ქარელის საკრებულოს წევრები ამომრჩევლებთან და თანამდებობის პირებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. ინფორმაციას გამოცემა qartli.ge აქვეყნებს.
ტარიფები „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ" დადგენილებაშია მოცემული, რომელიც 2014 წლის მოწვევის საკრებულომ 2 აგვისტოს მიიღო.
დადგენილების თანახმად, ტარიფები შემდეგია:
,,საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის - 100 ლარი; საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარი; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის - 250 ლარი; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარი; ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის - თითოეული გასვლისთვის 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს თვეში სამი შეხვედრისა; საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის - 50 ლარის ოდენობით."
დადგენილების თანახმად, აღნიშნული თანხების გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მონაწილეობის აღრიცხვას აწარმოებს საკრებულოს აპარატი.
თანხის მისაღებად შემდეგი პროცედურის გავლაა საჭირო: საკრებულოს წევრი, ყოველი თვის 5 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში. მოხსენებით ბარათში აისახება: შეხვედრების ჩატარების დრო და ადგილი; შეხვედრის თემატიკა.
მოხსენებით ბარათს თან უნდა დაერთოს: ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად - მინიმუმ 3 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელისმომწერი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის დასადასტურებლად - ამ პირ(ებ)ის ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელის მომწერი თანამდებობის პირების სახელი და გვარი.
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილის განმარტებით, კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, საკრებულოს იმ დეპუტატს, რომელსაც ხელფასი არ აქვს, მიეცეს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის გარკვეული თანხა.
როგორც მან commersant.ge–ს განუმარტა, საკრებულოებში ხელფასი მხოლოდ თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები) ერიცხებათ, რიგითი წევრები კი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობენ, თუმცა ამ უკანასკნელებს შესაძლოა მიეცეთ თანხა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის.
რაც შეეხება თანამდებობის პირების ხელფასებს, მათი ზედა ზღვარი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ამ ზღვარს პრეზიდენტი ადგენდა.
ამ ფარგლებში კონკრეტული ანაზღაურების მოცულობას საკრებულო აწესებს, მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხელფასის ზედა ზღვარი 2750 ლარს შეადგენს.
კლდიაშვილის თქმით, საქართველოში წინა ხელისუფლების პერიოდშიც არაერთი საკრებულო იყო, სადაც რიგით წევრები არ იღებდნენ ანაზღაურებას. თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებიც სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაშვებული ანაზღაურების მიღების უფლებით სარგებლობენ. ეკონომისტის თქმით, ამ მხრივ არავითარი ცვლილება არ მომხდარა.
http://commersant.ge/?menuid=88&id=14288&lang=1სირები