მოგახსენებთ რომ პეტიცია (https://secure.avaaz.org/en/petition/sakartvelos_shromis_janmrtelobisa_da_socialuri_dacvis_ministrs_d_sergeenkos_shecqdes_asakobrivi_diskriminacia_sakartvelo/edit)
გაეგზავნა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს და მივიღეთ პასუხი:
მოგესალმებით,
განვიხილეთ თქვენს მიერ მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გადმოგზავნილი პეტიცია და აღნიშნულის თაობაზე გაცნობებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის ოფიციალური მონაცემებით 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა ეკონომიკური აქტივობის მიხედვით ასაკობრივ და სქესობრივ ჭრილში შემდეგნარად ნაწილდება (http://geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo):
ზემოთ მოცემული ცხრილების თანახმად ნათლად ჩანს, რომ როგორც ასაკობრივ , ისე სქესობრივ ჭრილში დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები იცვლება აქტიურობის მაჩვენებლების ზრდასთან თუ კლებასთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს შრომის კოდექსში, რომლის გათვალისწინებით კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატა დისკრიმინაციის აკრძალვა წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, კერძოდ: ,, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალურ კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის , ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო’’.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომისა და დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით 2013 წელს შეიქმნა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ უკვე შემუშავებულია კანონპროექტი ,, დასაქმების შესახებ’’, რომლის განხილვაც დაწყებულია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში (სამუშაო ჯგუფში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე). ხსენებულ კანონპროექტში განმარტებულია ვაკანსის ცნება და მითითებულია, რომ ვაკანსიის ტექსტი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციული ხასიათის ნიშნებს, თუკი ეს არ გამომდინარეობს სამუშაო სპეციფიკიდან. კანონპროექტი ითვალისწინებს პირის პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ რეაბილიტაციას, ასევე დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიღებას ასაკის შეუზღუდავად. აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცების შემდგომ იქნება საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობისათვის შრომის ბაზარზე ჩართულობის შესაძლებლობის გარანტი.
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს მოხდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირება, კერძოდ, ინტერაქტიული ვებ-პორტალის (worknet.gov.ge) შექმნა . აღნიშნული პორტალი სრულიად გამორიცხავს დისკრიმინაციის ნიშნების არსებობას, რადგან სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირების პროცესში თავად წყვეტს, გაასაჯაროოს თუ არა პერსონალური მონაცემები. სამუშაოს მაძიებლის სურვილის შემთხვევაში პორტალის მეშვეობით დამსაქმებელი იხილავს მხოლოდ სამუშაო გამოცდილებისა და განათლების ინფორმაციის შემცველ რეზიუმეს. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სამინისიტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს მუშაობა დასაქმების სტანდარტის შემუშავებაზე, რომელიც განსაზღვრავს პროფესიების შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და უნარებს.
პატივისცემით,
პაატა ჟორჟოლიანი
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
* * *
გთხოვთ გამოთქვათ მოსაზრებები და მერე შევაჯამოთ და გავუგზავნოთ პასუხი ან შევქმნათ ჯგუფი რომელიც ამ პასუხს (კონკრეტულ წინადადებებს და ასე შემდეგ) გააცნობს პირადად სამინისტროს. მოკლედ რა იყოს შემდეგი ნაბიჯი?
This post has been edited by Inanna on 20 Aug 2014, 16:46
მიმაგრებული სურათი