უნდა იყოს თუ არა სიკვდილით დასჯა?! - საქართველოში სასჯელის უკიდურეს ფორმას ითხოვენ
ბოლო დღეებია ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე მძიმე დანაშაული მოხდა. მართალია, პოლიციამ თითქმის ყველა მომხდარი საქმე გახსნა, მაგრამ მოსახლეობაში გარკვეული შიშის ფაქტორი გაჩნდა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ხალხი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას მოითხოვს, რადგან არსებულ სასჯელებს იმდენად მცირედ თვლიან, რომ დამნაშავე მას არ უშინდება. არის სიკვდილით დასჯა პანაცეა?!
XX საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა, ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში და სხვა, თუმცა როგორც სტატისტიკა მეტყველებს, ის, რომ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში არის ეს უმკაცრესი კანონი, სულაც არ უშლის ხელს, რომ მძიმე კრიმინალური დანაშაულები მოხდეს. საპირისპირო სურათია სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც სიკვდილით დასჯა აკრძალულია, თუმცა არათუ მძიმე, მსუბუქი კრიმინალური შემთხვევებიც კი იშვიათად ხდება, ანუ რა გამოდის, სიკვდილით დასჯა არ არის ეფექტური სასჯელი?!
ხშირია, როდესაც ადამიანს აპატიმრებენ, ის ვერ ამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას, მაგრამ 3-4 წლის მერე გამოჩნდება ახალი სამხილი და აღმოჩნდება, რომ ის მართლაც უდანაშაულო ყოფილა. ვთქვათ, მას აბრალებდნენ ისეთი დანაშაულს, რაც ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას და დასაჯეს კიდეც, ვინ უნდა აგოს პასუხი მისი ტყუილად მოკვლისთვის, ან ვინმეს პასუხისგება რა შეღავათის მომცემი იქნება გარდაცვლილისთვის?!
რელიგიური თვალსაზრისთაც გაუმართლებელია სიკვდილით დასჯა. სიცოცხლე ღვთის მიერ მონიჭებულია და არავის აქვს უფლება, რომ ის წაართვას ადამიანს, თანაც როდესაც პიროვნება ჩაიდენს დანაშაულს, პატიმრობის დროს მას აქვს საშუალება შეინანოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ნახევარწამიანი შენანებაც კი აცხოვნებს ადამიანსო, ანუ დახვრეტამდეც შეუძლია შენანება, მაგრამ როდესაც იცი, დღეს თუ არა ხვალ უნდა მოგკლან, სინანულზე მეტად იმაზე ფიქრობ, როგორ უშველო თავს - სამწუხაროდ, ადამიანის ბუნებაა ასეთი.
არის
კიდევ ერთი ფაქტორიც. კრიმინალი მუდამ იარსებებს და მათი სიკვდილით დასჯით (ვერც სამუდამო პატიმრობით) საზოგადოება, რომელსაც მან ზარალი მიაყენა, ვერავითარ სარგებელს ვერ ნახავს. ამიტომ, ხომ არ აჯობებს საპატიმროებში არსებობდეს რაიმე საქმე, რომელსაც ეს პატიმრები სრულიად უსასყიდლოდ გააკეთებენ. ამით იმასაც მივაღწევთ, რომ ციხიდან გამოსულს ეცოდინება გარკვეული საქმე და საკუთარი თავის დამკვიდრებას ბევრად უკეთ მოახრეხებს.
მუსულმანურ ქვეყნებში დღემდე შარიათის კანონები მოქმედებს და იქ სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივი ნორმაა, მეტიც, მისი აღსრულება მსუბუქ დანაშაულზეც კი ხდება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც მანდილოსნის ქვებით ჩაქოლვა იყო გადაღებული. მანდილოსანს ბრალად უცხო კაცთან ყოფნა ედებოდა, საინტერესოა, რომ ჩაქლოვაში ყველაზე მეტად ამ ქალბატონის ძმები აქტიურობდნენ, ხოლო მამაკაცი, ვისთანაც ეს ქალბატონი იყო, საერთოდ არ დასჯილა.
სიმკაცრე არასოდესაა შველა. მაგალითისთვის ისევ აღმოსავლური ქვეყნების მოყვანა შეიძლება, ასევე სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირის, როდესაც ისე ქრებოდნენ ადამიანები, მათ კვალს ვეღარასოდეს პოულობდნენ, თუმცა დანაშაული მაინც ხდებოდა და არც თუ ისე ცოტა.
არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მკვლელბის მუხლით ბრალდებული ციხიდან გამოსულა და სწორი ცხოვრებით გაუგრძლებია გზა, ბევრი კარგიც გაუკეთებია. სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა დანაშაულის პრევენცია, თორემ უკვე მოხდარ ფაქტს ვერც სამუდამო პატიმრობა უშველის და ვერც სიკვიდლით დასჯა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/110287-un...l#ixzz3CQmXMVlc