თბილისის ბიუჯეტმა 13 მილიონიანი სეკვესტრი განიცადა
თბილისის მერია დღეიდან ახალი ბიუჯეტით იმუშავებს. თბილისის ბიუჯეტი 12.575 მილიონი ლარით შემცირდა და 785 მილიონი ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის შემცირების გამო, შეჩერდა რამდენიმე პროექტი. მაგალითად,საბავშო ბაღების მშენებლობის წელს დაწყება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს ქალაქში აღარ აშენდება მრავალსართულიანი ავტოპარკინგები, რასაც გადამწყევტი როლი უნდა შეესრულებინა ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ავტომანქანების დაყენების პრობლემის გადასაჭრელად. გარდა ამისა, აღარ მოხდება ავარიული შენობების გამაგრება, აღარ აშენდება გმირთა მოედნიდან ლაგუნა-ვერეს მონაკვეთზე და ვაშლიჯვრიდან დიღმის მიმართულებით ესტაკადები.
სეკვესტრირებული ბიუჯეტის გამო, წელს აღარ აშენდება მუნიციპალური ავტობუსების ახალი ავტოპარკი, რომელიც მძღოლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, აღარ აშენდება მედიათეკები, აღარ მოხდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია,კალათბურთის ხელშეწყობა და ასე შემდეგ.
2014 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებების შედეგად, იგივე დარჩა ზამთარში არსებული 100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი.
როგორც თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, 3.5 მილიონი ლარით შეამცირეს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა. მიზეზად კი მეწარმეების მხრიდან ნაკლები ინტერესი დასახელდა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო ახალი პროგარმების და ახალი ინიციატივების შეთავაზება და არა სრულად გაუქმება. როგორც აბესაძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი დანაპირებიდან წელს არცერთის შესრულება არ ისურვა.
თუმცა, როგორც თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, ბიუჯეტის სეკვესტრის გამო სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით დაფინანსება არ შეფერხდება, მისი თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა კი აუცილებელი იყო.
,,წინა ხელისუფლებამ სოციალური და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების კუთხით თანხები პრაქტიკულად დახარჯა. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ პრობლემები რომ არ შექმნილიყო ამ მიმართულებით აუცილებელი იყო დამატებითი თანხების მობილიზება გარკვეული მუხლებიდან იმისთვის, რომ ეს პროექტები არ შეჩერებულიყო’’,– განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანია განმარტავს, რომ სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები არ შეფერხდება. "პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან იყო საუბარი, რომ რადგანაც ჩვენ ქამრების მოჭერა და შემოჭერა დავიწყეთ, მოქალაქეებს რაიმე დააკლდებათ, ან საინვესტიციო პროექტები შეჩერდება. არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება. არც ერთი სოციალური დახმარება, არც ერთი ჯანდაცვის კუთხით დაფინანსება არ შეფერხდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
http://commersant.ge/?menuid=88&id=15481&lang=1პ.ს. აი პოლიციის რეიდების, შუქების მოხშირებული ჩაქრობის და მანქანას რამე არ მოხსნან დაბრუნებული შიშის ფონზე, თითქოს რაღაც მაკლდა ჩემი ახლაგაზრდობის ნოსტალგიაში.