http://ick.ge/articles/19034-i.htmlპავლე რაფალიანცი – ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ „ქართული ოცნება“ სკამებისთვის იბრძოდა
ოთხშაბათი, 06 აგვისტო 2014 12:37
„ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ „ქართული ოცნება“ სკამებისთვის იბრძოდა. წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და საქმე გამოუძიებელია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბარბარე რაფალიანცის მამამ პავლე რაფალიანცმა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამით მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა შს მინისტრთან ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრის მოთხოვნით შსს–თან აქცია გამართეს, თუმცა მინისტრი მათ არ შეხვდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვის ბებიამ თინა მექერიშვილმა განუცხადა, საქმის გამოძიებას საჯაროდ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. „მარტო გიორგი ღვინიაშვილი აკეთებს ხოლმე განცხადებებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. მას აბრალებდა მანანა ბერიკაშვილი ბავშვის მკვლელობას. „ქართული ოცნებიდან“ არავის ვახსოვართ. დასხდნენ თანამდებობებზე და ეს საქმე აღარ ახსოვთ. გამომძიებლები პასუხსაც აღარ გვცემენ. საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებამდე, წინასაარჩევნოდაც გვინდოდა ამ საქმეზე გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, მაგრამ საშუალებას არ გვაძლევდნენ. სახლში მოდიოდნენ და გვაშინებდნენ. ეს წელიწადნახევარი იცით როგორ შიშში ვცხოვრობთ? ბავშვებს მარტო ვერ ვტოვებთ. თავი ბალიშზე აღარ გვიდევს“, – აღნიშნა თინა მექერიშვილმა.
მისივე თქმით, შს სამინისტროთან მათ ჯერ უთხრეს, რომ მინისტრი თბილისში არ იმყოფებოდა, შემდეგ კი უთხრეს, რომ საქართველოში არ იყო და შეხვედრა ვერ შედგებოდა.
შს სამინისტროს შემდეგ ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. მანანა ბერიკაშვილი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის დროს „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და ბავშვის მკვლელობას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკურენტს გიორგი ღვინიაშვილს აბრალებდა. არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ამ ბრალდებებს და შემზარავ კადრებს შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
* * *
გამოუძიებელი და/ან ფორმალურად გამოძიებული საქმეების მოკლე ჩამონათვალი:
1. თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადება
2. ლუკა კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსნის ცემა
3. ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება
4. გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეო მასალის ინტერნეტში გამოქვეყნება (შეუძლებელია ეს მხოლოდ მას გაეკეთებინა პირადად)
5. დავით გელაძის საქმე (18 წლის ბიჭი დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით)
6. ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა
7. ია ბარამიძის საქმე (მოსამართლის თანაშემწე, რომელსაც უშიშროების სამსახურები აიძულებდნენ მისაყურადებელი აპარატურის დამონტაჟებას უფროსის კაბინეტში)
8. 2013 წლის 8 თებერვალს პარლამენტარებზე თავდასხმის საქმე
9. გია ლორთქიფანიძის საქმე (ანტიტერორისუტული ცენტრის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუმონტაჟეს სახლთან)
10. ნატოს ვიზიტის დროს მერიისა და საკრებულო 23 თანამშრომლისთვის რამდენიმე საათიანი უკანანო თავისუფლების აღკვეთა
11. ბედუკაძისა და ბასტი-ბუბუს საქმეები (აწამებდნენ პატიმრებს)
12. ბაჩო ახალაიას უკანონო აუდიო-ვიდეო ჩაწერა საკანში
13. მამუკა მიქაუტაძის საქმე (მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს და თავი მოიკლა)
14. ოფიცერ თათუხაშვილის გარდაცვალება (მთავარი მოწმე ბაჩო ახალიას ერთ-ერთ საქმეში)
15. ჯიჰადის ვიდეოები (ჩუკოტაევის ვერსია ზედმეტად არასერიოზულია)
16. ჰაკიმ ფაშას ვიდეო - ვინ მოიპარა გამოძიების მასალები და ვინ ატვირთა?
17. კორტავას საქმე (ციხეში გარდაცვლილი პატიმარი. ციხის უფროსი ქვეყნიდან გააქციეს ბაჩო ახალაიაზე ჩვენების მიღების სანაცვლოდ)
18. მოწმე გია გორგაძის გატაცება პრაიმ ტაიმის ოფისიდან (მოწმე ბაჩო ახალაიას საქმეში)
19. პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმე (ციხეში გარდაიცვალა. ოჯახი ამტკიცებს რომ მოკლულია)
20. დეპუტატ წიკლაურის გატაცების მცდელობა
21. როგორ იყიდეს ბინები ფარცხალაძემ (ყოფილი მთავარი პროკურორი), ჭიკაიძემ (შსს მინისტრი), ბუნტურიძემ (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის დაცვის ყოფილი უფროსი)
22. ლევან ჩაჩუა რატომ არის დაკავებული? (ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ზ. ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა. დააკავეს ჰაკიმ ფაშას ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ და აბრალებენ ექსპერტიზის შედეგების გაყალბებას ისე რომ ხელახალი ექსპერტიზა არ ჩატარებულა)
23. 5 რეგიონში ნაციონალოური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციების გამართვაში ხელის შეშლა ძალადობრივი გზით (როგორ გაიგეს ტიტუშკებმა რომელ 5 რეგიონში, რომელ საათზე ვატარებდით პრეზენტაციებს გაჩერებულ პროექტებზე?)
24. თვალთვალი რუსთავი2-ზე
25. დეპუტატების უკანონო მოსმენის ფაქტი (გოგა ხაჩიძის ექსპერიმენტი, რომელზეც ყველა საჭირო მტკიცებულება არსებობს)
26. გარდაბანში 200-მდე ადამიანის მიერ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ცემა წინასაარჩევნო პერიოდში
27. მარნეულის ერთ-ერთ უბანში ბიულეტენების ჩაყრა
28. ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა
29. თბილისის აეროპორტიდან გამქრალი "რემენა"