
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს.
ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული.
ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა.
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.
ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.
სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.
სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა.
ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია.
დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა.
დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო.
ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.
მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.
წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა.
შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა.
ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება.
წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს.
სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული.
შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

წინასწარმატყველი ელია - ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი -
ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე 900-ზე მეტი წლის
წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის,
თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით,
გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანის
მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით,როცა
ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი
ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლს აჭმევდნენ.
როცა ამის შესახებ იერუსალიმელ მღვდლებს მოუთხრო, მათ უპასუხეს:
„ნურაფრის გეშინია, შენი ძე ნათელში იცხოვრებს“.
ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა
და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა
დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო
მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისათვის ისრაელი უსჯულოებაში
იყო ჩაძირული: ხალხმა ზურგი აქცია სჯულს და უსულო კერპებს
მოუდრიკა ქედი. კერპთმსახურების განსაკუთრებით ერთგული
დამცველი იყო მეფე აქაბის მეუღლე, წარმართი იეზაბელი, რომელმაც
თავისი მეუღლე ბაალის სამსხვერპლოს აგებაზე დაიყოლია. თავისი ერის
გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე
წარსდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ
ღმერთთან მობრუნებისკენ მოუწოდა. მეფემ ყურად არ იყო მისი რჩევა.
მაშინ წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული
აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა
გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა:
„ცხოველ არს უფალი ღმერთი, ძალთა, ღმერთი ისრაელისა, რომლისა
წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი, გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ
სიტყუათა პირისა ჩემისათა“ (3 მეფ. 17,1). ელიას სიტყვები აღსრულდა:
ცა შეიკრა, გამხმარი მიწა ნაყოფს არ იძლეოდა, ხალხი საშინლად
იტანჯებოდა... თავისი რჩეული იეზაბელის რისხვისგან რომ დაეცვა,
უფალმა მას უბრძანა წასულიყო „ამიერ მზისა აღმოსავალად კერძო“
და დამალულიყო „ნაღვგარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ
იორდანესა“. აქ ელიას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს ყორნები
უზიდავდნენ საკვებს. როცა ხანგრძლივი გვალვის გამო წყარო ქორათშიც
დაშრა, წინასწარმეტყველმა ღვთის ბრძანებით სიდონის მახლობლად
მდებარე სოფელ სარეფთას მიაშურა. აქ იგი ერთი ქვრივი დედაკაცი
სახლში დაბინავდა, რომელსაც ელიას იქ ყოფნისას სასწაულებრივად
არ ელეოდა ფქვილი და ზეთი. ამ დროს სარეფთელი ქვრივის
ერთადერთი შვილი დასნეულდა და გარდაიცვალა. წინასწარმეტყველმა
ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა ყრმა და დედას დაუბრუნა.
სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს
მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის
საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარსდგა.
ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი
ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?“ არა მე,
არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი
თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, - უპასუხა წინასწარმეტყველმა
და კერპთმსახურებაში ამხილა, შემდეგ კი სთხოვა, ისრაელში მცხოვრები
ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული
მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარმილის მთაზე შეეკრიბა. აქაბი
დათანხმდა და დათქმულ დღეს კარმელის მთაზე 850 ქურუმმა მოიყარა
თავი. ელიამ მათ შესთავაზა თანაბარ პირობებში (სამსხვერპლოში
ცეცხლის დაუნთებლად) შეეწირათ მსხვერპლი თავთავიანთი
ღმერთებისათვის. ამაოდ დარბოდნენ დილიდან საღამომდე
სამსხვერპლოს გარშემო ქურუმები და ევედრებოდნენ ბაალს ცეცხლის
მოვლინებას: „მაღლადრე უხმეთ, რამეთუ ღმერთი არს: ანუ თუ
განცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს“ -
ეუბნებოდა მათ ელია. საღამოს თავად წიანასწარმეტყველმა აღადგინა
კარმილზე თორმეტი ქვისაგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც
სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგნას
ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და იგი
მსხვერპლზე და შეშაზე გადასხმული წყლით ამოავსო. ელიას ლოცვის
პასუხად ზეციდან სასწაულებრივად გარდამოხდა ცეცხლი, რომელმაც
შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვებიც დაწვა და არხში
წყალი ამოაშრო. გაოცებულმა ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი
ღმერთი: „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!“
(3 მეფ. 18,39) და ქურუმები, როგორც ერის გამრიყველები, კიშონის
ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა:
„აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18,41);
მისი ლოცვით ცა ყოველი მხრიდან წამოსული ღრუბლებით დაიფარა
და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა
უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან
თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად
განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის
დევნა განახლდა. წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ
ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და
ღრმა მწუხარებით აღსავსემ ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო,
მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“
(3 მეფ. 19,4). ღვთის ნებით ნათელმოსილი ანგელოზი წარსდგა მის
წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული
გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას
უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი
დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვებულს შეაფარა თავი.
უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ -
„შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა“, - უპასუხა
ელიამ, „რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი
შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა
და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად“
(3 მეფ. 19,10). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვებულიდან გამოსვლა
და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა,
ქარბუქს მიწისძვრა, ხოლო მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც
ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია
ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ
იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის
რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით
სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა,
წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი
ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე
როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ
ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში
და აზაელი ასურეთის მეფედ, იუი ისრაელის მეფედ, ხოლო ელისე -
წინასწარმეტყველად დაედგინა. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა
მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან
თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით
გულგატეხილი ელია უფალმა იმით ანუგეშა, რომ ისრაელში ხალხისაგან
და თვით წინასწარმეტყველისაგან დაფარულად შვიდი ათასი მამაკაცია
დარჩენილი, რომელსაც არ მოუდრეკია მუხლი და არ უცია თაყვანი
ბაალის კერპისათვის.
უფლის ნებით, დაუცხრომელი მოშურნეობით აღსავსე ელია ცეცხლოვანი
ეტლებითა და ჰუნებით ზეცად ცოცხლად აიტაცეს. ამ ხილვით გაოცებულმა
ელისემ შესძახა: „მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მხედარო მისო!“
ნიშნად წინასწარმეტყველურ მსახურებაზე დადგინებისა, ნეტარის წინაშე
ელიას ხალენი დაეცა და მასთან ერთად მოძღვრის მრჩობლი მადლიც
გადმოეცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი ელია თაბორის მთაზე
მაცხოვრის ფერისცვალებამდე აღარავის უხილავს დედამიწაზე
(მთ. 17,3; მკ. 9,4; ლკ. 9,30). ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის
წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და
ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო
გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული,
სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის
ეკვდრეში.
მათე 6:31 ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? 32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. 33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.