პოლ გობლი: კრემლი განაახლებს საომარ ოპერაციას საქართველოში და მოლდავეთისკენ დაიძრება
30 აგვისტო 23:44
1570
პოლ გობლი
რუსეთმა გადააბიჯა იმ ზღვარს, სადამდეც კრემლს კიდევ შეეძლო უკრაინაში შეჭრის უარყოფა. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და საკუთარი სიტყვები, დამოუკიდებელ ქვეყანას ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა. რუსული აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია დასავლეთი გადავიდეს უფრო მკაცრ დიპლომატიურ, ფინანსურ და სამხედრო ზომებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ბალტიის ქვეყნები. კრემლი განაახლებს საომარ ოპერაციას საქართველოში და მოლდავეთისკენ დაიძრება. ასე დაახასიათეს არსებული სიტუაცია ამერიკელმა პოლიტოლოგებმა პოლ გობლმა, სტივენ ბლანკმა და იანუშ ბუგაისკიმ golos-ameriki.ru კორესპონდენტთან საუბარში. გთავაზობთ წერილის "სტალინის სიკვდილის შემდეგ, ყველაზე საშიშ პერიოდში ვცხოვრობთ", მოკლე თარგმანს:
"რისი მიღწევა სურს პუტინს.
"ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი, იმის გარდა რომ უზრუნველყოს ხელისუფლებაში დარჩენა და შეინარჩუნოს ფული, ნატოს დაშლა და ამგვარად, აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპას შორის კავშირის გაწყვეტაა", ვარაუდობს პოლიტოლოგი ვაშინგტონიდან, ბლოგის "ფანჯარა ევრაზიაში" ავტორი პოლ გობლი (Paul Goble, Window on Eurasia).
გობლი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ტერიტორიების "დაუსჯელად მიტაცების" გაგრძელების შემთხვევაში, პუტინს კიდევ უფრო გაუმყარდება საკუთარი წარმოდგენა "უნიათო" დასავლეთთან დაკავშირებით, რის შემდეგაც "რამდენიმე თვეში, თუ კვირაში არა" გადადგამს შემდეგ ნაბიჯს, რომლის მსხვერპლი იქნებიან ლიტვა, მოლდოვა და საქართველო.
"ეს მოქმედებები გამოყენებული იქნება რუსეთში რადიკალური ნაციონალიზმის, ფაშიზმისაც კი, გაღვივებისათვის. პუტინს სურს საქვეყნოდ აჩვენოს აშშ-ს უნიათობა, რომელსაც შეუძლია ნატოს ევროპელ მოკავშირეებს უღალატოს. თუ ასე მოხდება ნატო არსებობას შეწყვეტს", აღნიშნავს პოლ გობლი. მისივე სიტყვებით "სტალინის სიკვდილის შემდეგ ყველაზე საშიშ პერიოდში ვცხოვრობთ და საქმე გვაქვს, ევროპაში ყველაზე აგრესიულ ლიდერთან, ადოლფ ჰიტლერის შემდეგ".
ვაშინგტონში ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორის იანუშ ბუგაისკის (Janusz Bugajski, Center for European Political analyses), აზრით "პუტინი აპირებს სეპარატისტული ანკლავის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინის გახლეჩას და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ მისწრაფებებს".
ამერიკის საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსი მეცნიერის სტივენ ბლანკის (Stephen Blank, American Foreign Council) აზრით, კრემლს კარგად ესმის, რომ არ ძალუძს უკრაინის შენარჩუნება და ამიტომ, ვლადიმერ პუტინის მიზანია "მისი სახელმწიფოებრიობის განადგურება".
ისევე როგორც პოლ გობლი, სტივენ ბლანკიც დარწმუნებულია, რომ დაუსჯელობა უბიძგებს პუტინს შემდგომი აგრესიული ნაბიჯებისკენ საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, რაც ძირს გამოუთხრის აშშ-სა და ნატოს ავტორიტეტს.
http://news.ge/ge/news/story/102776-pol-go...isken-daidzreba