ბიჭები კი უშიშროების იზოლატორში წაიყვანეს, მერე ესეც არ იკმარეს და სპეცოპერაციიდან მესამე დღეს, მალხაზ სალაყაიას ბრძანებით, ჩემი დის სახლში ისევ შემოცვივდნენ ნიღბიანები და უნებართვო ჩხრეკა დაიწყეს, ყველაფერი ისევ თავდაყირა დააყენეს, რას ეძებდნენ, თვითონ არ იცოდნენ. ჩხრეკა უშიშროების თანამშრომლების ავთანდილ ფოფხაძისა და თემურ გრძელიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. კარგად მახსოვს, თემურ გრძელიძე ადამიანურად იქცეოდა, წუხდა მომხდარზე, ავთანდილ ფოფხაძე მისგან განსხვავებით არ გვზოგავდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა სრულიად ახალგაზრდა ერთი მაღალი ბიჭი, რომელმაც ჩხრეკისას მამაჩემის ძველისძველი უბის წიგნაკი იპოვა და გახარებულმა შესძახა: "ვიპოვე, ვიპოვეო", იმ გაცრეცილ უბის წიგნაკში ცხონებული მამაჩემის კარგა ხნის წინათ გარდაცვლილი მეგობრების ტელეფონის ნომრები იყო... მკითხა, სად არის მამაშენიო? სასაფლაოზეა და მიაკითხე-მეთქი, ვუპასუხე. იმ ბიჭის სახეს 1994 წლიდან ვეძებ, ნიღაბი ეკეთა, მაგრამ მისი თვალები და სახის მოყვანილობა კარგად დამამახსოვრდა. ღმერთო მაღალო, ამდენი ხნის შემდეგ, ამას წინათ, ეს სახე "ნანუკას შოუში" აღმოვაჩინე, როცა შოუში მიწვეულმა სტუმარმა ნიკა მელიამ თავისი ახალგაზრდობისდროინდელი, სტუდენტობის ფოტოსურათი დადო ეკრანზე. ეს იყო ჩემთვის შოკი, ეკრანიდან ზუსტად ის თვალები მიყურებდა, რომელიც მაშინ ოჯახში შემოგვივარდა. მე ის ამოვიცანი!.. საკვირველი ისიც იყო, რომ ნიკა მელიას ფოტო იმ ტანსაცმელში ჰქონდა გადაღებული, რომელიც ჩვენთან შემოვარდნისას ეცვა. ის ნანუკა ჟორჟოლიანთან ყვებოდა, რომ იგი ერთი აცვენილი ქუჩის ბიჭი იყო, ქუჩის ბიჭი რომ ყოფილიყო, რაღა უჭირდა, ის ყაჩაღი იყო, რომელიც ნიღბით სახლში შემოგვივარდა და იმ ნიღბიანებში, ყველაზე სასტიკად რომ იქცეოდა, იმიტომ მახსოვს დღემდე. მან ეთერში საჯაროდ განაცხადა, რომ მას მალხაზ სალაყაია პატრონობდა, რომ მამამისმა სალაყაიას სთხოვა უშიშროების აკადემიაში მისი მოწყობა. ყველაფერი ზუსტად ასახავდა ჩემთვის იმ მწარე რეალობას, რამდენიც არ უნდა იმართლოს თავი მელიამ, ფაქტი სახეზეა, რომელსაც ვერ გაექცევა. ამით იმის თქმა მინდა, რომ 18-19 წლის ნიკა მელია ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი იყო, ასეთები არ იცვლებიან. თამამად ვამბობ, რომ ნიკა მელია სალაყაიას დავალებას ასრულებდა და ამ ადამიანებმა ამდენი უბედურება მოუტანა ჩვენს დიდ ოჯახს. ჩვენი ქვეყნის უბედურება ის არის, რომ მელიასნაირ ადამიანებს ერის ცხოვრებაში ისევ პირველკაცობა სურთ. თითქმის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სულ ასეთი წარსულის მქონე ადამიანებისგან არიან დაკომპლექტებული. გახსოვთ, ქალბატონო ნანა, მთავარი პროკურორის პოსტზე ფარცხალაძის დანიშვნაზე "ნაციონალებმა" რა ამბავი ატეხეს? ის საკუთარ ქვეყანაში მაინც არავის უვარდებოდა სახლში, თუკი გერმანიაში ბოტასები მოიპარა, მან ამაზე ხომ აგო პასუხი? "ნაციონალები" კი არაფერზე არ აგებენ პასუხს, ამიტომ არის, რომ ეს ცოდვაში ყელამდე მყოფი კაცი ბედავს, ქალაქის თავი იყოს. აფერუმ, "ნაცების" ფანებს, თუკი ჩემი სიტყვების შემდეგ მაინც თბილისელებზე გადავლილ ნიკა მელიას მისცემენ ხმას.
იმის გასაგებად, იყო თუ არა ნიკა მელია 1994 წელს მალხაზ სალაყაიას დაგეგმილი სპეცოპერაციის თანამონაწილე, რომელიც "ნანუკას შოუში" ქალბატონმა მელსიმ ამოიცნო, თავად ნიკა მელიას დიდხანს ვურეკეთ (577-184-184), თუმცა სულ მითიშავდა, შემდეგ ესემესიც გავუგზავნე, თუმცა უშედეგოდ.
არაობიექტურობა რომ არ დამწამონ, რადგან ქალბატონმა მელსიმ თქვა, სპეცოპერაცია იგორ გიორგაძის გამინისტრებამდე მოხდაო. ამიტომ კომენტარისთვის ირაკლი ბათიაშვილს დავუკავშირდით:
- მე აფხაზეთის ომის შემდეგ მალევე გადავდექი და იყო პერიოდი, გიორგაძის გამინისტრებამდე, როცა უშიშროების სამსახურს უფროსი არ ჰყავდა, ჩემი მინისტრობის პერიოდში ასეთი სპეცოპერაცია არ მომხდარა. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის, ისე, ჩემს დროს კი მუშაობდა მალხაზ სალაყაია გამომძიებლად, ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო და იმასაც დავსძენ, რომ საკმაოდ ფრთხილი კაცი იყო, მე ასე მახსოვს. ისიც შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ჩემს დროს ნიკა მელია არ მუშაობდა.
http://alia.ge/article.php?id=609