ალოკაზია ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც 70-მდე სახეობას აერთიანებს. დღეს მის ერთ-ერთ სახეობაზე - დიდფესვება ალოკაზიაზე, ანუ ალოკაზია არმაზე ვისაუბრებთ, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საოთახო მემცენარეობაში.
დიდფესვება ალოკაზია (ლათ. Alocasia macrorrhiza Schott), ანუ ალოკაზია არმა, ალოკაზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ზომის სახეობაა. ის სიმაღლით შესაძლოა, 2 მ-საც კი აჭარბებდეს, გულის ფორმის ფოთლები კი სიგრძეში - 1 მ-ს, ხოლო სიგანეში 60-70 სმ-ს აღწევს.
ოთახის პირობებში მცენარე იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ მაინც იყვავილა, მოყვითალო-მომწვანო ბუტკოს ივითარებს, რომელშიც წვრილ-წვრილი, სურნელოვანი ყვავილებია მოთავსებული.
ალოკაზია არმა ძალზე მგრძნობიარეა ამინდის მიმართ და გაწვიმებამდე „ტირილს იწყებს“ - მისი ფოთლის წვერზე ჩნდება გამჭვირვალე წვეთები, ამის გამო ხალხში „მტირალასა“ და „ამინდის წინასწარმეტყველსაც“ ეძახიან.
ხალხურ მედიცინაში ალოკაზია არმა „სამფოთოლას“ სახელწოდებითაა ცნობილი, რადგან მეოთხე ფოთლის გაჩენისთანავე მცენარის ყველაზე ძველი ფოთოლი ჭკნობას იწყებს და მხოლოდ სამი საღი ფოთოლი რჩება. ხალხურ მედიცინაშიც სწორედ ეს დამჭკნარი ფოთოლი გამოიყენება - სანამ ბოლომდე გახმება, ფოთოლს მცენარეს აშორებენ (აჭრიან) და მისგან სამკურნალო ნაყენს ამზადებენ.
ალოკაზია არმას ნაყენი გამოიყენება ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, პოდაგრა, პოლიართრიტი, მიოზიტი და ა.შ. თუმცა, ნაყენის თვითნებურად დამზადება და თვითმკურნალობა დაუშვებელია - მცენარე შხამიანია და შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოთ.
სიფრთხილე გამოიჩინეთ მცენარესთან მუშაობის პროცესშიც - ხელებზე ხელთათმანი გეკეთოთ, მუშაობის დასრულებისთანავე კი ხელები საპნით დაიბანეთ.
ალოკაზია არმა ხშირად ალოკაზია ოდორაში ერევათ. ეს ორი სახეობა ერთი შეხედვით მართლაც ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, თუ ალოკაზიას შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაარკვიეთ, მისი ზუსტი დასახელება, რადგან ამ ორ მცენარეს სრულიად განსხვავებული მოვლის პირობები ესაჭიროება.
This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 22 Mar 2017, 17:39