########## ######## ########### ############## ###############
http://ick.ge/articles/19086-i.html2008 წელს რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპული 18 წლის გოჩა ილურიძის სოციალურად დაუცველ ექვსსულიან ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. „ოჯახში 6 სული ვართ, აქედან 3 ბავშვია. არავინ ვმუშაობთ. 1 ძროხა და 5 ქათამი გვყვავს. ტელევიზორის გარდა სხვა ტექნიკა არ გვაქვს, მაგრამ დახმარება მაინც შეგვიწყვიტეს“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოჩა ილურიძის დედამ მანანა ყაბანაშვილმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის აგენტებმა ილურიძეების ოჯახი 2014 წლის 2 ივლისს გადაამოწმეს. 2 აგვისტოს სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში მისულ მანანა ყაბანაშვილს განუცხადეს, რომ ოჯახმა მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღო.
„საარსებო შემწეობას 2011 წლიდან ვიღებდით. 55 ათასი ქულა გვქონდა მონიჭებული. მიმდინარე წლის ივლისში რომ გადაგვამოწმეს, აგვისტოში მითხრეს, დახმარება აღარ გეკუთვნის, მაღალი ქულა მიიღეო“, – ამბობს მანანა ყაბანაშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ ილურიძეების ოჯახს 60 180 ქულა მიენიჭა, რაც 3 ათასი ქულით მეტია ზღვრულ რაოდენობაზე. ფულადი დახმარება იმ ოჯახებზე გაიცემა, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 001–ს არ აღემატება.
საბრძოლო მოქმედებებისას გარდაცვლილ მარჩენალდაკარგულთა ოჯახებს 2013 წლის 1–ლი სექტემბრიდან სახელმწიფო კომპენსაცია ეძლევათ თვეში 500 ლარის ოდენობით. მანანა ყაბანაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს გახდა სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი.
„ძალიან გვიჭირს, ძალიან. თბილისში ჩასვლა მთხოვეს, გოჩას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით და 20 ლარი მეზობელმა მასესხა. დახმარების სახით ყოველთვე 300 ლარს ვიღებდი და 800 ლარით თავი გაგვქონდა. ჩემი უფროსი შვილიც უმუშევარია. ის მაინც რომ მუშაობდეს, დახმარება აღარ დაგვჭირდებოდა. არავისთან მივსულვართ. არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ომში გოჩას გარდაცვალების გამო ვაწუხებთ“, – აღნიშნავს გოჩა ილურიძის დედა.
გოჩა ილურიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ორი თვით ადრე გაიწვიეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეაგირების ჯგუფში მსახურობდა. 8 აგვისტოს ერედვში, კასეტური ბომბების ჩამოყრის დროს დაიღუპა.
სამხედრო მოსამსახურე იყო გოჩას ძმა გიორგი ილურიძეც. საკონტრაქტო პირობებით მსახურობდა მე–4 ქვეითი ბრიგადის 42–ე ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. აგვისტოს ომში ისიც მონაწილეობდა. 2009 წლის ივნისში სამსახურიდან სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაათავისუფლეს. მას შემდეგ უმუშევარია. გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
„ახლობელი თუ არ გყავს, ვერსად დაიწყებ მუშაობას, თორემ ვიმუშავებდი რაიონში რეინჯერად ან მესაზღვრედ“, – ამბობს გიორგი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ილურიძეების ოჯახთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს გაიოზ თალაკვაძეს ესაუბრა. გვინდოდა დაგვეზუსტებინა, რამ გამოიწვია ილურიძეების ოჯახის სარეიტინგო ქულის გაზრდა მაშინ, როდესაც ოჯახი სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულია. სააგენტოდან განმარტება ვერ მივიღეთ.