#42032889 · 25 Aug 2014, 15:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"წვრილბურჟუაზიული სოციალიზმი" ფეოდალური არისტოკრატია არ არის ერთადერთი კლასი, რომელიც ბურჟუაზიამ დაამხო და რომლის ცხოვრების პირობები თანამედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებაში უარესდებოდა და იშრიტებოდა. შუა საუკუნეების მოქალაქეთა წოდება და წვრილი გლეხობა თანამედროვე ბურჟუაზიის წინამორბედნი იყვნენ. მრეწველობისა და ვაჭრობის მხრივ ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში ეს კლასი კიდევ განაგრძობს ბეჩავ არსებობას აღმავალი ბურჟუაზიის გვერდით. იმ ქვეყნებში, სადაც თანამედროვე ცივილიზაცია განვითარდა, წარმოიშვა ახალი წვრილი ბურჟუაზია, რომელიც პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის მერყეობს და, როგორც შემვსები ნაწილი ბურჟუაზიული საზოგადოებისა, მუდამ კვლავ წარმოიშობა ხოლმე; მაგრამ კონკურენცია განუწყვეტლივ გადაისვრის ხოლმე ამ კლასის წევრებს პროლეტარიატის რიგებში, და ისინი უკვე ამჩნევენ იმ წამის მოახლოებას, როდესაც მსხვილი მრეწველობის განვითარებასთან ერთად ისინი სრულიად გაჰქრებიან როგორც თავისთავადი ნაწილი თანამედროვე საზოგადოებისა და, ვაჭრობისა, მანუფაქტურასა და მიწათმოქმედებაში მათ ადგილს დაიჭერენ სამუშაოს ზედამხედველნი და დაქირავებული მოსამსახურენი.
ისეთ ქვეყნებში, როგორიც საფრანგეთია, სადაც გლეხობა მოსახლეობის ნახევარზე გაცილებით მეტს შეადგენს, ბუნებრივი იყო, რომ მწერლები, რომლებიც პროლეტარიატის მხარეს იჭერდნენ ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ბურჟუაზიული წყობილების თავიანთ კრიტიკაში ამ წყობილებას წვრილბურჟუაზიული და წვრილგლეხური საზომით უდგებოდნენ და მუშებს წვრილბურჟუაზიული თავალსაზრისით იცავდნენ. ამნაირად წარმოიშვა წვრილბურჟუაზიული სოციალიზმი. სისმონდი ამ სკოლის მეთაურია არა მარტო საფრანგეთში, არამედ ინგლისშიც.
ამ სოციალიზმმა უაღრესად მკვეთრი ანალიზი გაუკეთა თანამედროვე წარმოებით ურთიერთობაში არსებულ წინააღმდეგობებს. მან გამოამზეურა ეკონომისტების ფარისევლური აპოლოგეტობა. მან უცილობლად დაამტკიცა მანქანებისა და შრომის დანაწილების დამრღვევი მოქმედება, კაპიტალისა და მიწათმფლობელობის კონცენტრაცია, ჭარბწარმოება, კრიზისები, წვრილი ბურჟუებისა და გლეხების აუცილებელი დაღუპვა, პროლეტარიატის სიღატაკე, ანარქია წარმოებაში, აღმაშფოთებელი უთანაბრობა სიმდიდრის განაწილებაში, სამრეწველო გამანადგურებელი ომი ერებს შორის, ძველ ზნე-ჩვეულებათა, ძველ ოჯახურ ურთიერთობათა, ძველ ეროვნებათა დარღვევა, მაგრამ თავისი დადებითი შინაარსის მიხედვით ამ სოციალიზმს სურს აღადგინოს წარმოებისა და აღებ-მიცემის ძველი საშუალებანი და მათთან ერთად ძველი საკუთრების ურთიერთობა და ძველი საზოგადოება, ან მას სურს კვლავ ძალად ჩატენოს წარმოებისა და აღებ-მიცემის თანამედროვე საშუალებანი ძველი საკუთრების ურთიერთობის ჩარჩოებში, რომელიც მათ ააფეთქეს და აუცილებლად უნდა აეფეთქებინათ. ორსავე შემთხვევაში იგი რეაქციულიც არის და უტოპიურიც ერთსა და იმავე დროს. ამქრული ორგანიზაცია მანუფაქტურაში და პატრიარქალური მეურნეობა სოფლად – აი მისი უკანასკნელი სიტყვა.
თავის შემდგომ განვითარებაში ამ მიმართულებამ მხდალი ბუზღუნის სახე მიიღო
კ. მარქსი
--------------------
ო, მშვენიერო ბჰუტა ღამეა თვალებში სულის წყვდიადის ანარეკლი.
|